გულახდილი საუბრები

რატომ ამჯობინებს ზოგიერთი ქალი უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახის დანგრევას ქმრის ღალატს

№28

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოჯახური ტრაგედიები ყველა ერთმანეთს ჰგავს. მიზეზები, რის გამოც წყვილები ბედნიერები არ არიან, ძირითადად, ერთნაირია. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ გაწყვიტონ ჯაჭვი, გამოვიდნენ მოჯადოებული წრიდან, გააცნობიერონ მთავარი მიზეზები, რაც მათ სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლით და შეცვალონ რეალობა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. საზოგადოების გადმოსახედიდან შეიძლება, ზოგიერთის ასეთი ნაბიჯი სწორი არ არის, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.

ანანო (39 წლის): დავიწყებ იმით, რომ მყავს მეუღლე და შვილები, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ქმრის გვერდით ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. ჩემზე 15 წლით არის უფროსი. მასზე გათხოვების გადაწყვეტილება გაუცნობიერებლად მივიღე. პატარა გოგოს თავბრუ ადვილად დამახვია, გამიცინა. ორჯერ ყვავილები და სუნამო მომიტანა – სულ ეს იყო. ვიფიქრე, ეს რა ბედი მქონია, ასეთ ყურადღებიან ადამიანს მეორეს ვერავის ვნახავ-მეთქი და გავყევი... მაგრამ ქორწინების პირველივე ღამეს მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე.

– თუ არ გიყვარდათ, ცოლად რატომ გაჰყევით?

– არ ვიცი. მაგის ახსნას ვცდილობ. იმ პირველმა ღამემ ძალიან გამიცრუა იმედი. საერთოდ არ იყო ის, რასაც წარმოვიდგენდი ხოლმე. მაგრამ იძულებული ვიყავი, ბედს შევრიგებოდი, რადგან ჩემი მშობლები უკან აღარ მიმიღებდნენ. თან, ძალიან მალე დავორსულდი. მერე ბავშვიც გაჩნდა, პირველს მეორე მოჰყვა. გთხოვთ, ნუ მეტყვით, ამ ბავშვებს რაღას აჩენდიო. არ არის ასე მარტივად საქმე. მარტო მე ვიცი, რისი გადატანა მიწევდა. ცოლქმრული ცხოვრება სატანჯველ მოვალეობად მექცა, ძალადობის მსხვერპლად უფრო ვგრძნობდი თავს, ვიდრე სასურველ მეუღლედ. ჩემს სიცივეს ქმარიც გრძნობდა. იმის ნაცვლად, რამე გაეკეთებინა ჩვენი ურთიერთობის უკეთესობისკენ შესაცვლელად, სმა დაიწყო და ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი გახადა.

– მაინც ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება, გაშორებოდით?

– ვერა. ძალა არ მეყო და ალბათ, არც არასოდეს მეყოფა. სულ დეპრესიული ფონი მქონდა. ყველა კაცი მოძალადე მეგონა და მათი დანახვა არ მინდოდა, ვიდრე სრულიად შემთხვევით ერთი არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მეგობართან გავიცანი. მერე სოციალურ ქსელში მიპოვა, თავიდან საკმაოდ უხეშად ვცადე, თავიდან მომეშორებინა, მაგრამ ამის მიუხედავად ისეთი თბილი და მომთმენი იყო, ბოლოს და ბოლოს გაქვავებული გულიც გამითბა და ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვა შემიყვარდა. მასაც ჰყავს ცოლი და შვილი. ჩუმ-ჩუმად ვხვდებით.

– გაშორებაზე გამბედაობა არ გყოფნით და ღალატი როგორ გარისკეთ, ქმრის არ შეგეშინდათ?

– როგორ გითხრათ. მართლა წარმოუდგენელი ამბავი დამემართა. სიყვარულს მეფიცებოდა. მეუბნებოდა, რომ მზად იყო, ჩემ გამო ოჯახი დაენგრია და დაანგრია კიდეც. ძალიან მიყვარდა, მაგრამ მე ისევ სიმხდალე გამოვიჩინე. გარისკვის შემეშინდა. შემეშინდა, რომ ოჯახთან ერთად, შვილებსაც დავკარგავდი. თან ბავშვებს მამა ძალიან უყვართ, რამდენადაც უვარგისი ქმარია, იმდენად საუკეთესო მამაა... მოკლედ, გაშორება ვერა, მაგრამ ღალატი მაინც გავბედე. დღემდე, ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთები გვაბედნიერებს. შემდეგ რა იქნება? ეს არ ვიცი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად მაქვს. მხოლოდ იმის მეშინია, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, მათ ვინმემ რამე არ უთხრას. მართალია, მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენ და ჩვენზე ჭორიც კი არ გავრცელებულა, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეშმაკს არ სძინავს. ჰოდა, შვილების გამო ვტანჯავ ადამიანს, რომელიც ასე მიყვარს და მეც ძალიან ვიტანჯები. არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე? იქნებ ყველაზე მწარე სიმართლეც კი უკეთესია, ვიდრე სიცრუეში ცხოვრება და შიში, რომ ერთ დღეს ყველაფერი გამოაშკარავდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა