გულახდილი საუბრები

რატომ მომრავლდა უსიყვარულოდ ქორწინებები და როდის ხვდება წყვილი, რომ შეყვარება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიყვარულის შენარჩუნება

№51

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 30.12, 2022 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

უსიყვარულო ქორწინებათა რიცხვის მომრავლება, ალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს. ქორწინება ადამიანებს შორის არსებულ უფაქიზეს დამოკიდებულებათა ერთობლიობაა, ბევრი კი ისე ქორწინდება, რომ ამისთვის, პრაქტიკულად, მოუმზადებელია. მაშინ, როცა მართვის მოწმობის მისაღებად ჩვენგან გარკვეული უნარიანობის წარმოჩენა მოითხოვება, ქორწინების მოწმობის მისაღებად, უბრალოდ, ხელის მოწერაც საკმარისია - რაც შემდგომში პრობლემებს ქმნის. ამგვარად, მაშინ, როცა ბევრისთვის ქორწინება წარმატებულია და წყვილისთვის ბედნიერება მოაქვს, ზოგისთვის ის ტანჯვის მიზეზი ხდება. შესაძლოა, ერთი ან ორივე მეუღლე დაქორწინებისას ბევრს მოელოდა ქორწინებიდან, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარი დააკლდათ. როდესაც ადამიანები პირველად ახლოვდებიან, ერთმანეთში დარწმუნებულობის დიდი გრძნობა უჩნდებათ. ისინი ფიქრობენ, რომ მათი პარტნიორი, თითქოსდა, დედამიწაზე მცხოვრები ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაფერში უგებს მას. ბევრთან ეს გრძნობა ქრება და ამ შემთხვევაში, ქორწინება შეიძლება დაზარალდეს.

ლიკა, 34 წლის: საბედნიეროდ, ბევრ ქორწინებას ეს არ ეხება. ქორწინებაში არსებობს ფაქტორები, რომელთაც ზოგ შემთხვევაში სიყვარულის ჩახშობა შეუძლია. ჩვენ არაფერი ვიცით ქორწინებაზე. ოჯახს ვქმნით სიყვარულით, ან გონების კარნახით ვირჩევთ პარტნიორს. ისიც ვერ გაგვირკვევია, რომელი ვარიანტია უკეთესი სტაბილური ოჯახის შესაქმნელად. მერე კი, დგება იმედგაცრუება — სიტუაცია, ეს არ არის ის, რასაც ველოდი. როცა ჩემს ქმარს გავყევი, ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი. ვფიქრობდი, ჩვენ სხვებისგან გამოვირჩეოდით. ისეთი რომანტიკულები, მოსიყვარულე და ყურადღებიანი ვიყავით ერთმანეთის მიმართ... მაგრამ, რაღაც დროის შემდეგ ჩემი „უფლისწული“ იმდენად მომხიბვლელად აღარ მეჩვენება. მან საშინლად გამიცრუა იმედები...

- ბევრ კინოფილმში, წიგნსა და პოპულარულ სიმღერაში სიყვარული არარეალისტურად არის ასახული.

- სწორედ ეგ ქმნის მთავარ პრობლემას. არარეალურის რეალობად აღქმა. უყურებ ამ ყველაფერს, მერე ხვდები „მას“ და შეიძლება იფიქრო, შენმა ოცნებებმა ფრთები შეისხა. მაგრამ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ასკვნი, რომ, სინამდვილეში, მაგრად გიოცნებია! აი, მანდ უკვე იწყება სიტუაციის ცუდ მხარეს შემობრუნება: თუკი ქორწინება, რომელიც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო, არ ამართლებს წყვილის მოლოდინს და ზღაპრებში მოთხრობილ სასიყვარულო ისტორიას არ ემსგავსება. უფრო მეტიც, შესაძლოა, სრული მარცხით დამთავრდეს.

- სავსებით ნორმალურია, ქორწინებისგან ადამიანი რაღაცას ელოდეს.

- ნორმალურია, ნორმალური მოლოდინები. მაგალითად, ბუნებრივია, მეუღლის მხრიდან მოელოდე სიყვარულს, ყურადღებასა და მხარდაჭერას. მაგრამ ეს სურვილებიც კი შეიძლება შეუსრულებელი დარჩეს. ზოგჯერ ლამის ვიფიქრო, რომ არც გავთხოვილვარ, ისე ხშირად ვგრძნობ თავს მარტოდ და უგულებელყოფილად.

- ანუ, შეუთავსებლობა — „ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო“?

- მე და ჩემს ქმარს, ფაქტობრივად, ყველაფერში ურთიერთსაპირისპირო აზრი გვაქვს. დღე ისე არ გავა, მწარედ არ ვინანო, მასზე გათხოვების გადაწყვეტილება რომ მივიღე. არანაირად არ ვეწყობით ერთმანეთს. ყოველთვის ვკამათობთ. ფაქტია, რომ მიყვარდეს, უფრო ასატანი იქნებოდა ეს განსხვავებები.

- ქორწინებაში უთანხმოებები გარდაუვალია. მაგრამ მთავარია, როგორ წყვეტს წყვილი მას.

- დიახ. ჰარმონიულ ქორწინებაში, ანუ იქ, სადაც სიყვარულია, ცოლ-ქმარი თავისუფლად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მაგრამ ჩვენ, ფაქტობრივად, ერთმანეთის პიროვნულ თვისებებზე მიგვაქვს იერიში. ჩვენი საუბარი ბრძოლის ველს ჰგავს ხოლმე, სადაც თავიანთ შეხედულებებს გააფთრებით იცავენ. ჩვენი ქორწინების გადარჩენაზე ხელი ჩავიქნიე. ვიცი, რომ მას აღარაფერი ეშველება. ასე რომ, მთელი ჩემი საფიქრალი ჩვენი შვილებია. სიყვარულის ნამდვილი მტერი სიძულვილი კი არა — აპათიაა. მართლაც, გულგრილობა ქორწინებისთვის შეიძლება ისევე დამანგრეველი აღმოჩნდეს, როგორც მტრობა.

სამწუხაროდ, ზოგი წყვილი იმდენად ეჩვევა უსიყვარულო ქორწინებას, რომ რაიმე ცვლილების შეტანის ყოველგვარი იმედი უქრება და ყველაფერზე ხელს იქნევს. ასე ვართ უკვე ჩვენც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი