გულახდილი საუბრები

რატომ უნდა მამაკაცს ორმოცი წლის შემდეგ სიახლეები და რაში ეძებს ახალგაზრდობის „ელექსირს“

№26

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცის ორგანიზმში, კერძოდ მის ტვინში, რაღაც ხდება. საქმე ისაა, რომ მათ ქალებზე არანაკლებ ეშინიათ სიბერის, თუმცა არ აღიარებენ. სამაგიეროდ, ყველა საშუალებით ცდილობენ, „შეინარჩუნონ“ ახალგაზრდობა. თუნდაც ამისთვის საყვარელი ადამიანის ღალატი გახდეს საჭირო... იქმნიან ილუზიას, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ თავი შეაყვარონ ნებისმიერ ქალს. სინამდვილეში კარგავენ ყველაზე ღირებულს, რაც მათ გააჩნიათ.

ანა (38 წლის): ბევრი წამიკითხავს იმის შესახებ, რომ ორმოც წელს გადაცილებულ მამაკაცს განსაკუთრებულად უნდა ადევნო თვალყური. ამ ასაკში ისინი „ახალგაზრდობის ელექსირს“ დაეძებენ. პირადად მე, ვფიქრობდი, რომ ყველა კაცის ერთ ქვაბში მოხარშვა არ არის მართალი. არ მომწონს სტერეოტიპები. არ მჯერა მათი. ადამიანები ხომ ინდივიდუალური არსებები არიან. როგორ შეიძლება, ყველას ერთი საზომით მიუდგე. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ქმარს ეს არ დაემართებოდა. ჩვენ ხომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი... სამწუხაროდ, სიყვარული ვერაფერი წამალია.

– ანუ, სიყვარული კაცს ღალატისგან ვერ დაიცავს?

– ყველა წესით და ლოგიკით, უნდა დაიცვას, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ასე არ ხდება. მე ისე კარგად არ ვიცნობ მამაკაცის ფსიქოლოგიას, რომ ვთქვა, რა ემართებათ კაცებს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ქმარი მაინც „დაავადდა“ ამ სენით – მე ამას სიბერის შიშს დავარქმევ.

– რამდენი წლისაა თქვენი ქმარი?

– 46. ხომ მასზე უმცროსი ვარ, მაგრამ მაინც ვერ დავაკმაყოფილე მისი ახირება. რა ახირებააო, მკითხავთ – აბა, რა დავარქვა იმას, რომ ატეხილი კატასავითაა. არც მალავს, რომ ერთი ქალი – ანუ მე, მისთვის საკმარისი არ არის.

– გღალატობთ?

– სავარაუდოდ, კი. გადაირია „აქტიურ ცხოვრებაზე“. ვერც წარმოიდგენთ, რა დღეშია. ეტყობა, ჰგონია, რომ თუ ოცდაოთხი წლის ბიჭივით მოიქცევა და ახალგაზრდა გოგოებთან ცერცეტით თავს გაიმასხრებს, აღარ დაბერდება. მეუბნება ხოლმე, ჯერ ჩემი „ჩამოწერა“ ადრეაო. ანუ, კიდევ კარგა ხანს ვიქნები ახალგაზრდაო. ვერ ვიგებ, მარტო მე უნდა დამიმტკიცოს, რომ სუპერსაყვარელია თუ ქალების მთელ არმიას. მე ისევ „ოჰ-ოჰ“ კაცი ვარო, – უხარია და ამაყად აცხადებს, როცა ვეჩხუბები.

– ეჩხუბებით იმიტომ, რომ გღალატობთ?

– ვეჩხუბები იმიტომ, რომ ცუდად იქცევა, ძალიან ცუდად, სამარცხვინოდ. დიდხანს ვერ გავუძლებ და ათი წლის ოჯახს დავანგრევ. თვითონ ამას არ გააკეთებს. ვიცი, სახლიდან არ წავა. კარგად ვიცნობ. კომფორტი უყვარს. ჩემნაირად ვინ მოუვლის და გაანებივრებს?! სახლში სითბო და სიმყუდროვე ხვდება. ალბათ, ფიქრობს, რომ შუახნის ასაკის კრიზისი გაუვლის და ჩემთან მშვიდად იცხოვრებს. თავისი ჭკუით ჭრის და კერავს. რადგან ჯერ სახლიდან არ გამიგდია, ჰგონია, რომ უკვე ვაპატიე.

– კონკრეტული საუბარი არ გქონიათ?

– როგორ არა. არაერთხელ ველაპარაკე. არც მიდასტურებს ღალატს და არც უარყოფს. თუმცა, მითხრა, რა გავაკეთო, არ მინდა, დავბერდე. ახალგაზრდობის „ელექსირს“ – ტაბლეტებს ვეძებო... მგონი, ნორმალური არ არის. კიდევ მითხრა, ჩვენ წრეში ბევრს დაემართა შუახნის კრიზისი. ჩემი მეგობარი მამაკაცები საშინელ დღეში არიან, არ მინდა მათ დავემსგავსო. ნერვიულობენ, განიცდიან, დეპრესიამდე სულ ცოტა უკლიათ. იმიტომ კი არ ვცდილობ შევცვალო ჩემი ცხოვრება, რომ შენ აღარ მიყვარხარ ან შენი მიტოვება მინდა, მოახლოებულ სიბერეს ასე ვებრძვიო. რა გავაკეთო, მითხარით. ფული არ მაქვს, რომ იახტა ან ძვირფასი მანქანა ვუყიდო. იქნებ ცოტა დამშვიდებულიყო. ახლა მისი გასართობი „ნაშებია“. მე კიდევ არ „ვუღრმავდები“, თორემ გული გამისკდება. რატომ, რატომ არიან კაცები ასეთი სულელები და ჩერჩეტები?! რა ჰგონია, რომ მე მშვიდად დაველოდები, სანამ ეგ „ნაშებში“ წანწალით დაიღლება და მომიცუცქდება? არ მინდა.

– სერიოზულად რომ დაელაპარაკოთ?

– რა აზრი აქვს? მაინც თავისას დაამტკიცებს. მაინც არ „გატყდება“ და გამოტყდება. ისევ იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ ეს დროებითია და აუცილებელი, რომ მერე, ისევ ბედნიერად ვიცხოვროთ ერთად. საკმარისია ვთქვა, რომ მისი „ახალგაზრდობის ელექსირი“ სხვა არაფერია, თუ არა ბანალური ღალატი – იაფფასიანი და გულისამრევი, ეგრევე გიჟდება. არასოდეს მიგრძნია ასეთი დაღლა. არაფრის სურვილი არ მაქვს. თითქოს დავცარიელდი და გამოვიფიტე. ზოგჯერ საერთოდ არ მადარდებს, ჩემი ქმარი რას გააკეთებს. ალბათ, რაღაც კულმინაციურ წერტილამდე რომ მივალ, საერთოდ ფეხებზე დავიკიდებ.

ჩემი მეგობრები აღნიშნავენ, რომ ძალიან შევიცვალე. დარდიანი ვარ, მუდმივად გაღიზიანებული... არ ვიცი, ხვალ რა იქნება... შეიძლება გავაგდო სახლიდან. ბრმა და ყრუ არ ვარ, რომ ვერ ვხედავდე, საითკენ მიდის გზა მარადიული სიჭაბუკის საძიებლად. სანამ ეს ჩემი სულელი ქმარი საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ მაგარი „მაჩოა“, საქმე განქორწინებამდე მივა.

– კონკრეტული ფაქტებით ამბობთ ამას?

– კონკრეტული ფაქტები რომ „გამოვქექო“, მაშინ ნამდვილად ვეღარ გადამირჩება. ამიტომ, ჯერ არ ვუღრმავდები, იქნებ ჭკუას მოუხმოს. გონზე მოვიდეს და ამ მარაზმს თავი დაანებოს. იმედს არ ვკარგავ. მთავარია, უცებ საშინელი ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდე და ჩემმა ქმარმა ერთ-ერთი „მარადიული ახალგაზრდობის ტაბლეტი“ ცოლად არ მოიყვანოს ან მასთან არ გაიქცეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

15-21 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული