გულახდილი საუბრები

რატომ უჭირს მართებული გადაწყვეტილების მიღება ქალს, რომელსაც კაცი ღალატობს

№19

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.05, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ამბობენ, თუ მამაკაცს წასვლა გადაწყვეტილი აქვს, მის დაკავებას ნუ შეეცდებით, თქვენ ვეღარ აღადგენთ ურთიერთობასო. მართალია, გამუდმებით გვესმის და სადღაც გულის სიღრმეში ვაღიარებთ კიდეც, რომ მამაკაცები პოლიგამიური არსებები არიან, მაგრამ მაინც არასდროს ვართ მზად შევეგუოთ მათ ღალატს. ეს მოვლენა ყოველთვის ისეთი ეჭვებით, განმარტებებითა და თავის მართლებით არის სავსე, რომ სწრაფი და მართებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელია. მაშ, რა ვქნათ, თუ კაცმა გვიღალატა ან გვღალატობს? როგორც წესი, ამ დროს ორივე დამნაშავეა. თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ართულებს ის, რომ ქალი დასაწყისშივე განსაზღვრავს როლებს: „შენ დამნაშავე ხარ, მე – არა“, „შენ ბოროტმოქმედი ხარ, მე – მსხვერპლი”...

ნატა (39 წლის): როგორც კვამლი არ არსებობს უცეცხლოდ, ისევე არ არსებობს მამაკაცის ღალატი ქალის ბრალეულობის გარეშე. რთულია ამის მიღება და აღიარება. ვერ იპოვით ქალს, რომელიც იტყვის, ქმარმა რომ მიღალატა ჩემი ბრალიც იყოო. მეც ასე ვამბობდი და თავს ვიწვალებდი. ძალიან ცუდად ვიყავი და ფსიქოლოგთან მივედი. მერე დავფიქრდი, გავაანალიზე და აი, იქ ამეხილა თვალები.

– ახალი რა გაიგეთ ღალატზე?

– მაგალითად, ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღალატი „გარემოებათა დამთხვევის” შედეგია, ის მაინც არის თქვენს ოჯახში ფსიქოლოგიური და სექსუალური ჰარმონიის რღვევის მანიშნებელი.

– ამბობენ, რომ ოჯახში ამაზე პასუხს აგებს ქალი, რადგან ოჯახი და სახლი მისი მოვალეობების სფეროა.

– დიახ. ასეა. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მერე აუცილებელია, დავფიქრდეთ, რატომ მივედით აქამდე და რა გვინდა – პატიებას ვაპირებთ თუ მისი ჩვენი ცხოვრებიდან მოკვეთას. თუ მომხდარში მხოლოდ მეუღლეს ადანაშაულებ და დარწმუნებული ხარ, რომ იმ ნაძირალამ გაგწირა, ამ პოზიციიდან პატიება არასდროს გამოვა, ხოლო უპატიებლობა მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთად დაგაწვებათ, იმიტომ, რომ კატეგორიები: შავ-თეთრი, ცუდი-კარგი არ არსებობს და ქვეცნობიერად ყველა ქალს ესმის, რომ ღალატში გარკვეული წილი მასაც მიუძღვის. ფსიქოლოგმა ამიხსნა, რომ მამაკაცი, ქალისგან განსხვავებით, მიდრეკილი არ არის ურთიერთობების ღრმა ანალიზისკენ და თუ რაღაც რიგზე ვერ არის, ის თავისი მდგომარეობის გამოსწორების მარტივი საშუალების ძებნას დაიწყებს. ეს უბრალო საშუალება კი ხშირად სხვა ქალია.

– არის კი პატიება გამოსავალი? ამის შემდეგ ოჯახი იქნება მყარი?

– გააჩნია პატიებას. ცრუ პატიებას შედეგად ის მოსდევს, რომ აღდგენილი ოჯახური ცხოვრება, უსაძირკვლო შენობის მსგავსად, სიოს შემობერვაზეც ნგრევას იწყებს. ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ – მზად ხართ, ქმარს ღალატი აპატიოთ ისე, რომ ეს აღარასდროს გაიხსენოთ?

– ალბათ წარმოუდგენელია, ქმრის ღალატი არ გაგახსენდეს და ყველაზე ცხარე კამათის დროსაც აღარ გაიხსენო წინანდელი ამბები.

– დიახ, ურთულესი და უმძიმესია. მაგრამ სასწორზე უნდა დადო, რა არის შენთვის უკეთესი – მარტო დარჩენა თუ ისევ იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გიყვარს. უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: მზად ხარ, კვლავ გამოუცხადო ნდობა ქმარს? არასდროს შეუმოწმოთ ტელეფონი და ფოსტა? აღარ მიაყურადო, ვის ელაპარაკება ასე გაღიმებული?..

– ეს შესაძლებელია?

– არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ღალატი კვლავ განმეორდება და რომ ამჯერად შესაძლოა, თავად უღალატოთ ან ურთიერთობა სხვა მხრივ გაუარესდეს. ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ საძირკველზე თანაცხოვრება შეუძლებელი გახდება. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და არც ეს ღალატი მომხდარა შემთხვევით. ისიც გაიხსენეთ, რომ სწორედ ეს მამაკაცი თვეების განმავლობაში ცდილობდა თქვენი გულის მოგებას. უკან დაგდევდათ და თქვენც ეპრანჭებოდით. ბედნიერი იყავით, როცა მას ხედავდით და მეორე შეხვედრამდე დრო უსასრულოდ გრძელი გეჩვენებოდათ. მერე მისი ოფიციალური ცოლი გახდით და ორივე მოდუნდით. შენ უფრო მოდუნდი – აღარ ეპრანჭებოდი, გულაფანცქალებული აღარ ელოდი მის მოსვლას, აღარ სეირნობდით ხელჩაკიდებული, აღარ იცინოდი მის ხუმრობებზე, აღარ საუბრობდით ერთმანეთთან... მოკლედ, ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ. ბოლოს კი, სანამ თქვენ დაქალებთან იოხებდით გულს მასზე საყვედურებით, ადგა და სხვა ქალი მოძებნა, არ იფიქროთ სხვა ქალებს ვეუბნებოდე ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები. არ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ მსხვერპლი ხარ. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. გააცნობიერეთ და გააანალიზეთ მომხდარი. დაინახეთ საკუთარი ბრალიც და მხოლოდ ამის მერე აპატიეთ. რა თქმა უნდა, თუკი მასაც გულით უნდა ეს პატიება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი