გულახდილი საუბრები

რას ელოდება ზოგიერთი მამაკაცი განქორწინების შემდეგ ყოფილი ცოლისგან

№36

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 15.09

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქორწინება სერიოზული ნაბიჯია. ოჯახური ურთიერთობის „ხელოვნება“ კი ერთეულებისთვისაა გასაგები. არის შემთხვევები, როცა არც კონფლიქტის წამომწყები იკვეთება და არც მისი რეალური მიზეზი ჩანს, მაგრამ პრობლემა ღრმავდება და ოჯახიც ინგრევა. რა ხდება დაშორების შემდეგ? – ყველა წყვილთან სხვადასხვა სიტუაციაა. ისეთივე გამორჩეული და ინდივიდუალური, როგორებიც თავად ვართ.

მარიამი (49 წლის): მე და ჩემი ყოფილი ქმარი ერთი პროფესიის ვართ და ერთადაც ვმუშაობდით. ერთმანეთი იქ გავიცანით. იყო სიყვარულის ახსნაც და რომანტიკული დღეებიც. შვილები უკვე სტუდენტები გვყავდა. ოჯახში თითქოს სიამტკბილობა სუფევდა.

– შეხმატკბილებული წყვილი იყავით, ურთიერთობაში პრობლემები არ გქონიათ?

– არა. სულ ვფიქრობ, მე ხომ არ დავუშვი რამე შეცდომა-მეთქი. არადა, აშკარად ყველაფერი მშვენივრად იყო. მე ვზრუნავდი ყველაზე და ყველაფერზე. მეუღლე მადლიერიც იყო და ფინანსურადაც გვერდით მედგა. იმ კვირა დღეს დილაადრიან ბაზარში წავედი. პროდუქტებიანი ჩანთა მძიმე აღმოჩნდა, სახლამდე კი გვარიანი გზა მქონდა გასავლელი, ქმარს დავურეკე, მინდოდა, მეთქვა, გაჩერებაზე დამხვდი-მეთქი. მობილური ტელეფონის ზარს რომ არ უპასუხა, ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. კარი რომ შევაღე, ქმრის გაღიზიანებული ხმა შემომესმა, ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. მივხვდი, რომ შემთხვევით არასასურველ საუბარს ვისმენდი. ქმარი საყვარელს ესაუბრებოდა, რომელიც შეხვედრას სთხოვდა. ნერვიულობისგან თავბრუ დამესხა, ლამის დავეცი. მაგრამ მაინც ბოლომდე მოვუსმინე. სახელი რომ დაუძახა, უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. ის გოგო ჩვენთან, სამსახურში ოფისმენეჯერად მუშაობდა.

– ამ შემთხვევამდე ქმრისთვის საერთოდ არაფერი შეგინიშნავთ?

– არა, არაფერი. ყურადღებიანიც იყო, თბილიც. ყველგან ერთად დავდიოდით. როგორ გამომეპარა მისი ღალატი, ვერ წარმომიდგენია. ქმარს მივვარდი... ერთი სიტყვით, 18 წლის ოჯახი ერთ დღეში დაინგრა. გავშორდით. ვერ ვაპატიე. წავიდა სახლიდან, მაგრამ არც იმ უზნეოსთან წასულა. შერიგების ერთი-ორი უბადრუკი მცდელობა ჰქონდა და უარი რომ ვუთხარი, თანაკურსელი შეირთო. როგორც მითხრეს, თავსაც ბედნიერად გრძნობდა. სამაგიეროდ, მე ცხოვრება ამეწეწა. მოკლე ხანში შვილები თავ-თავის გზას დაადგნენ და მარტო დავრჩი. მალე კადრების შემცირების მოტივით სამსახურიდანაც დამითხოვეს და იძულებული გავხდი, თავის რჩენის გზები მეძია. მეზობელმა მითხრა, ერთ ოჯახს ბავშვისთვის სადღეღამისო ძიძა სჭირდება, თანაც, როგორც ვიცი, კარგადაც გადაიხდიანო. ვიფიქრე, მარტოობას მაინც გავექცევი-მეთქი და მეზობელს იმ ოჯახის მისამართი გამოვართვი. კარი ჩემივე ხნის ლამაზმა და მოვლილმა ქალმა გამიღო, სახლში გულითადად შემიპატიჟა, ჩაითაც გამიმასპინძლდა და ჩემთვის გამოყოფილი ოთახიც მაჩვენა, სადაც წლინახევრის საბასთან ერთად უნდა დამეძინა. მასპინძელმა ამიხსნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვილის მოვლა უჭირდა. თანაც, ბავშვიც უკვე ასაკში მყოფმა გავაჩინეო. გათხოვება ძლივს მეღირსაო. იმ საღამოს ბავშვი ძლივს დავაძინე და დაღლილს თავადაც მალე ჩამეძინა. ამიტომ სახლში ოჯახის უფროსის დაბრუნება არ გამიგია. სამაგიეროდ, დილით, როცა ბავშვისთვის ფაფის მოსამზადებლად სამზარეულოში შევედი, კინაღამ გრძნობა დავკარგე, რადგან იქ ყავის ფინჯნით ხელში ჩემი ყოფილი ქმარი დამხვდა. არაფერი შეიმჩნია, ვითომც არც მიცნობდა, ისე მომესალმა, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და გავიდა. თავიდან ვიფიქრე, ყოფილი ქმრის ახალ ოჯახში ძიძად მუშაობას ისევ სახლში მარტოობას და გაჭირვებულ ყოფას ვამჯობინებ-მეთქი, თუმცა, შემდეგ გადავწყვიტე, კარგი იქნებოდა, თუ მუშაობას ისე გავაგრძელებდი, თითქოს იმას არც ვიცნობდი. ასე ნერვებსაც კარგად მოვუშლიდი. მინდოდა, ცოტათი ეგრძნო, მე რა გადავიტანე.

– ნერვიულობდა?

– ძალიან. ამიტომ, სულ მერიდებოდა. მე ისეთი ხასიათი მაქვს, ბავშვიც შემიყვარდა და მისი მეორე ცოლიც, რომელიც ჩემით ძალიან კმაყოფილი იყო, ის საზიზღარი კი უწინდებურად არაფერს იმჩნევდა. თუმცა განზრახვა რაც ჰქონდა, ბოლომდე ვეღარ დამალა. ერთ დღეს დამიმარტოხელა და გამომიცხადა, რომ ისევ ვუყვარვარ და ჩემ გარეშე ახლა უფრო მეტად ვერ წარმოუდგენია ცხოვრება, თუმცა, ახალ ოჯახსაც ვერ დაანგრევს, ანუ, ყოფილმა ქმარმა, ჩემი შვილების მამამ, საყვარლობა შემომთავაზა. ხელისგულზე გატარებ, ფინანსურადაც დაგეხმარები, ოღონდ დამიბრუნდი, ეს ვერაფერს გაიგებსო... სიმწრისგან სიცილი ამიტყდა.

– ახლა რას აპირებთ?

– ზოგჯერ ვფიქრობ, ყველაფერი მის ცოლს მოვუყვე. მერე რომ დავფიქრდები, ქალი მეცოდება, განა მან რამე დამიშავა? მერე მაინც გაბრაზება მძლევს და შურისძიების სურვილი მიპყრობს – ჩემი ქმარყოფილი ღირსია, რომ ცხოვრება გავუმწარო-მეთქი. მაგრამ იმ სახლიდან აუცილებლად წამოვალ. ჩემი ყოფილი ისეთი არაკაცი აღმოჩნდა, რომ ჩემი „დახმარების“ გარეშეც მოიტეხს კისერს. ყოფილ ქმართან, რომელსაც ახლა სხვა ცოლი ჰყავს, რომანის გაბმა უზნეობად მიმაჩნია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი