გულახდილი საუბრები

რატომ არ არის ქმრის საყვარელი ზოგჯერ მტერი და რა უნდა დავუჯეროთ მას

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.01

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არსებობს ასეთი მოსაზრება – ჭკვიან ქალებს ქმრები უფრო იშვიათად ღალატობენო და ძნელი სათქმელია, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. თუმცა გონიერი ადამიანები რომ გაცილებით მარტივად აწყობენ ურთიერთობას, ფაქტია. ღალატი ძალიან მძიმე თემაა და მასზე ყველა ადამიანი ერთნაირად მწვავედ რეაგირებს. თუმცა როგორ „დაალაგებ“ ღალატის შემდეგ ურთიერთობას, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალურია და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

ნატო (41 წლის): სამი შვილის დედა ვარ. მას შემდეგ, რაც დავქორწინდი, თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი. სანამ ერთ ჩემთვის ძალიან ცუდ დღეს ყველაფერი თავდაყირა არ დადგა, აღმოჩნდა, რომ ჩემი იდეალური და მოსიყვარულე ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში მღალატობდა.

– ზოგადად, ყველა ამას ამბობს - არაფერი ხდებოდა, ბედნიერი ვიყავი და თურმე, მღალატობდაო...

– იმის თქმა გინდათ, რომ უნდა შემემჩნია რამე? მართლა ვერაფერს ვხვდებოდი. ჩვენზე გადაყოლილი ქმარი და მამა იყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს ქმარს სამსახურში შევუარე და კაბინეტში არ დამხვდა. მის კომპიუტერს მივუჯექი და რას ვხედავ, გაუშლია ვიღაც გოგოს გვერდი და როგორც ჩანს, მის ფოტოებს ათვალიერებდა. გოგო ძალიან ლამაზი იყო და გულში გამკენწლა, ჩემს ქმარს მასთან რა აკავშირებს-მეთქი, მაგრამ იმ მომენტში აღარ გამიგრძელებია ამაზე ფიქრი.

– თქვენთან ურთიერთობაში როგორი იყო, საერთოდ არ შეგინიშნავთ ცვლილება?

- არაფერი. ყოველთვის თბილი, მზრუნველი ქმარი და მამა იყო და არის. ლამის დამავიწყდა ეს ამბავი, რომ ერთი თვის შემდეგ „ფეისბუკზე“ ვიღაცამ ჩემი ქმარი ფოტოზე მონიშნა – რამდენიმე ადამიანი რესტორანში სუფრასთან ილხენდა და იმ ლამაზ გოგოს თავი ჩემი ქმრის მხარზე ჰქონდა მიყრდნობილი. გული კინაღამ გამისკდა. მეგონა, ჭკუიდან შევიშლებოდი. არ ვიცი, საღამომდე როგორ გავძელი. უბრალოდ, ვერ დავუშვი ღალატი. არ მინდოდა ამის დაჯერება. საღამოს შინ რომ მოვიდა, ჩვეულებრივად თბილად ჩამიკრა გულში, უხასიათობა რომ შემამჩნია, რა გჭირსო, ისეთი ხმით მკითხა, ბავშვივით გული ამომიჯდა. ვუთხარი ჩემი ეჭვების შესახებ და ვკითხე, ის გოგო ვინ არის-მეთქი? ყურადღება არ მიაქციოო, მხოლოდ ეს მითხრა და სააბაზანოში შევიდა.

– ეს განმარტება თქვენთვის საკმარისი აღმოჩნდა?

– არა. მაგრამ გადავწყვიტე, კიდევ დავკვირვებოდი, რომ შეცდომა არ დამეშვა. მეორე დღეს ბავშვები გუდაურში წაიყვანა. ჩემთვის არც უკითხავს, მინდოდა თუ არა წასვლა: კარში რომ გადიოდა, მაშინღა მომაძახა – სულ ბიჭები ვიქნებითო. საღამოს ისევ მონიშნა ვიღაცამ, ამჯერად გუდაურის ფოტო, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ ბიჭებთან ერთად გოგოებიც იყვნენ და მათ შორის ის ლამაზმანიც, თან ჩემს შვილს ნაზად იკრავდა გულში. გავქვავდი.

– ისევ დამკვირვებლის როლში ყოფნა ამჯობინეთ?

– უკვე ვეღარ. რომ დაბრუნდა, გუდაურის ფოტო ავუფრიალე და კიდევ ერთხელ ვკითხე, ვინ არის ეს ქალი, სულ ერთად რომ ხართ-მეთქი. ეტყობა, ბოლო დროს უფრო დაკვირვებული გახდი, თორემ სხვა ქალებსაც დაინახავდი ჩემ გვერდითო, – მშვიდად მომიგო. თავი უხერხულად ვიგრძენი, თითქოს ქმარმა მითხრა, სულელო, მე აქამდეც მყავდა სხვა ქალები, მაგრამ შენ ვერ ამჩნევდიო. კარგი ყოფილა, როდესაც ვერაფერს ამჩნევ. თუ ერთხელ შეამჩნიე, ბზარი ჩნდება, ეჭვი არ გასვენებს და ის ბზარი ნაპრალად იქცევა. რადგან ჩემი ქმარი ჯიუტად არ ლაპარაკობდა ამ თემაზე, იმ გოგოს მივწერე, ისტერიკის მოწყობას არ ვაპირებ, დალაპარაკება მინდა-მეთქი. შემხვდა. საოცრად თბილი და მშვიდი ადამიანი აღმოჩნდა. მითხრა, შენს ქმარს ზურგი არ შეაქციოო, თუ ურთიერთობას დაძაბავ, შესაძლოა, შინიდან წამოვიდეს, შეიძლება ცოტა ხანი ერთადაც ვიყოთ, მაგრამ ის ჩემთან ვერ გაძლებს. მე არ მხიბლავს ოჯახური ცხოვრება, არაფერში მჭირდება მისი ოჯახიდან წამოყვანაო. საღამოს ქმარს ვუთხარი, გულწრფელად მომიყევი, რა ხდება შენს ცხოვრებაში და ყველაფერს გაპატიებ-მეთქი. ყველაფერი რიგზეაო, – მიპასუხა. აბა, ის ქალი ვინ არის-მეთქი? არავინ, უბრალოდ, დროებით გავერთე, შენ ამით რამე გაკლდებაო? ალბათ, გამკიცხავთ და იტყვით, გაგიჟდაო, მაგრამ იმ დღეს მის კაბინეტში შემთხვევით რომ არ წავწყდომოდი იმ გოგოს გვერდს, მერე არც იმ ფოტოებზე გავამახვილებდი ყურადღებას, სადაც ჩემი ქმარი იყო მონიშნული. მოკლედ, ეჭვიანობასაც აღარ დავიწყებდი და ვიცხოვრებდი ისე ბედნიერად, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. მაგრამ ახლა დამენგრა ბედნიერი ცხოვრება – ქმარს აღარ ვენდობი, ამიერიდან რაც უნდა თბილი და მოსიყვარულე იყოს, ეჭვი დამტანჯავს. ყოველივეს მიუხედავად, მის გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია. ის ძველებურად ალერსიანი და ყურადღებიანი ქმარი და მამაა. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ დავივიწყო და შევეგუო ყველაფერს, იმის მიუხედავად, რომ მღალატობს, ძველებურად განვაგრძო ცხოვრება, ვითომ არც არაფერი ხდება... თუ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვა ჩვენს ურთიერთობას?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული