გულახდილი საუბრები

რატომ უყვარს ზოგიერთ ქალს ქმარი და ვერ შორდება მას, როცა პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებს

№16

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 28.04, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ღალატი ყოველთვის მძიმეა, ძნელად დასავიწყებელი და ძნელად გადასატანი, მით უფრო, როცა ოჯახის ქალი ღალატობს მეუღლეს და აგრძელებს მის გვერდით ცხოვრებას, თავისი „საიდუმლოთი“. რეალურად, პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. ასეთი ქალები უბედურები არიან. უწევთ საკუთარ თავთან ბრძოლა. თრგუნავენ ემოციას, უკმაყოფილებას, იტანჯებიან და სინდისის ქენჯნის განცდით სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან მამაკაცთან, რომელიც არ უყვართ.

მარიკა (47 წლის): მინდა, ჩემი ტკივილის შესახებ გიამბოთ, თუმცა ამის მრცხვენია. ამ ამბავს უახლოეს ადამიანებსაც კი ვუმალავ. მაგრამ ღამით, მარტო დარჩენილს, ეს პრობლემა ხშირად მახსენებს თავს და გულს ძალიან მტკენს. იმედია, მკაცრად არ განმსჯიან თქვენი მკითხველები იმ განვლილი გზის გამო, რასაც თავადაც მწარედ განვიცდი. წლების წინ, ძალიან მიყვარდა ჩემივე თანაკლასელი – ულამაზესი ბიჭი იყო და გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ჩემს დიდ სიყვარულად და ტკივილად იქცა. სწორედ, მის გამო სდევს ჩემს ცხოვრებას სინდისის ქენჯნა.

– ალბათ, ისიც არ იყო გულგრილი თქვენ მიმართ...

– ის ყველას მიმართ თბილი იყო. ყოველთვის მექალთანე გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა, მაინც ვუჯერებდი ან მინდოდა, მისი სიტყვების მერწმუნა და თავი ამ სიმპათიური ბიჭის დედოფლად წამით მაინც წარმომედგინა. იმასაც ვფიქრობდი, რომ მე გამორჩეული ვიყავი და ვუყვარდი, მაგრამ ის, თურმე, ყველას დაგვცინოდა, გარდა ერთისა – ვაღიარებ, მართლაც, არაჩვეულებრივი გოგო იყო. ერთად გავიზარდეთ. კამათი არასდროს მოგვსვლია, მაგრამ მერე ჩვენ შორის „ის“ ჩადგა. როცა გავიგე, რომ ჩემი მეგობარი უყვარდა, ეჭვიანობისგან ლამის გავგიჟდი. ვერაფერი ვუბრძანე გულს. ძალიან მშურდა მისი. მეჯვარეობა მთხოვა. მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე – არა-მეთქი. ამას მართლა ვერ გავაკეთებდი. მეგობრის წინადადება რომ მიმეღო, მაშინ საკუთარი თავისთვის, გრძნობებისთვის უნდა მეღალატა. ძალიან ბევრი ვიდარდე, მაგრამ დრო გავიდა და ისევ შემიყვარდა. გავთხოვდი.

– მეუღლეს მოუყევით ეს ამბავი?

– არა, რა თქმა უნდა. მასაც ვუყვარდი და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა... და წლების შემდეგ, შემთხვევით, იმ ჩემს მეგობარს შევხვდი. უკვე ბედნიერი ქალი ვიყავი. დავიწყებული მქონდა ძველი წყენა და მართლა გულითადად მოვიკითხე. მითხრა, შენი თანაკლასელი ახლაც ისეთივე მექალთანეა, როგორიც ადრე იყო. სიცოცხლე გამიმწარა, მაგრამ მიყვარს და ვერ ვშორდებიო. გამეცინა, მაგრამ ნეტავ, სულ არ მენახა. რაღაც პერიოდის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე თავის ოჯახში დაგვპატიჟა. მიწვევა მივიღეთ და ვესტუმრეთ. ის დავინახე და ძველი გრძნობები ამეშალა. ისეთი მიმზიდველია, როგორც უწინ იყო, უფრო მეტიც, დაკაცებული, კუნთმაგარ, ათლეტურ მამაკაცად ქცეული. ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, თვალსაც ვარიდებდი. ამ ჩემმა სულელმა მეგობარმა ჩემს ქმარს უამბო, წლების წინ გოგონები როგორ ვეხვეოდით მის ქმარს. ამაზე ბევრი იცინეს, მეც ვიცინე, ნაძალადევად და ვითომ ხუმრობაშიც ავყევი. სახლში რომ ვბრუნდებოდით, გზაში საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს კაცი უნდა ამოიგდო გულიდან, ის შენთვის მკვდარია-მეთქი. ვითომ, მტკიცედ გადავწყვიტე, ასე მოქცევა... რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს მობილურზე უცხო ნომრიდან დარეკეს. ვუპასუხე. ის იყო და შეხვედრა მთხოვა.

– ანუ, მაინც არ გყვარებიათ თქვენი ქმარი.

– საქმე ეგ არ არის. ძალიან მიყვარს, მაგრამ ის ძველი ჩარჩენილი გრძნობაც მღრღნის. რა თქმა უნდა, შეხვედრაზე უარი ვუთხარი, შენთან ცალკე სალაპარაკო რა მაქვს-მეთქი? ჩემს ცოლზე მინდა, დაგელაპარაკო, ძალიან ცუდადაა და შემხვდი, შენ გარდა ვერავინ გამიგებსო. არ ვიცი, მეგობარზე დარდმა, თუ მისი ნახვის ცდუნებამ მაიძულა და შეხვედრაზე დავთანხმდი. იმ დღეს მან შეძლო, საკუთარ სიყვარულში დავერწმუნებინე და რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. მერწმუნეთ, ამას ძალიან განვიცდი. ეს მარტო მეგობრის კი არა, საკუთარი თავის, მეუღლის ღალატიც არის. სინდისი ძალიან მქენჯნის, მაგრამ იმ დღეს საკუთარ თავს ვერაფერი მოვუხერხე. არ ვიცი, რამდენიმე საათში რა როგორ მოხდა, მაგრამ თითქოს, ჩემს ნაცვლად სხვა ქალი მოქმედებდა...

– გინდათ, თავი იმართლოთ ?

– არა. მართლა სინდისი მაწუხებს. მერეც ჰქონდა ჩემი ნახვის მცდელობა. საყვარლობა შემომთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. რამდენჯერმე სახლთანაც დამხვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარით გავისტუმრე, ჩემთან მოახლოებაც ავუკრძალე. იმ დღის შემდეგ ჩემში რაღაც მოკვდა, თითქოს საკუთარი თავი მეზიზღება. არ ვიცი, ქმარს თვალებში როგორ შევხედო. უნებურად, ვწითლდები. მეკითხება: რა დაგემართა, რა ყველაფერზე წითლდები, კლიმაქსი ხომ არ დაგეწყოო? ჩემი მეგობარიც ხშირად მირეკავს, შეხვედრას მთხოვს, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცას ვიმიზეზებ. მე და ჩემს ქმარს შვილი არ გვეყოლა. არც ბავშვის აყვანას ვაპირებთ, რადგან ეს ჩემს მეუღლეს არ სურს. დისშვილი ჰყავს და ამბობს, ის გაგვიწევს შვილის მაგივრობასო. ასე მგონია, აღსარებას ვამბობ და ამის შემდეგ უფრო მსუბუქად ვიგრძნობ თავს. მერწმუნეთ, ადვილი არ არის საყვარელი ადამიანის კლანჭებიდან დაძრომა. ზოგჯერ ხდება ისე, გონება გულს არ ემორჩილება და გული – გონებას, ასეთ დროს კი შენში რაღაც ისეთი ხდება, რომ საკუთარ ქმედებას ვერ აცნობიერებ. მერწმუნეთ, რომ არ მტკიოდეს, ამას არასდროს მოგიყვებოდით. პირიქით, მე ამ საიდუმლოთი ვიარსებებდი, ბოლოს და ბოლოს ახდენილი ოცნებით სულს დავიმშვიდებდი, მაგრამ ამ ახდენილმა ოცნებამ, პირიქით, საკუთარი თავიც შემაზიზღა და მთელი საკაცეთიც. კიდევ ერთხელ დამაკარგვინა მეგობარი, რომელიც ახლა კიდევ უფრო მიყვარს. მრცხვენია მისი. ხანდახან მინდა, სიმართლე ვუთხრა, მაგრამ ამის გაგებით ხომ გულს ვატკენ და აქამდე მოყვანილ ოჯახს დავუნგრევ,

– აქვს კი ოჯახი?

– არ ვიცი. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. მე არ მინდა, მისთვის უბედურების მომტან, საბედისწერო ადამიანად ვიქცე. ისედაც ძალიან ბევრი დავუშავე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი