გულახდილი საუბრები

რატომ არის უფრო ბედნიერი ზოგიერთი მამაკაცი ასაკით თავისზე უფროს ქალთან

№40

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 11.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენი საზოგადოება მეტ-ნაკლებად „გაიზარდა“. თუმცა დღემდე არის შემთხვევები, როცა ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაში ერევა ყველა – დედა, დეიდა, ბებია, მეზობელი, ნათესავი... ყველას მიაჩნია, რომ უფლება აქვს, გადაწყვიტოს სხვისი ბედი. თითქოს მათ უკეთ იციან, ვინ როგორ და ვისთან უნდა იცხოვროს. საკმაოდ რთულია, დაუპირისპირდე ამ ბარიერებს და იბრძოლო საკუთარი ბედნიერებისთვის.

ლალი (57 წლის): მინდა, მოგიყვეთ ის, რაც ძალიან მაწუხებს და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია. სულ მეგონა, რომ თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ქალი ვიყავი და არ ვიცი, ასეთი რაღაც როგორ დამემართა, როგორ შევრცხვი და შვილის გავამწარე. აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ჩემმა 26 წლის ვაჟმა მითხრა, თუ მის ცოლად შერთვის უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლაო.

– შვილს უყვარს ასაკით უფროსი ქალი და ეს აქციეთ ტრაგედიად?

– მართლა მრცხვენია. ჩემი ვაჟი 26 წლის არის და ასაკით უფროსი ქალი უყვარს. მათ შორის სხვაობა ცხრა წელია. ამის გამო პრობლემები შევქმენი და თავს ძალიან დიდი ხანი ვერ მოვერიე. სხვათა შორის, ჩემი ქმარიც მე ავტეხე და გადავრიე. როგორც გითხარით, ეს ქალი 9 წლით უფროსია, თუმცა, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. თან, წარმატებული ქალია, არასდროს ყოფილა გათხოვილი, არც შვილები ჰყავს... უკვე ხუთი წელია, ჩემი შვილი მას დასტრიალებს. რამდენი არ ველაპარაკე, მეუბნება – რა ვქნა, ძალიან მიყვარს, თავს ვერ ვერევიო. ცოლობა რამდენჯერმე სთხოვა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარზეა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ჩვენს სიყვარულს მომავალი არ აქვსო.

– რატომ ეუბნება ასე . თქვენი ფაქტორის გამო?

– კი. ჩვენი დანაშაულია. მე და ბებიამისმა დავაფეთეთ: როგორც კი გავიგეთ უფროსი ქალი უყვარდა, ერთი ამბავი ავტეხეთ. მასთან ნამდვილი ომი გავაჩაღეთ. რა საზიზღრობებს ვეუბნებოდით, გამეორებისაც კი მრცხვენია. მალე დაბერდება და გული სხვისკენ გაგიწევსო. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ რომ ვუთხარით, მალე დაბერდებაო, საშინლად გაბრაზდა და მომახალა: ისეთ დღეში მაგდებთ, რაც დრო გადის, მე უფრო მემჩნევა ასაკი, ვიდრე იმას. თანაც იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ადრე მიყვარდა და კი არ მბეზრდება, ვგიჟდები მასზე, მინდა, სულ ჩემთან იყოსო. მაშინ პირველად დავეჭვდი, რომ სწორად არ ვიქცეოდი. მერე მითხრა ბიძაჩემს რაღა ალაპარაკებს, ვერ გამიგია, ასაკით უმცროსი ორი ცოლი გამოიცვალა და მაინც ვერ ააწყო ცხოვრება. ვერ ხვდება, რომ ასაკი არაფერ შუაშიაო.

– რატომ თავს არ დაანებებთ?

– ვხვდები, რომ უნდა დავანებოთ, მაგრამ ამდენი ნეგატივი მე ავაგორე, დედამთილი და დედაჩემი გადავრიე, ქმარი, მთელი ოჯახი დავუპირისპირე და ახლა რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ისტერიკებს ვიმართებდი, თავს იღუპავს-მეთქი.

– რატომ გგონიათ, რომ თავს იღუპავს, არსად წერია ასეთი აკრძალვა, მთავარი სიყვარულია და არა ასაკი.

– გეთანხმებით. ახლა ამას ვხვდები. რამ გადამრია. ჩემმა მამაომაც მისაყვედურა. ისეთი სისულელე ვუთხარი: მამაო, ქალი მალე დაბერდება, კაცი კი სხვა ქალზე დაიწყებს ფიქრს და ოჯახი დაინგრევა-მეთქი. გაკვირვებით შემომხედა და მითხრა: თუ შენს შვილს ის ქალი ნამდვილად უყვარს და მისი ცოლად შერთვა გადაუწყვეტია, მაშინ მათ კავშირს ვერაფერი დაანგრევს და ეს ბიჭი არსად გაიხედავს, ცოლის გარდაო. მამაომ ისიც მითხრა, ღმერთი აკურთხებს ქალისა და კაცის კავშირს, ცოლქმრობას და გარკვევით წერია: როდესაც კაცი თავის ცოლს შეუერთდება, მერე არავის აქვს მათ ოჯახში ჩარევის უფლებაო. არადა, დედაჩემმაც კი უთხრა, ჩვენს თანხმობას ვერ ეღირსებიო... ახლა უკვე გადაწყვიტა სახლიდან წავიდეს და ბინა იქირავოს. ცალკე რომ ვიქნები და თქვენ მოგშორდებით, მერე უარს აღარ მეტყვისო. ბოლოს რომ მომაძახა, თავს მოვიკლავ და მერე არკვიეთ, რა სჯობდა, ჩემზე უფროსი ცოლი მყოლოდა თუ მეცოცხლაო, იქ უკვე გავნადგურდი.

– იმ ქალს უყვარს?

– მას შემდეგ, რაც ჩვენი გადარევის ამბავი გაიგო, ახლოს არ იკარებს, ეუბნება, საერთოდ არ ვთხოვდები და თავი დამანებეო. არადა, ვგრძნობ, რომ ჩემი შვილის მიმართ გულგრილი არ არის. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი ყოველდღე აჩრდილივით დაგდევდეს, შენი სურვილები უთქმელად ესმოდეს და სიურპრიზებს გიწყობდეს, არ იფიქრებდი მასზე? მეშინია, რომ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება, რა გავაკეთო? ვიცი, ჩემი შვილი ამ ყველაფრის გამო ძალიან ბრაზობს. შემომითვალა, – შემეშვით, თორემ გიჩივლებთ და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში დაგადანაშაულებთო. გაგიჟებული ვარ. ვფიქრობ, ხომ არ მივიდე იმ ქალთან და ბოდიში მოვუხადო. მაგრამ არ ვიცი, მიმიღებს კი? მომისმენს? თან, ჯერ ჩემი ქმრის, ძმის, დედის, დედამთილის დამშვიდება მომიწევს. ძალიან მძიმე დღეში ვარ. ეს ქარიშხალი მე ავტეხე და ახლა ვიმკი. აი, რა მინდოდა რატომ არ მივეცი ჩემს შვილს ბედნიერების უფლება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა