გულახდილი საუბრები

რატომ იცვლებიან ქალები ქმრებთან მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში

№24

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.06, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ოჯახის დანგრევაში მეუღლეები, ძირითადად, ერთმანეთს ადანაშაულებენ. იშვიათია შემთხვევა, როდესაც რომელიმე მათგანი საკუთარ თავში ეძებს მიზეზს და ცდილობს, შეცდომა გამოასწოროს, თუმცა ზოგჯერ ეს უკვე დაგვიანებულია ან, იქნებ, ეს გამოცდილება მომავალში გამოადგეთ.

მარიკა (38 წლის): „წადი! შენი ნახვა აღარ შემიძლია და ამის სურვილიც არ მაქვს! შენ მიმართ სიყვარული გამიქრა! ბარგი შეკარი და დატოვე აქაურობა! – დამიყვირა ჩემმა ქმარმა.“ – აი, ასე დასრულდა ჩემი უიღბლო ქორწინება. მყავს ორი შვილი. უკვე ხუთი წელია, რაც ქმარი მღალატობს და ეს ვიცი. გულის მომკვლელი ამბავია, მაგრამ იმასაც ნათლად ვხვდები, რომ ამაში ნაწილობრივ თავადვე ვარ დამნაშავე.

– ვფიქრობ, შეცდომაა, როცა ქალი ქმრის ღალატში თავს იდანაშაულებს.

– არა. ეს რეალობის დანახვაა. მრავალწლიანი ოჯახური თანაცხოვრების განმავლობაში ძალიან შევიცვალე. ხშირად საკუთარი თავის მოსავლელად დრო არც კი მრჩება. უკვე დამავიწყდა, ლაქი ბოლოს როდის წავისვი. ფრჩხილების მოსავლელად და ახალი ვარცხნილობის გასაკეთებლად ფული ყოველთვის მენანება. მირჩევნია, რომ იმ თანხით შვილებს ხილი და ტკბილეული ვუყიდო. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ. ქმარს დაბალი ხელფასი აქვს. ამასთან, იგი თანხის ნაწილს საყვარელს ახარჯავს. ოჯახს რომ შეღავათი ჰქონდეს, პატარა ბაღჩა გავაკეთე. ბოსტნის მოვლა და ბავშვებზე ზრუნვა მე მევალება, აღარაფერს ვამბობ ოჯახის საქმეებზე.

– ესაა მიზეზი, რის გამოც ქმარმა აგითვალწუნათ და საყვარელი გაიჩინა? თავს რატომ იჩაგრავთ?

– ქმარმა რომ საყვარელი გაიჩენა მაშინვე გავიგე, თუმცა, თავიდან ამის დაჯერება არ მინდოდა. ქალი ყოველთვის გრძნობს, როცა საყვარელი მამაკაცი მას ღალატობს. თავი არ დავიჩაგრო? რა უნდა გავაკეთო? ჩემი ქმრის გულის მოსაგებად მის საყვარელთან ვიბრძოლო? მეუღლისთვის სკანდალი მოვაწყო? ქმარს დავუჩოქო და ისე ვთხოვო ჩემთან დაბრუნება? ამის ძალა არ შემწევს. ერთხელ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა. სამსახურიდან დაბრუნებული ვერ მივხვდი, ჩემს სახლში რა ხდებოდა: საშინელი არეულობა – ყველა ოთახში, ნივთები ყველგან იყო მიმოფანტული. შვილებმა მითხრეს, რომ ეს ჩემი ქმარის ნახელავი იყო. შემდეგ საძინებელში გავედი და იქ ის თავის საყვარელთან ერთად შევისწრე . ასეთი დამცირების ატანა უკვე აღარ შემეძლო და ვუყვირე: რას სჩადიხარ? შვილების მაინც როგორ არ გრცხვენია-მეთქი და პასუხად, სწორედ მაშინ მივიღე ის საშინელი სიტყვები: წადი, შენი დანახვა არ მინდა, აღარ მიყვარხარ, უკვე ყელში ამომიხვედიო.

– ეს ბავშვების თანდასწრებით მოხდა?

– დიახ. მისაღებ ოთახში გავედი, დივანზე ჩამოვჯექი და ავტირდი. თანდათან შვებას ვგრძნობდი, მეჩვენებოდა, რომ თითოეულ ცრემლს ჩემი ტკივილი მიჰქონდა. შვილები ნივთების შეგროვებაში დამეხმარნენ და ყველანი ერთად, დედაჩემთან წავედით. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ის საბოლოოა. ამიერიდან ჩემმა ყოფილმა ქმარმა ისე იცხოვროს, როგორც უნდა. ეს უკვე აღარ მანაღვლებს. ჩვენი შვილების ნათელ მომავალს თავადვე უზრუნველვყოფ. თავსაც მივხედავ და სულ სხვა ქალად გადავიქცევი. არავინ დააფასა ჩემი მსხვერპლშეწირვა. იმიტომ, რომ არც არავის სჭირდებოდა. საინტერესოა, რას იტყვის ჩემი ყოფილი ქმარი – ცოლი მხოლოდ იმის გამო მივატოვე, რომ იგი თავის გარეგნობაზე აღარ ზრუნავდაო?! ძალიან მინდა, როცა ერთი წლის შემდეგ შემხვდება, გაოცებისგან ადგილზე გაშეშდეს. მე ამას შევძლებ. მეყოფა ძალა. სამაგიეროს სწორედ ამ ფორმით გადავუხდი. მინდა, დაფიქრდეს – ნუთუ მე ვიყავი იმაში დამნაშავე, რომ ჩემი ცოლი ცუდად გამოიყურებოდაო?! მე, ხომ, უბრალოდ დრო აღარ მრჩებოდა იმისთვის, რომ გარეგნობაზე მეზრუნა, რადგან მუდამ ოჯახის საქმეებით ვიყავი დატვირთული. ახლა კი მივხვდი, რომ სულელი ვიყავი და ჩემს პიროვნებას საერთოდ არ ვაფასებდი. მხოლოდ ახლა გავიაზრე, რომ ჩემში ქალი ლამის დავკარგე. სამწუხაროდ, ახლა ქმართან მიმართებაში ვეღარაფერს შევცვლი. რატომ არ ვფიქრობდი ზოგჯერ მაინც საკუთარ თავზე და უცხადეს ფაქტებს ვერ ვამჩნევდი. მინდა, ჩემი ყოფილი ქმარი მიხვდეს, რომ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ დაკარგა – ცოლი და შვილები. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი