გულახდილი საუბრები

რას ნანობს ქალი, როცა დაუფიქრებელ საქციელს სჩადის

№51

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.12, 2023 წელი

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ცხოვრებაში ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ისეც ხდება, რომ ჩვენს გაუაზრებელ ან დაუფიქრებელ საქციელს მძიმე შედეგები მოჰყვება, რაც ტკივილს აყენებს ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს. რთულია გამოხვიდე კრიზისული სიტუაციიდან. ხელახლა მოიპოვო დაკარგული ნდობა. რამე მოუხერხო სინდისის ხმას, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. თუმცა დაშვებული შეცდომის გულწრფელი აღიარება და სინანული მაინც საუკეთესო გამოსავალია.

მარიკა, 29 წლის: ხუთი თვეა ვცდილობ, გამოსავალი მოვძებნო, მაგრამ არაფერი გამომდის. უკვე ხუთი თვის ორსული ვარ და შვილს დაქალის მეგობარი მამაკაცისგან ველოდები..

- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ყველაფერი თქვენს გეგმებში არ შედიოდა?

რას ამბობთ, რა გეგმები. წარმოუდგენელი რაღაც დამემართა. საშინელება. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე გადამხდა. როცა მომხდარი გავიაზრე, ისეთ შოკში ვიყავი, ღრიალი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, უნდა დამემალა, რაც მოხდა, თუ ის არაკაცი გამეღვიძებინა და ყოველივეზე პასუხი მომეთხოვა.

- როგორ მოხდა, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდით?

- ჩემი დაქალი უცხოეთში ორი კვირით მივლინებაში მიდიოდა. ძალიან უყვარს ოთახის ყვავილები და ულამაზესი ორანჟერეაც აქვს. თავად უვლის, მაგრამ როდესაც სადმე დიდი ხნით წასვლა უწევს, ამ საქმის სპეციალისტს უტოვებს მოსავლელად. იმ დროისთვის, როდესაც მივლინებაში მიდიოდა, ის მომვლელი ავად გახდა. ძალიან მთხოვა დაგიწერ, ყვავილებს როგორ მოუარო, ცოტა ხნით ჩემს სახლში იცხოვრე და ამათაც მიმიხედეო. სიამოვნებით დავთანხმდი. თან მისი ბინა ჩემს სამსახურთან ახლოსაა და ყველანაირად მაწყობდა კიდეც. ჩემი მრავალრიცხოვანი და სტუმართმოყვარე, ხმაურიანი ოჯახიდან ორი კვირით გარიდება, თუნდაც თბილისის ერთი უბნიდან მეორეში, კურორტზე წასვლად მიღირდა. ერთი კვირა მშვიდად გავიდა. ისე მივეჩვიე ყვავილებს და სიმშვიდეს, რომ ვნატრობდი, ნეტავ, კიდევ დარჩებოდეს უცხოეთში-მეთქი. ზუსტად ერთი კვირის თავზე კი ყველაფერი თავზე დამემხო. როცა ერთ ღამეს ჩემი დაქალის მეგობარი მამაკაცი გამომეცხადა.

- არ იცოდით, რომ შეყვარებული ჰყავდა?

- ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. ჩემს დაქალს თავისებური ხასიათი აქვს. მარტო ცხოვრობს და პირად ცხოვრებას ყოველთვის მალავს. როგორ გითხრათ, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს კაცებს. მიიჩნევს, რომ რაღაც ეტაპზე იმ ადამიანის სიახლოვე სჭირდება და დროებით ერთად ცხოვრობენ თავის სამყაროში. თავბრუ რომ დაახვიოს და ცოლობაზე დაითანხმოს, ასეთი სურვილი არასოდეს გამოუვლენია.

- მერე რა მოხდა, მოვიდა ის კაცი და...

- შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ, რასაც გიყვებით, მაგრამ გეფიცებით გულწრფელი ვარ. აბსოლუტურად ჩვეულებრივად მივიღე. მე აქ ვრჩები ხოლმეო. არ შეგაწუხებ მეორე საძინებელში ვიქნები. აქ პირადი ნივთებიც მაქვს. პრობლემა არ იქნებაო. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა არანაირი ეჭვი არ გამჩენია. მე ალერგიული შეტევები მაქვს დროდადრო და ღამით დაძინება რომ არ გამიჭირდეს, წამალს ვსვამ. რომელიღაც ყვავილმა მომცა ალერგია - შეტევა დამეწყო. წამალი დავლიე და დავიძინე. ძილ-ბურანში კარის ჭრიალი ჩამესმა, მერე ვიღაც შემოვიდა და საწოლთან ჩამოჯდა. წამლით გაბრუებულმა თავი ვერ წამოვწიე. კაცის ხმა ჩამესმა. ცოტა ხანში ვიგრძენი, ვიღაც როგორ მომეხვია, სითბო მესიამოვნა და გავირინდე, თუმცა, განძრევის თავი ისედაც არ მქონდა. მეტიც, მეგონა, ყველაფერი სიზმარში ხდებოდა.

- ასეთი გათიშული როგორ იყავით?

- წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. რომ იცოდეთ როგორი მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი

- დილით რა მოხდა, როცა გამოფხიზლდით. რა თქვა?

- არაფერი. თვალი გავახილე თუ არა, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. სასმლის სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი. რამდენიმე წუთი გაოგნებული დავჩერებოდი გვერდით მძინარე კაცს და ვცდილობდი, გამეხსენებინა, ღამით რა მოხდა. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, უნდა დამემალა, რაც მოხდა, თუ უნდა გამეღვიძებინა და ყოველივეზე პასუხი მომეთხოვა. მერე ისღა მოვახერხე, ჩავიცვი და სახლიდან გავედი. იქ ძალიან გვიან მივბრუნდი, მეშინოდა, ის არ დამხვდეს-მეთქი.

- და გადაწყვიტეთ, ყოველივე დაგემალათ?

- აბა, რა საერთო მქონდა მეგობრის კაცთან? ვარ ჩუმად პირში წყალჩაგუბებული. ჩემმა დაქალმა არაფერი იცის. ახლა მის სახლში ვცხოვრობ, სახლიდან იმის გამო გამომაგდეს, რომ არც აბორტი გავიკეთე და ისიც არ ვთქვი, ვისგან ვარ ორსულად. იმ კაცს დაშორდა. მე ხმა არ ამომიღია და არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის.. თუმცა ახლა სხვას ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავით მპატრონობს და ისიც ვიცი, რომ ის კაცი მისთვის არაფერს ნიშნავს, ვერ ვუმხელ ბავშვის მამის ვინაობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული