გულახდილი საუბრები

რატომ ტოვებს საყვარელ კაცს ქალი და როგორი უნდა იყოს მათ შორის ჯანსაღი ურთიერთობა

№45

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 15.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალი და მამაკაცი რომ ორი განსხვავებული არსებაა, ამაზე დროა, შევთანხმდეთ. როგორც ფიზიოლოგიურად, ისე ანატომიურად ისინი სხვადასხვანაირად არიან მოწყობილი. ტოლობის ნიშნის დასმა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა და ჩიხში შემყვანი პოზიცია. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ სწორედ ეს იწვევს მათ ურთიერთობაში პრობლემებს, ცდებით. მთავარი არასწორად დასმული პრიორიტეტებია – როცა არ იცი, რა გინდა. როცა ვერ ჩამოყალიბდი, ვინ გინდა, გვერდით გყავდეს. რადგან იდეალური კავშირი მხოლოდ წყვილის ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა.

ვახო (37 წლის): მეგობრები ხშირად ვკამათობთ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და ბოლოს ვასკვნით: შესაძლოა, დედამიწაზე ყველა პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ ქალსა და მამაკაცს შორის გაუგებრობა ყოველთვის იქნება. მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი 44 წლის არის, მაგრამ თავი ხანდაზმული და დიდად გამოცდილი კაცი ჰგონია, განსაკუთრებით ქალებთან ურთიერთობაში. ამბობს, ქალების 99 პროცენტი მატყუარაა და კაცი არ უნდა ენდოსო.

– ნამდვილად ღიმილის მომგვრელი ლოგიკაა.

– მაშინ მითხარით, რატომ მტოვებენ ქალები. მათ ყოველთვის თან ვყვებოდი, მაგრამ თავში უვარდებოდათ, ამიტომაც ვშორდებოდი. ერთხელ მშვენიერი გოგონა გავიცანი. ვიფიქრე, ამისთვის ღირს ცხოვრება-მეთქი. არაფერს ვიშურებდი, მაგრამ მანაც, სხვებივით, თავზე დაჯდომა მომინდომა.

– იქნებ თქვენ ცდებოდით, ისეთ ქალებს ანებივრებდით, რომლებიც ამას არ იმსახურებნდნენ.

– როგორ შეიძლება, ყურადღებითა და სიყვარულით დაიღალო, არ მოგწონდეს, როდესაც კაცი განსაკუთრებულ საჩუქრებს გიძღვნის. გეფერება და გაგრძნობინებს, რომ მისთვის განსაკუთრებული ხარ.

– არ გიკითხავთ, რა არ მოსწონდა?

– როდესაც საჩუქრებს მიბრუნებდა და მეუბნებოდა, უნდა დავშორდეთო, ცხადია, მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, დავიღალეო, მეტი არაფერი. მისი გული ვერაფრით მოვინადირე და მეგობართან დავიწუწუნე, – ეს გოგო თავს მომაკვლევინებს-მეთქი. იმან მირჩია, ყურადღება არ მიაქციო და თვითონ გამოგეკიდებაო. მაშინ ვიფიქრე, იქნებ უზომო ყურადღებით მართლაც ვღლი-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ორი თვის შემდეგ სხვას გაეკიდა – უქონელს, უბინაოს, უსამსახუროს.

– ამიტომაც ფიქრობთ, რომ ის გოგო ცუდია?

– არა. ვფიქრობ, მე ვარ სულელი, იმ გოგოს იმ არარაობისკენ გზა რომ გავუხსენი. ერთ დღეს ქუჩაში შემხვდა, ხელში მძიმე ჩანთებაკიდებული. ჩემი ცოლი რომ გამხდარიყავი, ასე ხომ არ იწანწალებდი ქუჩა-ქუჩა-მეთქი. იმიტომაც არ გავხდი შენი ცოლი, რომ ფიქრობ, ოჯახისთვის გარჯა დამამცირებელიაო. თუმცა, მგონია, რომ ასე იმართლა თავი, თორემ დარწმუნებული ვარ, ახლა ძალიან კარგად ხვდება, რაშიც გაყო თავი...

– ერთ დღეს კი გამოჩნდება ისეთიც, ვინც თქვენს შესაძლებლობებს შეაფასებს და მიხვდება, რომ თქვენი ცოლობა ბედნიერებას მოუტანს.

– იმედი მაქვს. მე თითქმის არაფერს ვითხოვ ქალისგან, გარდა იმისა, რომ იყოს ლამაზი, მშვიდი და შეძლოს ქმრისთვის მყუდრო გარემოს შექმნა. მთრგუნავს იმის გაფიქრება, რომ სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო დავცილდით და ყველაფერი თავზე დამენგრა. ვერ მივაგენი მექანიზმს, რომლის საშუალებით შემიძლია, გავარკვიო, რა სურთ ქალებს. ახლა მისი „ფეისბუქფრენდი“ ვარ, როგორც მისი ვირტუალური დაქალი. უკვე ბევრი რამ მითხრა ყოფილი შეყვარებულის, ანუ ჩემ შესახებ, გამიმხილა, რითი იყო უკმაყოფილო, საერთოდ, რას ითხოვს ცხოვრებისგან და დავასკვენი, რომ ჭირვეული გოგო მყავდა არჩეული. მითხრა: ვერ ვიტანდი, შეყვარებულს სულ საქმე რომ ჰქონდა. ჩემთვის იშვიიათად ეცალაო. ამის გაგებამ გული მატკინა. მე მართლა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ არაფერი მოჰკლებოდა. რასაც ინატრებდა, მეყიდა. მეტარებინა კარგ კაფეებში... ეჰ, რა ვიცი… აბა, უსაქმური ვჭირდებოდი?

– არ შეეცადეთ, როგორც „დაქალს“, შეგეპარებინათ, რომ ცდებოდა?

– ცხადია. მაგრამ ნერვები მეშლება, როდესაც ასეთ სიტყვებს მწერს: „მაკ, შენ რა სხვანაირად დამანახვე ის დებილი ბიჭი (ანუ მე). მომენატრა, ხომ არ დავურეკო?

– ახლა რა ეტაპზე ხართ, ანუ გყავთ ვინმე, ვინც მოგწონთ?

– მას ახლა ისე კარგად ვიცნობ, როგორც არასდროს. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე და მეშინია, სხვასთან ურთიერთობის. ფრთხილი და მშიშარა გავხდი. ვიცი, ასეც არ შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან შებოჭილი და დაკომპლექსებული ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა