გულახდილი საუბრები

რატომ არის აუცილებელი, იცნობდე მომავალი მეუღლის მშობლებს, სანამ მათ ოჯახში შეხვალ

№50

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.12, 2022 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

აშკარაა, რომ ოჯახის კეთილდღეობა შეიძლება დაანგრიოს მუდმივმა ტყუილმა და ფარისევლობამ. ზოგჯერ ადამიანების საქციელი საერთოდ არ არის გამართლებული. როგორ ფიქრობთ, ნათესავებმა რა არ უნდა გააკეთონ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეთ?

არ არის მარტივი, სცადო კონტაქტის დამყარება ქმრის მშობლებთან. როდესაც მუდმივი პრეტენზიებითა და საყვედურებით გავსებენ? მოდი, გავიგოთ რა არის რეალური პრობლემა. რა არ უნდა გავუკეთოთ ნათესავებმა წყვილს, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და ურთიერთობაც არ დაენგრეთ.

მარი, 31 წლის: ჩემი ცხოვრების სიყვარული სტუდენტობის პერიოდში გავიცანი. ის ძალიან მალე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ისე შემაყვარა თავი, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი! ორივეს ძალიან გვსურდა ოჯახი და ექვსი თვის ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება რომ შემომთავაზა, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. არ მინდოდა, დიდი და გრანდიოზული ქორწილი მქონოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა და შემდეგ ერთად წავედით პატარა მოგზაურობაში.

- მის ოჯახს, მშობლებს იცნობდით?

- გადაწყვეტილება იმდენად სპონტანური იყო, რომ მშობლების გაცნობის დროც კი არ გვქონდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. ფაქტია, რომ დედამთილს მაშინვე არ მოვეწონე. თავისი ვაჟი მეტისმეტად უყვარს და, მისთვის მე გავხდი ის, ვინც მისი საყვარელი შვილი მოიტაცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დედამთილი ჩემ მიმართ აგრესიას აღარც მალავდა. ყოველდღე მირეკავდა და უსაფუძვლო პრეტენზიებს მიყენებდა. როდესაც ჩემი ქმარი სამსახურში იყო, შეეძლო მოულოდნელად მოსულიყო და უბრალო რამეზე ჩხუბი დაეწყო.

- ქმარს უყვებოდით ამ ყველაფრის შესახებ?

- არა. მე ამ ყველაფერს შევეგუე და ქმარს არასდროს ვეწუწუნებოდი ან რა უნდა მეთქვა მისთვის? დედის გამო ნამდვილად არ მინდოდა მასთან ურთიერთობის გაფუჭება. ამავე დროს, რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობდით ერთად, მით უფრო იცვლებოდა დედამთილის ქცევა. და, რა თქმა უნდა, არა უკეთესობისკენ.

რაღაც მომენტში, ქალბატონმა დედამთილმა ჩემი ქმრის ჩემი მშობლების წინააღმდეგ ამხედრება დაიწყო. მაგალითად, ერთხელ გაიგო, რომ ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქმარი ჩემებთან ვიყავით და ერთად კარგად გავერთეთ. გაგიჟდა ამაზე. ვერაფრით ეგუებოდა, რომ ჩემს ქმარს ძალიან უყვარდა დედაჩემი! ყოველთვის ეხმარებოდა მას სახლის საქმეებში და ხშირად მიდიოდა მამაჩემთან ერთად სათევზაოდ.

- რა იყო ამ აგრესიის და სიძულვილის მიზეზი, ვერ გაარკვიეთ?

- დღემდე ვერ ვხვდები. ამ თემაზე მასთან არასოდეს მისაუბრია. ამ ფაქტს არც თვითონ აღიარებდა. როდესაც შევეცადე, გამეგო რა მოხდა, ის უბრალოდ უარყოფდა ყველაფერს, ან ჩუმად იყო. მაგრამ მე ხომ ვხედავდი, როგორ შეიცვალა ყველაფერი და ამის შემხედვარეს გული მიკვდებოდა. განსაკუთრებით რთული იყო შვებულების დროს მთელი ოჯახის ერთად შეკრება. სუფრასთან ცივი და მძიმე სიჩუმე დროდადრო ირღვეოდა დედამთილის პროვოკაციული განცხადებებით, რომელიც ჩემკენ იყო და არის მომართული. მას არც კი ეუხერხულება ის ფაქტი, რომ ჩემს სახლშია! დედაჩემი და მამაჩემი უხერხულობისგან წითლდებიან და ნერვიულობენ.

ამ სიტუაციამ ძალიან დააზარალა ჩვენი ოჯახი. იყო დაშორებები და მუდმივი წუწუნი. რაღაც მომენტში მე და ჩემმა მეუღლემ საერთოდ შევწყვიტეთ საუბარი. მივხვდი, რომ თუ გულწრფელად არ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, განქორწინება გარდაუვალი იქნებოდა. მე უბრალოდ მინდოდა, გამეგო, რა იყო რეალური პრობლემა და საიდან მოდიოდა დაძაბულობის ფესვები.

ყველაფერი იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ერთხელ, დედამთილთან მორიგი საოჯახო ჩხუბის შემდეგ, ჩემი ნივთები ჩავალაგე და წავედი, მთელი ოჯახი სახლში დავტოვე. ქალბატონი დედამთილი ვერც ამით დამშვიდდა და ჩემი მშობლების თანდასწრებით ისეთი „ტალახი მესროლა“, დედამ ვერ მოითმინა და შენიშვნა მისცა. ამან დედამთილი ძალიან გაანაწყენა და ორმაგი ენერგიით დაიწყო ჩემი ქმრის ამხედრება ჩემი ოჯახის წინააღმდეგ.

...და მანაც პატარა ბავშვივით დაიჯერა ყველაფერი. დედის სიტყვა ყოველთვის კანონი იყო ჩემი ქმრისთვის. ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა დედამთილმაც დაამატა ორიოდე ზედმეტი სიტყვა, რაც მთელ სიტუაციას უფრო ამძიმებდა. ვერასდროს გავიგებ ჩემი ქმრის ასეთ საქციელს და ჩემდამი დამოკიდებულებას.

არ ვიცი რა გავაკეთო. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფრის ატანა მუდმივად? მეშინია წარმოვიდგინო, რა მოხდება, როდესაც შვილები გვეყოლება…

მე მგონია, ჩემი დედამთილის პირად ახირებას, მის მძიმე ხასიათს გაუმართლებელი და უსაფუძვლო მტრული მოქმედებით ჩემი ოჯახი დანგრევისკენ მიჰყავს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ განზრახ ანადგურებს შვილის ოჯახს. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არ არის იშვიათი ჩვენს დროში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი