რატომ უჭირთ მამაკაცებს ზოგიერთი ქალის გაგება და როგორ რჩებიან ოჯახის გარეშე
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.08, 2024 წელი
როცა ცოლიან მამაკაცს ურთიერთობა აქვს სხვა ქალთან, ყველას ჰგონია, რომ მას ოჯახის დანგრევა უნდა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მამაკაცების უმრავლესობას უნდა, რომ საყვარელი ოჯახის პარალელურად ჰყავდეს და სულაც არ ფიქრობენ ცოლთან დაშორებას, თუ შეურაცხყოფილი ცოლი მას თავად არ გამოაგდებს სახლიდან. მაგრამ, გამონაკლისებიც არსებობენ – „პატიოსანი“ კაცები, რომელთაც თამაში არ შეუძლიათ. ცდილობენ, დაასრულონ ურთიერთობა ერთ ქალთან და ისე გააგრძელონ მეორესთან. თუმცა ყველა საყვარელს არ უნდა, შეიცვალოს სტატუსი და გახდეს ცოლი.
დიტო (43 წლის): ჩემი უცნაური თავგადასავალი უნდა მოგიყვეთ. უწესო კაცი არ ვარ და როცა ჩემს ცხოვრებაში „სხვა“ ქალი გამოჩნდა, გადავწყვიტე, ცოლს დავშორებოდი და მასთან ერთად მეცხოვრა.
– ცოლი აღარ გიყვარდათ და ახალ სიყვარულთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტეთ? რა დრო დაგჭირდათ ამისთვის. ანუ, რომ ხვდებოდით, პარალელურად, ცოლიც გყავდათ?
– თავიდან ასე იყო და ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენოდა. ცოლს, საერთოდ, თვალებში ვერ ვუყურებდი. ვიცი, ვიღაცები ახერხებენ ორ ოჯახად ცხოვრებას. ცოლიც ჰყავთ, საყვარელიც და კიდევ „ნაშაც“. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. საიდუმლოებებსა და ინტრიგებში დიდხანს ვერ გავძლებ. კინაღამ გავგიჟდი და ვუთხარი ჩემს საყვარელს: ცოლს ყველაფერს ვეტყვი, წამოვალ და ერთად ვიყოთ-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არ მინდა ოჯახური ცხოვრება და რაც გაქვს, ის შეინარჩუნე, ასე მეც არ დამკარგოო...
– და ყველაფერი ისევ ისე დატოვეთ.
– სხვა რა გზა მაქვს. ცოლს ვუფრთხილდები. მუდმივად თავში მიტრიალებს მისი შეგონება, რომ ოჯახი არ უნდა დავანგრიო. დავაპირე, საყვარელთან ურთიერთობა შემეწყვიტა, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება, ხოლმე და თავგზას მირევს. ვერ გავიგე, რა უნდა ამ ქალს? მტანჯავს და ეს სიამოვნებას ანიჭებს თუ კაცი მუდმივად არ სჭირდება?! მე ვერაფერი გავიგე და მათი შეუცნობელი ბუნების გამო ხშირად სასოწარკვეთა მიპყრობს. ამას ვამბობ მე, კაცი, რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, მაგრამ თავდავიწყებით უყვარს სხვა ქალი და მასთან ერთად ისე ნიღბავს ამ ურთიერთობას, რომ დღემდე ეჭვიც არავის გასჩენია.
– თუმცა, ამტკიცებთ, რომ მექალთანე არ ხართ.
– მექალთანე მართლა არ ვარ. თანაც, ისეთ ასაკში დავქორწინდი, ზუსტად რომ მქონდა გააზრებული ოჯახის მნიშვნელობა და ცოლის მიმართ ჩემი ვალდებულებები. მეტიც, მიყვარდა ის ქალი, ვინც ცოლად შევირთე, მიზიდავდა და სხვა არავინ მინდოდა. ასე იყო, დაახლოებით, ექვსი წელი და რომ არ გამოჩენილიყო ის მეორე, ცოლის ღალატის სურვილი არასდროს გამიჩნდებოდა.
– იმ მეორესთან ურთიერთობისკენ რამ გიბიძგათ?
– არ ვიცი. ერთ საქმიან შეხვედრაზე გავიცანი. რამდენიმე პროექტზე ერთად მოგვიწია მუშაობა. ერთი ორჯერ მასთან მისვლაც დამჭირდა, რომ რაღაც პროექტები დაგვესრულებინა. ოფიციალური შეხვედრებისას მკაცრი, უკარება, საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შინ კი სულ სხვა ადამიანი დამხვდა: თბილი, ნაზი, ქალური. ძალიან დამაბნია მისმა გარდასახვამ. მიხვდა. უცნაური ადამიანია – თითქოს შიგნით გხედავს, შენს გულისნადებს კითხულობს... ისეთი საინტერესოა, ძნელია, კაცს მასთან სიახლოვის სურვილი არ გაუჩნდეს. მასთან შეგიძლია, იმსჯელო ყველა თემაზე, გააანალიზო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ამავე დროს, იყოს ისეთი ალერსიანი, რომ თავი დაგავიწყოს. მოკლედ, ქალი კი არა, საოცრებაა. თან, ძალიან თავისუფალი და ლაღია, არც შენ გზღუდავს.
– თქვენი ცოლი არ არის ლაღი?
– ჩემი ცოლი შესანიშნავი ადამიანია. განათლებული და ძალიან გონიერი, მაგრამ ეს ქალი სულ სხვა სიმაღლეზე დგას. თან, ძალიან ბევრი რამ ვერ ამოვხსენი მის ხასიათში, ქცევაში და ამიტომაც მის მიმართ ყოველდღე მიმძაფრდება ინტერესი. მას არ სურს ოჯახის შექმნა. მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ სრულიად აკმაყოფილებს ჩვენი ფარული ურთიერთობა და მეტი არ სურს. წარმოგიდგენიათ? ქალი, რომელსაც ვუყვარვარ, მეუბნება, ცოლს გაუფრთხილდი, მას არ უნდა უღალატოო და ამ დროს თვითონ ჩემს მკლავებს ვერ სწყდება. ჩემი ფიქრებიც სულ მას დასტრიალებს. იცის, ასე რომ მიყვარს, მაგრამ მაინც მუდმივად მაფრთხილებს, ცოლს გული არ ატკინოო.
– ცოლი ვერ ხვდება, რომ თქვენ შორის ვიღაც დგას?
– ალბათ, ვერა, თორემ ხომ შეეტყობოდა? ან როგორ უნდა მიხვდეს? ცოლს მართლა ვუფრთხილდები, ვიცი, რომ ოჯახი არ უნდა დავანგრიო.
– ხომ შეიძლება, ცოლმა გაიგოს, არ გაპატიოთ, გაგშორდეთ და იმანაც არ ისურვოს თქვენთან ერთად ცხოვრება? ამის არ გეშინიათ?
– მაგაზე მეც ბევრს ვფიქრობ და რომ მეშინია, იმიტომაც ვუფრთხილდები ცოლს. ის არ თამაშობს. ყველაფერს გულახდილად მეუბნება და არ დაუმალავს, რომ ერთ დღესაც აღარ იქნება ჩემს ცხოვრებაში. მას მართლა არ შეუძლია, მუდმივად იყოს ჩემ გვერდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რატომ. ეს კითხვა მუდმივად არ მასვენებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
23:00 20.12, 2024 წელი
23:00 13.12, 2024 წელი
23:00 29.11, 2024 წელი
23:00 22.11, 2024 წელი