გულახდილი საუბრები

რატომ თხოვდებიან ქალები უფრო მარტივად მეორედ და მესამედ

№51

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 31.12, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ოჯახის შექმნის მიზნით პაემნების დაფინანსება დაიწყოს. როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში ქალებს გათხოვება, მამაკაცებს კი ცოლის მოყვანა იმდენად უჭირთ, რომ ქორწინების სტატისტიკაზე ზრუნვა ქვეყნის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად მიიჩნიეს. არის თუ არა პრობლემა გათხოვება და ცოლის მოყვანა საქართველოში? გაცნობის რა მეთოდებია დღეს ყველაზე პოპულარული? შესაძლოა, ჩვენ ჯერ ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და მას საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზებიც აქვს. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის პოვნა და სრულფასოვანი კომუნიკაცია.

თაკო (35 წლის): სულ მიკვირდა, როგორ თხოვდებოდნენ ერთი და იგივე ქალები მეორედ, მესამედ, მეოთხედ... ვფიქრობდი, ერთხელ თუ გადავწყვიტე და გავთხოვდი, მერე თუ არ გამიმართლა და გავშორდი, კაცისკენ როგორ გავიხედავ-მეთქი. როცა შეხვდები ადამიანს, მთლიანად შენიანი გგონია და იმედს გაგიცრუებს, კიდევ როგორ უნდა გარისკო და ხელახლა სცადო ბედი-მეთქი.

– ანუ, გათხოვება პრობლემაა?

– გათხოვება ადრეც პრობლემა იყო და ახლაც ასეა. ზოგი ოთხჯერ თხოვდება, ზოგი ერთხელაც ვერ ახერხებს. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სუბიექტური მიზეზებიდან მომდინარეობს, რომელთა უმრავლესობაც, ძირითადად, მამაკაცებთან არის დაკავშირებული.

– იმის თქმა გინდთ, რომ მამაკაცები იკავებენ თავს სერიოზული ურთიერთობისგან?

– მამაკაცები, შეიძლება ითქვას, „დაშინდნენ“ და ფრთხილები გახდნენ ქალებთან ურთიერთობაში. მეტსაც გეტყვით, ცხოვრების დაძაბული რეჟიმისა და მუდმივი სტრესების გამო მამაკაცებს საწინააღმდეგო სქესის მიმართ ლტოლვა შეუმცირდათ, ისინი აღარ ცდილობენ, მოაწონონ ქალს თავი, თითქოს „დაბეჩავდნენ“. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როცა მამაკაცს არ აქვს მატერიალური საშუალება, ქალს შეხვდეს, დაპატიჟოს სადმე, გაუკეთოს საჩუქარი, ეს მისთვის იმდენად დიდი პრობლემაა, ურჩევნია, ცხოვრების აწყობილი რეჟიმი არ შეცვალოს და თავისი ჩვეული, მარტოხელა კაცის ცხოვრება განაგრძოს. ასეთმა მამაკაცმა საერთოდ არ იცის ქალთან ურთიერთობა და მერე, უკვე ოჯახში პრეტენზიებს ცოლის მხრიდან ვეღარ იტანს. იმიტომ, რომ იმას სთხოვენ, რაც არ იცის. ქალისა და კაცის ურთიერთობის ყველა ასპექტი მაინც პრაქტიკულ გამოცდილებაზე გადის. ამიტომ თხოვდებიან უფრო ადვილად ერთხელ უკვე გათხოვილები და შეიძლება, მეორედ და მესამედაც კი. მათ უკვე იციან, კაცისგან რა მოითხოვონ.

– საინტერესო მოსაზრებაა. ალბათ, ქალის როლის გააქტიურებაც თრგუნავს მამაკაცის სურვილს, დაოჯახდეს.

– ადამიანებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ გარდა სიყვარულისა და ემოციებისა, ოჯახური ჰარმონია მოიცავს ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და მოვალეობების თანასწორობას, მათ შორის, ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფისა და შვილების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ზოგი ქალი გათხოვების შემდეგ მთლიანად დამოკიდებული ხდება ქმარზე და მისი უფლება-მოვალეობები საოჯახო-საშინაო საქმეებით შემოიფარგლება. მე ვფიქრობ, ქალის სურვილი – ქმრის სახით მოიპოვოს „მარჩენალი“, შეცდომაა. ბევრ ქალს ურჩევნია, მეტი დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და თვითონ მართოს თავიანთი ოჯახური ურთიერთობებიც და ოჯახური მდგომარეობაც.

– ეს სწორია?

– რატომაც არა. პირველი ნეგატიური გამოცდილების შემდეგ ქალბატონები ამიტომაც აღარ ჩქარობენ განმეორებით დაქორწინებას და არაოფიციალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ჰყავდეს ცოლი ან ქმარი, ეს სხვა თემაა, მაგრამ როდესაც არსებობს სურვილი და ვერ ხდება მისი რეალიზება, ეს ბევრისთვის დიდი პრობლემაა. მერე საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს ნაკლია. ქალი კი, რაც უფრო მეტად ფიქრობს, რომ მისთვის გაუთხოვრობა არის ნაკლი და პრობლემა, მით უფრო ბევრს ფიქრობს და კიდევ მეტად უჭირს გათხოვება. ადამიანებმა ნატურალური ურთიერთობები დაივიწყეს, ოჯახებშიც კი ასეა – საღამოობით შვილები ცალკე არიან თავჩარგული სმარტფონებში, ცოლ-ქმარი – ცალკე. მართლა ვიცნობ ქალებს, რომლებიც ახერხებენ სამჯერ-ოთხჯერ გათხოვდნენ და ეს მარტივად გამოსდით. მგონი, ვიცი, როგორ – ქალი მამაკაცისთვის, პირველ რიგში, ქალური და საინტერესო უნდა იყოს. თუ ქალს თავის თავი სწყინდება სარკეში, ის მამაკაცს ვერ დააინტერესებს. მამაკაცი იხიბლება იმით, როდესაც ქალს შეუძლია, მას ისეთი რამ გააკეთებინოს, რაც მას ეგონა, რომ არ შეეძლო. ასეთი ქალი ხდება ძვირფასი. რამდენჯერმე გათხოვილმა ქალმა ეს ძალიან კარგად იცის, ლამაზად „კაპრიზობს“ მამაკაცთან წარსული გამოცდილებით, ამიტომ მას, იმათგან განსხვავებით, რომელიც ერთხელაც ვერ თხოვდება, არ უჭირს სამჯერ და ოთხჯერ გათხოვება. მამაკაციც ასეთ ქალზე უფრო აკეთებს არჩევანს, ვიდრე გამოუცდელზე, რომელმაც არ იცის, როდის დათმოს და როდის შეუტიოს კაცს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი