გულახდილი საუბრები

რატომ ინგრევა ერთი შეხედვით მყარი ურთიერთობები

№45

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 21.11, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რატომ ინგრევა ერთი შეხედვით მყარი ურთიერთობები. სად მიდის სიყვარული და რატომ გაუცხოვდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. საქმე ისაა, რომ არსებობს კონკრეტული მიზეზები, რომლებსაც ემოციების ტყვეობაში მყოფნი ვერ ვაცნობიერებთ. მაგალითად, ხშირად მზად არ ვართ კომპრომისისთვის, თავგანწირვისა და უპირობო სიყვარულისთვის. არ შეგვიძლია, დავიცადოთ. გვსურს, ყველაფერი, რაც გვინდა, მაშინვე მივიღოთ.

ხდება ისეც, რომ უბრალოდ, არ გვაქვს დრო სიყვარულისთვის. დაკავებულები ვართ ან ამ გრძნობას პრიორიტეტად არ განვიხილავთ. ვფიქრობთ, თავისით დალაგდება ყველაფერი, თუმცა ასე არ არის.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რის გამოც მოთმინება უნდა გამოიჩინო, მათ შორის, არც სიყვარული.

ვიწყებთ ურთიერთობას და ვამთავრებთ მაშინვე, როგორც კი მცირე დაბრკოლება შეგვხვდება. არაფერს ვაკეთებთ საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა გვსურს, რომ მან ყველაფერი გააკეთოს ჩვენთვის..

დამოკიდებულები ვართ ტექნოლოგიებზე – ისინი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ზოგიერთს მის გარეშე სუნთქვაც გვიჭირს. ერთად არ ვატარებთ დიდ დროს და ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობთ. ან სალაპარაკო თითქმის არაფერი გვაქვს.

თანამედროვე ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება და ეს ეხება ურთიერთობებსაც. აშინებთ ის, რომ შეიძლება, მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე ადამიანთან გაატარონ და ეს მოსაწყენად ეჩვენებათ.

აღარ ვაფასებთ ურთიერთობებს – ზოგიერთისთვის არაფერია, მიატოვოს ადამიანი, რომელსაც ის უყვარს. თანამედროვე ადამიანებში ცოტას შეხვდებით ისეთს, რომელსაც შეუძლია, გულით შეიყვაროს და სიყვარულის გამო ბევრი სირთულეც გადალახოს.

სიტუაცია კონტროლს მიღმა

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვისაც მშვიდად ცხოვრება სურს, დინებას უნდა მიჰყვეს, არაფერს შეეწინააღმდეგოს და უთხრას საკუთარ თავს: დაე, მოხდეს ის, რაც მოსახდენია! მათ აქვთ რწმენა, რომ რაც შენთვისაა განკუთვნილი, თავისთავად მოვა. ხოლო ყველაფერი, რაც ახლა ხდება, უკეთესობისთვისაა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, უმრავლესობას გვსურს, ყველაფერი ყოველთვის ისე წავიდეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა, იქნება ეს დილის რუტინა, რესტორანში სადილი თუ ოჯახთან ერთად დროის გატარება... და რა ხდება? ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ თუ რამე იცვლება, ჩვენ ვგრძნობთ იმედგაცრუებას. გვიპყრობს იმის შიში, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს ვკარგავთ.

იქნებ, მართლა სჯობდეს, თავს ნება დართოთ, რომ მიენდოთ მოვლენათა განვითარებას და უბრალოდ, დინებას გაჰყვეთ? ეს სისუსტის, ან არაკომპეტენტურობის ნიშანი ნამდვილად არ არის.

აი, წარმოიდგინეთ: უკვე დაგეგმეთ ხვალინდელი დღე და მშვიდად დაიძინეთ. დილით კი… სამზარეულოს ონკანიდან წყალი ჟონავს. ეს თქვენს ყველა გეგმას ცვლის. ეჭვგარეშეა, რომ ეს ცვლილებები, შესაძლოა, რთული გადასატანი იყოს, მაგრამ აჯობებს, დინებას მიჰყვეთ. სხვა შემთხვევაში, ბრაზსა და ნერვიულობაში მოგიწევთ მთელი დღის გატარება.

ეს სიტუაცია გულისხმობს, რომ თქვენ აუცილებლად დაგაგვიანდებათ სამსახურში ან ცუდ ვარიანტში, საერთოდ ვერ მოახერხებთ წასვლას. როგორიც უნდა იყოს სიტუაცია, ნუ გაბრაზდებით, რადგან ეს მთელ დანარჩენ დღესა და ენერგიას წაგართმევთ.

დაიმახსოვრეთ, დრო არასოდეს ჩერდება და რატომ უნდა დაკარგოთ ბრაზსა და მრისხანებაში. ამიტომ სანამ ნეგატიური აზრებისა და ემოციების ჭაობში ჩაეშვებით, აღიარეთ საკუთარ თავთან, რომ სიტუაცია კონტროლის მიღმაა. შემდეგ კი, განიხილეთ პრობლემის მოგვარების გზები. როდესაც კონკრეტულ, მთავარ პრობლემას გადაჭრით, მის შემდეგაც მცირე პრობლემების დაძლევა აღარ გაგიჭირდებათ და უამრავი დროც დაგრჩებათ პროდუქტიული დღის გასაგრძელებლად ან, უბრალოდ, სასიამოვნო დროის გასატარებლად. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება შეინარჩუნოთ.

არასოდეს განსაჯოთ

ყველას გვქონია ინციდენტი სხვა ადამიანთან. მაგალითად, ის უხეშად მოგვექცა, უპატივცემულობა გამოიჩინა ან, უბრალოდ, რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა. ასეთ დროს, როგორც წესი, უარყოფითად ვაფასებთ ადამიანს, თუმცა შესაძლოა, ხშირად სრულიად უსაფუძვლოდაც. და ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას.

უპირველესად იფიქრეთ იმაზე, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია. ის, რაც ზოგიერთისთვის ნორმალურია, სხვისთვის, შესაძლოა, უპატივცემულობისა და უზრდელობის გამოხატულება იყოს. ამიტომ გადაჭრით არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის კონკრეტული ადამიანი ჩვენს შეურაცხყოფას ცდილობდა. ხშირად ეს გაუგებრობის შედეგია ხოლმე. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ასეთ ქმედებებს. მაგრამ პიროვნების ქცევა, ძირითადად, მხოლოდ იმ სიტუაციას ასახავს, რომელშიც ის იმყოფება.

კიდევ არის ერთი რამ, რაც გვაიძულებს ადამიანის შეფასებას – როგორ გამოიყურება ის. მაგრამ გარეგნობა არ არის მუდმივი. ადამიანი შეიძლება, საშინლად მხოლოდ იმიტომ გამოიყურებოდეს, რომ ახლახან შეიტყო ცუდი ამბავი ან ახლახან ჩამოვიდა დამღლელი მოგზაურობიდან, ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, ან ემოციური სტრესი გადაიტანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ვალდებული, კარგად მოვექცეთ იმას, ვინც ჩვენ მიმართ საშინლად იქცევა. მაგრამ, უმჯობესია, არ განვსაჯოთ, არ განვიკითხოთ და მას კიდევ ერთი, სამართლიანი შანსი მივცეთ. თანაგრძნობა აძლიერებს კომუნიკაციურ უნარებს, ხოლო ნაკლები განსჯა დაგვეხმარება, გავიცნოთ სხვა ადამიანის ნამდვილი „მე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი