გულახდილი საუბრები

რატომ ურჩევნია ზოგიერთ ქალს ქმრის ღალატის დაჯერებას, მის შეცდომებზე თვალის დახუჭვა

№15

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.04, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ძალიან ბევრი ქალია ისეთი, ვინც ქმრის შეცდომებზე თვალს შეგნებულად ხუჭავს. ისინი ქმრის ღირსებად ერთგულებას კი არ მიიჩნევენ, არამედ ოჯახისადმი მზრუნველობას (ქალებში მოსეირნე მამაკაცები, როგორც წესი, კარგი მამები და არცთუ ცუდი მშოვნელები არიან). რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია. რადგან არსებობს ოჯახური ცხოვრების ოქროს კანონი, რომელიც ყველა ქალისთვის ნაცნობია – მამაკაცში ვაფასებთ არა იმდენად მის დადებით მხარეებს, რამდენადაც ნაკლოვანებებს, რომლებთანაც შეგუება შეგვიძლია. ანუ, თუ ღალატს ნაკლოვანებად ჩავთვლით და შევძლებთ, მას შევეგუოთ, ესე იგი, ყველაფერი წესრიგში ყოფილა. თუ ვიღაცას სილაში თავჩაგრული პოზა სიამოვნებს, ვერ დაუშლი.

თინიკო (43 წლის): მე ახლა ქალების მუსუს მამაკაცზე არ ვისაუბრებ, არამედ იმათზე, ვისი მხრიდანაც ღალატი ორგანიზმში მიმდინარე ობიექტურ, ასაკობრივ ფსიქო-ფიზიოლოგიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ის ჩემი ქმარია. რომელიც ძალიან მიყვარს. ის მოღალატე არასდროს ყოფილა. მინდა, მივმართო ჩემს მდგომარეობაში მყოფ ცოლებს – თუ თქვენი ქმარი საშუალო ასაკის კრიზისს მძაფრად განიცდის, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მით უმეტეს, თუ მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება გქონდათ. მომხდარის გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამას ისე მიუდექით, როგორც მის დროებით სიგიჟეს. მიზნად არ დაისახოთ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დასაჯოთ მოღალატე ქმარი. ასეთ სიტუაციაში თქვენი ამოცანაა, ოჯახი შეინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა აჩუქოთ მეტოქეს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია?

– საღი გონებით, ემოციის გარეშე როგორ უნდა მიიღო ქმრის ღალატი?

– მარტივი არ არის. მაგრამ განშორება გაცილებით რთულია. თქვენი „ცხელ გულზე“ მიღებული გადაწყვეტილება სანანებლად რომ არ გაგიხდეთ, უნდა გახსოვდეთ მარტივი რაღაც: ჯერ კარგად გაარკვიეთ ყველაფერი. თუ თქვენი ქმრის გატაცება ორდღიანი, წუთიერი ინტრიგაა, ბრძენ სარდლად უნდა იქცეთ. ბრძოლას იგებენ არა ემოციურობით, არამედ გონივრული და წინდახედული გათვლით. ხომ ასეა?! ბუნებამ ტყუილად კი არ დააჯილდოვა მამაკაცი ძალით, ქალი – ეშმაკობითა და მოხერხებით. არ დაიწყოთ ჭურჭლის მსხვრევა და ყვირილი: „ყველაფერი შემოგწირე!“ ამის ნაცვლად გააანალიზეთ ოჯახური ცხოვრება და გვერდზე გადადეთ ქმრის მიმართ საკუთარი პრეტენზიები (სამართლიანიც კი. დროებით ეს აუცილებელია), ეცადეთ, გაიგოთ, რა აკლდა თქვენგან. პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ატმოსფეროს. ალბათ, მრავალწლიანმა თანაცხოვრებამ და ურთიერთშეჩვევამ გრძნობები მოადუნა და ქმრის მიმართ ისეთი ნაზი და ყურადღებიანი აღარ ხართ ან შეიძლება, ბავშვებითა და სამუშაოთი ძალიან დაკავებული ხართ და ინტიმური ურთიერთობა უკვე თქვენთვის მეორეხარისხოვანია. ქმარს აუცილებლად გაეპრანჭეთ.

– უცნაური რჩევაა...

– შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დარწმუნებული იყავით, რომ ქმარს ჯერ კიდევ უყვარხართ. იცით, ხომ, რომ მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, შეუძლიათ, ერთდროულად ორი ქალი უყვარდეთ, მაგრამ... განსხვავებული სიყვარულით. ცოლი წყნარად, ნაზად, როგორც ცხოვრების თანამგზავრი, მისი შვილების დედა, ოჯახის დიასახლისი და მის კომფორტზე მზრუნველი. საყვარელი – ვნებიანად და აქ მთავარ როლს სექსი ასრულებს. ამიტომ, სწორედ ახლა, ორივესთვის ამ ძნელ პერიოდში, შეეცადეთ ქმართან თქვენს ურთიერთობას ვნებიანი სიყვარულის ელფერი მისცეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენი ქმარი მალე დაიღლება ორ ფრონტზე „ბრძოლით“. საყვარლით, რომელიც ძალიან ბევრს ითხოვს და თავისი პრეტენზიებით უკვე გულს უწვრილებს. იფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოთ ისეთი, რითაც ქმარს აღაფრთოვანებთ.

– ქმარი რომ შეინარჩუნოს, ბევრი ქალი ცდილობს, აეჭვიანოს იგი.

– დიახ. ამასაც აკეთებენ. ლირიკულ ავანტიურაში ებმება ან ამას მის დასანახავად აკეთებს. ეჭვიანობა ძლიერი და ძალიან ეფექტური იარაღია, მაგრამ საჭიროა ზომიერების დაცვა (ძალიან არ გადაამლაშოთ). ჩვენს საზოგადოებაში ღალატთან დაკავშირებული „ორმაგი სტანდარტი“ ჯერ კიდევ მოქმედებს. მამაკაცის თვალში ცოლის ღალატი ასჯერ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე საკუთარი. ამიტომ ეჭვიანობა, როგორც ოჯახური დრამის სამკურნალო წამალი, ჰომეოპათიური დოზებით გამოიყენეთ. მთავარია, მხოლოდ ეჭვი აღძრათ. არ არის საჭირო სერიოზული ურთიერთობა წამოიწყოთ, შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, ეწვიეთ სილამაზის სალონს, გონებამახვილურად გაითამაშეთ მსუბუქი ფლირტი. როცა ნაცნობები კომპლიმენტებს მოგიძღვნიან, არ შეიძლება, ქმარმა ამას ყურადღება არ მიაქციოს. მამაკაცებს ძალიან უყვართ საკუთარი მეორე ნახევრებით თავის მოწონება. ამასთან ერთად, ყოველთვის საწყენია, დაკარგო ის, რაც სხვებს მოსწონთ (ამგვარი ხრიკები ასობითაა, ყოველ ქალს შეუძლია ამ სფეროში სხვას რჩევა მისცეს).

თქვენთვის ყველაზე მიუღებელ სიტუაციაში არ დაგავიწყდეთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება: მამაკაცები ბუნებით კონსერვატორები არიან. ამიტომ ნებისმიერ დანაკარგს ან ცხოვრებაში გლობალურ ცვლილებებს გაცილებით უფრო მტკივნეულად და ძნელად აღიქვამენ, ვიდრე ქალები. თუ მაინც გადაწყვეტენ „სხვა ქალთან“ წასვლას, მიდიან არა ცოლისგან, არამედ მძიმე, გაორებული, აუტანელი სიტუაციისგან, რომელიც სახლში სუფევდა. მართალია, ამგვარი სიტუაციის მიზეზი მამაკაცის ღალატი იყო, მაგრამ „ამინდი სახლში“ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქალზე. მგონი, ღირს ბრძოლა იმისთვის, რაც შენია. რატომ უნდა დაუთმო სხვას ის, რაც ღირებულია შენთვის?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი