გულახდილი საუბრები

რატომ არ შეუძლია ზოგიერთ მამაკაცს ძლიერ ქალთან გამკლავება

№23

ავტორი: დალი მიქელაძე 22:30 19.06

ნიღაბი
დაკოპირებულია

ხშირად ჩნდება კითხვები: რა აძლიერებს ქალს? საიდან აქვს ძალა მუდმივი ბრძოლისთვის, მსხვერპლშეწირვისთვის? მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანურ ნატურას შეუძლია გადაიტანოს ღალატით, ორგულობით, იგნორირებით მიყენებული ტკივილი, ბოლომდე გადალახოს ყველა დაბრკოლება და შეძლოს პატიება. ცოტანი არ არიან ისინი – თვითკმარი, დამოუკიდებელი და მოსიყვარულე ქალები, ამასთან, სულაც არ ეშინიათ საკუთარი სისუსტეების დემონსტრირების.

არსებობს მიზეზები, რომელთა გამო მამაკაცებს არ შეუძლიათ ძლიერ ქალთან გამკლავება.

თეონა (35 წლის): დიახ, მე ძლიერი ქალი ვარ. ვიქეცი ასეთად. დიახ, ძლიერ ქალს არ სჭირდება მამაკაცი, რომელიც ბრძოლას გამართავს მის გამო. მე მაგალითად, ასეთი კაცი ნამდვილად არაფერში მჭირდება. ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ვინმესთვის საჭიროა. ანუ, მამაკაცისგან მე სწორედ ეს მინდა მივიღო.

– ამბობენ, რომ მამაკაცებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბრძოლა იმართება სასურველი ქალისთვის.

– რატომ უნდა იბრძოლო, რომელი საუკუნეა. სიყვარული ბრძოლით და ვიღაცისთვის ცხვირ-პირის დამტვრევით არ მოიპოვება. თუ კაცები „ბრძოლაში“ იმას მოიაზრებენ, რომ ქალისთვის საჩუქრების, კომპლიმენტების კეთება უწევთ, რათა მისი გული მოიგონ, ეს ბრძოლა კი არა, სასიამოვნო პროცესია. ძლიერ ქალს ახასიათებს სიყვარულის გამოვლენა რჩეული მამაკაცის მიმართ, მაგრამ ამასთანავე იგი რჩება სრულიად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების მიმღები. ნორმალურ მამაკაცებს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. უფრო პირიქით, რადგან სწორედ ძლიერ ქალს შეუძლია თავად მიაღწიოს სასურველს და არ სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის მაგივრად იბრძოლებს. ჩემნაირ ქალს შეუძლია, თავად მოაგვაროს პრობლემები. მე არ მახასიათებს მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა და არაფერში მჭირდება მამაკაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ჩემ ნაცვლად იღებს.

– სწორედ ეს უქმნის პრობლემას ზოგიერთ მამაკაცს.

– ეს უკვე ამ მამაკაცის პრობლემაა და არა ჩემი. სულელები და სუსტები არიან ასეთი კაცები. რა უქმნით პრობლემას – ის, რომ ძლიერმა ქალებმა საკუთარი სურვილები კარგად იციან და ასევე, კარგად ესმით მათი რეალიზების შესაძლებლობები? ეს ხომ კომფორტია მამაკაცისთვის. ჩემნაირი ქალებისთვის დამახასიათებელია ურთიერთობების სიმყარე. დიახ, ძლიერ ქალებს არ ახასიათებთ მორჩილება. მათ მთელი გულით უყვართ, მაგრამ ამასთან, დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებენ. კაცს ხომ გვერდით მასზე შეყვარებული ქალი სჭირდება და არა მონა.

– ძლიერი ქალი ურთიერთობებში ითხოვს გულახდილობას.

– მამაკაცებს კი არ მოსწონთ რთულ შეკითხვებზე პასუხების მოგონება. ანუ ტყუილის მოგონება უქმნით დისკომფორტს, ხომ ასეა? რა არის იმაში ცუდი, თუ ქალს აქვს სურვილი გაარკვიოს სიმართლე მამაკაცის პიროვნებისა და განვლილი ცხოვრების შესახებ. მამაკაცი ურთიერთობაში გულახდილი უნდა იყოს, რადგან თავიდანვე სწორად დაწყებულ ურთიერთობას ნაკლები გულისტკივილი მოსდევს. გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს რჩეულში, რომელთან ერთადაც შევძლებთ სამომავლო ნაბიჯების გადადგმას. მამაკაცების უმეტესობას კი გულახდილობისთვის თავის არიდება ახასიათებთ, რადგან ეშინიათ, სუსტები არ გამოჩნდნენ. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა და ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. ჩვენი მოტყუება მარტივი არ არის. ძლიერი ქალი სიმართლეს ტყუილშიც ხედავს. ეგრევე „ვიჭერ“ ტყუილს. ვერც დაპირებებს ვიტან. მამაკაცებო, იყავით გულახდილი, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები მატყუარა და ანგარებიან ადამიანებს ვერ ვეგუებით.

ძლიერი ქალები, ასევე, ვერ ეგუებიან სუსტი ნებისყოფის, მერყევ და წუწუნა მამაკაცებს. ჩვენ დარწმუებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი რჩეული მტკიცე ხასიათისა და საკუთარი სიტყვის პატრონია. რაც მთავარია, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ ადამიანის გრძნობებით თამაშს. ურთიერთობას შევწყვეტთ მაშინაც, თუ მამაკაცის მხრიდან უპატივცემულობას დავინახავთ. ყველაზე საშინელი, რაც ჩვენნაირ ქალებთან შეიძლება, მამაკაცმა გააკეთოს, ეს არის ჩვენი ძალის დასუსტების მცდლეობა – ამას ნამდვილად ვერ ვაპატიებთ. მინდა, ისიც ვთქვა, რომ ეს სიძლიერე თავისით არ მოსულა. ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა ცხოვრების გზაზე, რამაც რეალურად მაქცია ძლიერ პიროვნებად. იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრებაში ნებისმიერ დროს შეიძლება, დადგეს რთული მომენტი, მუდმივ დაძაბულობაში მამყოფებს. მაგრამ ყოველთვის მზად ვარ გადაწყვეტილების მისაღებად, საკუთარი ტკივილისა და დარდის გასაზიარებლადაც და მამაკაცისგანაც იმავეს ველი. ჩემს სამყაროში საიდუმლოები ნაკლებად არის.

კაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ ძლიერ ქალთან ცხოვრება კომფორტია. რადგან ძლიერი ქალური ნატურა არავისგან არ ელის რამე განსაკუთრებულს. არც იმ მამაკაცისგან, რომელიც გვერდით ჰყავს. მზად ვარ, ჯოჯოხეთშიც კი წავიდე, თუ დარწმუნებული ვიქნები ჩემი რჩეულის ერთგულებაში. ჩემს ქცევაში არ დევს მამაკაცის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ლოდინი. არაფერში მჭირდება სუსტებისთვის დამახასიათბელი თამაში და როლის მორგება. ძლიერი ქალები ყველანაირად მხარში ვუდგავართ მამაკაცს, ვეხმარებით და მხარდაჭერას ვუცხადებთ ნებისმიერ საკითხში.

– თქვენ ძალიან კარგი თვისებები ჩამოთვალეთ, მაგრამ გასაოცარია, რომ სწორედ ამ ნიშან-თვისებების გამო უჭირს ბევრ მამაკაცს ძლიერ ქალთან ურთიერთობის აწყობა.

– გეთანხმებით, მაგრამ მხოლოდ სუსტ მამაკაცებს უჭირთ. ძლიერმა ქალმა ყოველთვის იცის საკუთარი თავის ფასი და ალბათ, ამიტომ. ძალიან რთულია საკუთარი ნაკლის დანახვა, განსაკუთრებით გვერდიდან. მე მამაკაცს მივუთითებ ნაკლზე, რომელიც ჩემი აზრით, გადასახედი და გამოსასწორებელია. ასეთი გამოცდის ჩაბარება მამაკაცების უმრავლესობის ძალებს აღემატება. გამოდის, რომ ნატურით ძლიერ ქალებს ასევე ძლიერი მამაკაცი გვჭირდება, რადგან სუსტები გაცნობის პირველ ეტაპსაც კი ვერ გაივლიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...