გულახდილი საუბრები

რატომ იბრუნებს მოღალატე ქმარს ზოგიერთი ცოლი და რა დათმობებზე მიდის ის

№52

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როგორ დავიბრუნოთ მოღალატე ქმარი? ან ღირს კი მისი დაბრუნება, ვინც შენი თავმოყვარეობა შებღალა და აუტანელი ტკივილი მოგაყენა. ზოგიერთი ამ კითხვას არ დასვამს და როგორც კი ქმრის ღალატს შეიტყობს, ოჯახს ანგრევს, ან შესაძლოა, სამაგიერო ღალატით გადაუხადოს. თუმცა მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, ვისთან ვიცხოვრებთ, რას ვაპატიებთ, რას ვერ ვაპატიებთ და მივცემთ თუ არა კიდევ ერთ შანსს მომავალი ურთიერთობისთვის.

თინიკო (39 წლის): შეიძლება, ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული არ არის, მაგრამ მაინც მოგიყვებით. სოციალური ქსელი ახალი ხილი იყო, ჩემი ქმარი რომ ინტერნეტსივრცეს მიეჯაჭვა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო. ვცდილობდი, მშვიდად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. არ მიმექცია ყურადღება და არ გამესერიოზულებინა, მაგრამ როდემდე?! ნერვები აღარ მეყო. გახშირდა სკანდალები და მალე ჩვენს ოჯახს ბზარი გაუჩნდა. შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავდა და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. ჩემი საყვედურები ყელში რომ ამოუვიდა, დაგვიანებები დაიწყო. ერთ ღამეს კი საერთოდ არ დაბრუნდა. მივხვდი, რომ მისი ცანცარის ლოგიკური დასასრული იყო. დილით დავურეკე. გამოუძინებელი ხმით მიპასუხა, – ოფისში დავრჩი, საქმე მქონდა დასამთავრებელიო და ტელეფონი გამითიშა. მალე შინ მოუსვლელობა ჩვეულებად ექცა. თავს იმართლებდა: დამატებით სამუშაოს ვიღებ ბავშვების კეთილდღეობისთვისო. თუმცა, მე უკვე ვგრძნობდი, რაში იყო საქმე.

– გრძნობდით, რომ გატყუებდათ?

– დიახ. მაგრამ ფაქტები არ მქონდა. შემოწმებას ხომ ვერ დავიწყებდი. ერთხელ, გვიან, მისმა უფროსმა მოიკითხა სახლის ტელეფონზე. ოფისში უნდა იყოს-მეთქი. მობილური გამორთული აქვს და ოფისში არ არისო.

– სანამ სოციალურ სივრცეს მიეჯაჭვებოდა, როგორი იყო?

– სანამ „ფეისბუკს“ მიეჯაჭვებოდა, მის ცხოვრებაში მხოლოდ მე ვიყავი. საინტერესოდ ვატარებდით უქმეებს. ვზრუნავდით ბავშვების გართობაზე, ერთმანეთზე, მეგობრებს ვიწვევდით, ბედნიერები ვიყავით... მისი უფროსის მოულოდნელმა ზარმა გამოააშკარავა, რომ არ არსებობდა არანაირი დამატებითი საქმე, გარდა დამატებითი ვალდებულებებისა ერთი ქალის მიმართ, რომელიც არ დასჯერდა ინტერნეტით ურთიერთობას, გამოიყენა მისი სუსტი ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთა, რომ ოჯახიდან წაეყვანა. შვილიც კი გაუჩინა. უფროსმა რომ მოიკითხა, მის მობილურზე დავრეკე. ტელეფონს კარგა ხანს არავინ იღებდა, ის იყო, უნდა გამეთიშა, რომ ქალმა მიპასუხა, დაბნეულობისგან ძლივს ამოვღერღე ჩემი ქმრის სახელი. იმ ქალმა კი მშვიდად მომიგო, აქ არის და ბავშვს აძინებსო. მერე ტელეფონი გამითიშა. მეგონა, მოვკვდებოდი.

– თუმცა, თქვენი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა და დღეს ისევ ოჯახი გაქვთ. როგორ დაიბრუნეთ ქმარი?

– სიმშვიდით. მას ეგონა, ცეცხლის კალოში გავატარებდი. ქვეცნობიერით ვგრძნობდი, რომ ბავშვი აბამდა ჩემს ქმარს იმ ქალთან, თორემ ის დიდხანს ვერ შეძლებდა მის შენარჩუნებას. იმ სატელეფონო ზარის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილა. ერთ საღამოსაც მოვიდა და მეც ნება დავრთე შინ შემოსულიყო, სახეზე სასოწარკვეთა ეწერა, ძლივს გასაგონად თქვა: სისულელე ჩავიდინე და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო. გართობა ძვირად დამიჯდა. კიდევ ერთი შვილი მყავს, რომელსაც შენნაირი დედა არ ჰყავსო. ცეცხლი მომეკიდა, მინდოდა, სილა გამეწნა და სამუდამოდ ამეკრძალა ჩვენს შვილებთან მიახლოება, მაგრამ საოცრება აღმომხდა: რა გაეწყობა, რადგან უკვე არსებობს, ბავშვი მოიყვანე, გააცანი და-ძმა-მეთქი. ეს როგორ ვთქვი, ახლაც არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ამით ჩემს ქმარს თითქოს ჯადო აეხსნა.

ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ის ისევ ჩემი ერთგული ქმარია. სათოფეზე არ ეკარება სოციალურ ქსელებს, არც იმ ქალს, მხოლოდ ბავშვის წამოსაყვანად მიდის ხოლმე. ის კი ისეთი უნამუსოა, შეუძლია, თვეობით დატოვოს თავისი შვილი ჩვენთან და თვითონ უცხოეთში იმოგზაუროს.

– როცა ტოვებს, თქვენ უვლით?

– რა ვქნა, მეცოდება პატარა და დედობრივ სითბოს არ ვაკლებ. ვიცი, ბევრი გამამტყუნებს, განმსჯიან, ასეთი ქმარი, თან სხვისი შვილით შინ როგორ შემოუშვი, ეგ კიდევ გაგიბედავს ღალატსო. ვინც რა უნდა ის თქვას, დრომ მიჩვენა, რომ სიმშვიდის წყალობით ოჯახი შევინარჩუნე. დღეს ყველაფერი კარგად გვაქვს. დიახ, მიღალატა, გული მატკინა, მაგრამ შეცდომა ვის არ მოგვსვლია. შანსი მივეცი და არ ვნანობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული