გულახდილი საუბრები

რატომ უკავშირებს ზოგიერთი ქალი საკუთარ უიღბლობას „ჯადოს“

№44

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და განსხვავებულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ადამიანებს კი ჰგონიათ, რომ ყველაფერს სიყვარული მართავს, მაგრამ ზოგჯერ ისინი გრძნობას არქმევენ იმას, რასაც სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. არ შეიძლება იძულებით ერთად ყოფნა. ჰარმონიული ვერ იქნება წყვილის თანაცხოვრება, თუკი კავშირს არაფერი ამაგრებს. აჯობებს, ქალმაც და მამაკაცმაც რეალობას თვალი გაუსწოროს და დაშორების ნამდვილი მიზეზები გააცნობიეროს.

ნანუკა (46 წლის): ნამდვილად არ მჯეროდა ჯადო-თილისმების, თუმცა, ცხოვრებამ ფაქტის წინაშე დამაყენა. მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს.

– საუბარია „მესამეზე“? კლასიკურ სასიყვარულო სამკუთხედთან გვაქვს საქმე?

– რომელი სიყვარული, რას ამბობთ? ისეთი სამარცხვინო ამბავია, ამაღლებულ და რომანტიკულ გრძნობასთან საერთო არაფერი აქვს. კარგ, ლამაზ ქალს ოჯახი თუ დაენგრეოდა, მისი ახლობლები სხვასთან გაქცეულ ქმარზე იტყოდნენ ხოლმე, ნეტავ რა აჭამა იმ ოხერმაო. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – დიახ, „იმ ოხერმა“ ქმარი წამართვა.

– რას ნიშნავს „აჭამა“? რა უნდა აჭამო კაცს, რომ ოჯახი მიატოვებინო?

– ვხედავ, რომ გეღიმებათ და არ გჯერათ. არც მე მჯეროდა ჯადო-თილისმების, თუმცა, ცხოვრებამ ფაქტის წინაშე დამაყენა. ღმერთო, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავზე ხდება! ოჯახში დამლაგებლის სახელით შემოსულმა ქალმა ჩემს ქმარს გონება დაუბინდა და ოჯახი დანგრევის პირას მიიყვანა. სამსახურში იმდენად მოუცლელი ვარ, რომ დრო შვილების მოსაფერებლად და მოსავლელად ძლივს მრჩება. ჩემი ქმარიც ძალიან დაკავებულია, მაგრამ რადგან საკუთარი ბიზნესი აქვს და თვითონ არის კომპანიის უფროსი, თავს უფლებას აძლევს, რომ სახლში ჩემზე მეტი დრო გაატაროს. ფაქიზი, წესრიგის მოყვარული კაცია და ერთ დღეს შემომთავაზა, არ მინდა, ასეთ გაწამაწიაში იყო და სახლ-კარის მისახედად სჯობს, დამხმარე ავიყვანოთო. გამიხარდა.

– როგორც ხშირად ხდება, ალბათ, თქვენც ახლობლების რეკომენდაციას ენდეთ.

– თავდაპირველად გაზეთებსა და ინტერნეტში დავიწყე სასურველი კანდიდატურის ძებნა. რამდენიმე მოვიდა, მაგრამ თითქოს რაღაც ჩამძახოდა – უცნობი სახლში როგორ უნდა შემოუშვაო... ისევ ახლობლებში ვიკითხე. მალე ერთმა ახლობელმა დამირეკა: გერმანიაში ნამუშევარი გოგოა, დამლაგებელიც იყო, ძიძაც. ხომ იცი, ევროპული გამოცდილება ყველაფერში კარგია და შენთანაც ივარგებსო. რამდენჯერმე თვითონ ჰყოლია სახლის დასალაგებლად მიყვანილი და კმაყოფილი იყო. დავიბარე ეს გოგო. ერთი, რაც არ მომეწონა – ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ ვენდე ახლობლის რეკომენდაციას. თავიც ღირსეულად ეჭირა.

– ეჭვიანობამ თავიდანვე ხომ არ დაგრიათ ხელი?

– მსგავსი არაფერი გამივლია გულში, მაგრამ დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ არ მომეწონა ის, რომ დილით ჩემს წასვლამდე მოვიდა, მე, ჩვეულებრივ, ოფიციალურად მომესალმა, ჩემი ქმარი კი შინაურულად მოიკითხა. ისიც უჩვეულოდ ლაღად, მეგობრულად შეხვდა. სანამ სახლიდან გავიდოდი, მესმოდა, როგორ ეკითხებოდა ეს ქალბატონი, დღეს რომელი პერანგი გაგიმზადო, საღამოს რა დაგახვედრო, რას შეჭამო. იმ ქალის საქმე არ იყო არც ჩემი ქმრის პერანგების შერჩევა და არც სადილ-ვახშმის მომზადება.

– ქმარს როდის შეატყვეთ თქვენ მიმართ გულგრილობა?

– ძალიან მალე უკვე ყველაფერი თვალში, ყურსა და გულში საცემი იყო... მიხვდა ის ვერაგი გოგო, რომ გავაგდებდი და დამასწრო – ბავშვის მომვლელად შემომთავაზეს მუშაობა, უკეთესი პირობებია და იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, რომ წავიდეო. ვიფიქრე, რადგან თავისით მიდის, ჯანდაბას-მეთქი, აღარაფერი ვთქვი.

– თქვენი ქმარი როგორ იქცეოდა ამ დროს?

– საშინლად გაცეცხლდა, რატომ გააგდეო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. გავიგე, რომ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენი შვილები ჩაერივნენ საქმეში – სერიოზული როლი ითამაშეს და ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ჩემთანაა, მაგრამ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე ეჭვიანობა დავიწყე, რაც ბოლოს მიღებს. არადა, მინდა, ოჯახი შევინარჩუნო.

არ დამიჯერებთ, მაგრამ იმის წასვლის შემდეგ ერთი ძალიან საყვარელი ქალი მოვიყვანეთ. ახლაც ჩვენთან მუშაობს. სახლის დალაგებისას ლოგინიდან, კარადებიდან თმის, თივის, ფოთლების პატარა შეკვრები და უცნაურად ნაწერი ქაღალდები გამოიღო. უზომოდ შემეშინდა. ვთქვი, დავწვათ-მეთქი. ის ქალი ეკლესიურად ცხოვრობს და მითხრა, ეკლესია გირჩევს, რომ დიდ წყალს გაატანოო. ერთად წავედით და მტკვარში გადავყარე ყველაფერი. მერე თავიდან გადმოვატრიალეთ მთელი სახლი, თუ სადმე რამე საეჭვო კვალი ვნახეთ, ყველაფერი ჯერ ვხეხეთ და ვრეცხეთ, მერე ნაკურთხი წყალი მოვასხით… მეშინია, ჭკუიდან არ შევიშალო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა