გულახდილი საუბრები

რას საყვედურობენ ქართველ კაცებს ცოლები ყველაზე ხშირად და რა აკომპლექსებთ მათ ქალთან ურთიერთობაში

№16

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.04, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

მართალია, მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანის და ამ შემთხვევაში, მამაკაცის, მილიონამდე ტიპი არსებობს, მაგრამ თუ ყველაფერს მარტივად შევხედავთ, ცხოვრებას გაცილებით გავიიოლებთ. როგორია ქართველი მამაკაცი და რატომ არის ის ჩარჩენილი სტერეოტიპების ტყვეობაში, რა თქმა უნდა, ყველას ეს არ ეხება, თუმცა ცოტანი ნამდვილად არ არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას ნამდვილად ახდენენ. მარტივი რეალობა – რა არის ქართველი კაცის პირველი, აუხდენელი და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიღაცისთვის უკვე ახდენილი ოცნება – პიროვნული წინსვლა და არჩეულ პროფესიაში დახელოვნება? – არა. რომანტიკული ურთიერთობა ოცნების ქალთან? – არა. ეს საოცნებო საგანი რკინის ბორბლებიანი ნივთია – დიახ, ავტომობილი, რომელიც თავდაჯერებულობისა (სხვანაირად თვითშეფასებას ვერ აიწევენ) და მაგარი „ნაშის“ დათრევის წინაპირობაა. მაგრამ მთავარი პრობლემა, როგორც წესი, ოჯახებში დგება ხოლმე. რაც მანქანის მიმართ ზედმეტ ყურადღებაში გამოიხატება მაშინ, როცა უყურადღებობის გამო ცოლები ხშირად საყვედურობენ ქმრებს.

თეონა (34 წლის): რომ ვთქვა ჩემს ქმარს თავისი მანქანა ჩემზე მეტად უყვარს-მეთქი, ვიღაც მასხრად ამიგდებს. უმრავლესობა, ალბათ, ვერც ვხვდებით, რომ ეს პრობლემა რეალურად დგას. გინახავთ მანქანიანი კაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში? მაგალითად, ჩემს ქმარს თუ მანქანა გაუფუჭდა და იმ „ავბედით“ დღეს წასვლა სამარშრუტო ტაქსით მოუწია, მთელი გზა აუცილებლად საკუთარ მანაქანაზე ლაპარაკობს და ისე იქცევა, თითქოს სხვებს აგებინებს – მე სულ ამით კი არ დავდივარ, „პროსტა, დღეს ხელოსანთან მყავს, რაა”... და უნდა უსმინოთ, რა სიყვარულითა და მოფერებით ლაპარაკობს მასზე,

– რატომ გგონიათ, რომ ქალებს არ უყვართ საკუთარი მანქანები და ასე არ იქცევიან?

– მე ასეთ რამეს ქალებში არ შევხვედრივარ. ჩემი ქმარი სერიოზულად „დაავადებულია“ თავისი მანქანის სიყვარულით და ბევრი მისი მეგობარიც ასეთია. იმაში ხომ მაინც დამეთანხმებით, რომ ქართველი კაცის ცხოვრებაში კიდევ ერთი, დაუძლევველი „პრობლემა“ არის ცოლი, სიდედრი და ცოლის დაქალები. ცოლი, რომელიც გამუდმებით ითხოვს ბავშვისთვის ცეკვის გადასახადის ფულს, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადს, ახალი ჭაღის (რადგან ძველი რომ აღარ დაინახება, ისეთი გიკიდიათ) ან სააბაზანოში კაფელის გამოცვლას (ამ ყველაფერს ხომ მარტო ცოლი იყენებს). როგორც წესი, ქართველი კაცების 70 პროცენტისთვის გაუგებარია, სად მიაქვს ცოლს „ამდენი“ ფული და რაში ხარჯავს „ამდენს“. მე ამას ყოველდღე ვისმენ და ძალიან ვნანობ, რომ „შენ ბავშვები გაზარდეს“ კარნახით, სამსახურზე უარი ვთქვი.

– ყველა მამაკაცი ასეთი გგონიათ?

– მე 70 პროცენტი ვთქვი და დამიჯერეთ, ეს არ არის გადაჭარბებული ციფრი. დარწმუნებული არიან, რომ ცოლი რომ მთელ ბიუჯეტს უსარგებლო ნივთებსა და საჭიროებებში არ ფლანგავდეს, აქამდე მანქანასაც გამოცვლიდა. პირველი უკმაყოფილებაც, ძირითადად, ფინანსების გადანაწილება-გადმონაწილებას მოჰყვება ხოლმე. ნათქვამიცაა, როგორც კარიდან ფულზე საუბარი შემოდის, სიყვარული ფანჯრიდან იპარებაო.

– ესე იგი, ღალატი არ არის ოჯახების ნგრევის მთავარი მიზეზი?

– როგორ არ არის. მესამე და მთავარი მიზეზი ღალატია. აქ ქართველი მამრების 80 პროცენტი ერთხმად თანხმდება, რომ ქალის ღალატი დაუშვებელია, მაგრამ კაცის – გამართლებული და საპატიებელი. ერთი-ორჯერ (სადაც ერთი-ორჯერ, იქ სამი-ოთხჯერო, ნათქვამია) „გავლა“ არავის დააზარალებს. ცოლი ხომ დაზარალებულებში არასდროს ითვლება, ის ყინვაგამძლე, უგრძნობი და ბრმა უნდა იყოს. აბა, რაა, ქართველი კაცის ცოლობა ადვილი კი არ არის. ყველაფერს დამსახურება უნდა. საინტერესო ის არის, რომ ქართველი ქალებიც არანაკლებ სცოდავენ, როდესაც ქმრის „ვოიაჟს” არ იმჩნევენ და ჩვეულებრივ განაგრძობენ ცხოვრებას. ჩვენთან ლიბერალიზმია ოჯახებში, ოღონდ მხოლოდ ქალის მხრიდან.

– ქალების „გამამართლებელი“ საბუთი აქ ან შვილებია, ან უსახსრობა.

– გეთანხმებით. ძირითადად, ქალს წასავლელი არსად აქვს, ამიტომ ცაში გამოკიდებას ისევ დე ფაქტო ოჯახი ურჩევნია. ქართველი კაციც რისი კაცია, რომ ამ ყველაფერს ვერ მიხვდეს, წასასვლელი არსად აქვს, ესე იგი, ვერ გამშორდება, ანუ უფრო მეტსაც აიტანს.

სახლში მფრინავ თეფშებზე, ჩალურჯებულ თვალზე, ცემა-ტყეპასა და მტვრევაზე ლაპარკი ზედმეტია – ეს ქართული ოჯახების 30 პროცენტის შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით, თუ მამრს ცუდი სიმთვრალე აქვს. როგორც წესი, ასეთ დროს ბავშვები ფარდის უკან იმალებიან, ცოლები კი ქმრებს ემუდარებიან – დღეს მაინც არ ვიჩხუბოთო. პრობლემების ნუსხა დიდია. სამწუხაროა, რომ კაცების 70 პროცენტი ამ თვისებებით არის გაჟღენთილი და ყოველთვის იცლებიან, ზოგი კი დროდადრო გამოავლენს ხოლმე. საბოლოოდ, კი ამ ყველაფრის შედეგი არის ცოლის დაგლეჯილი ნერვები და დანევროზებული ბავშვები. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმესთან ერთად გადაწყვეტთ ცხოვრების დაწყებას. შორიდან რაც ბრწყინავს, ახლოდან შეიძლება, ყარდეს.. შეყვარებული მამაკაცი, რომელიც სერენადებს გიმღერით, უკვე ქმრის სტატუს მოპოვებული რადიკალურად სხვაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი