რას ამბობენ მიტოვებულ ქალებზე
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 18.02, 2022 წელი
უამრავ ამბავს გაიგებთ ქალებზე, რომლებიც მამაკაცმა მიატოვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ცხოვრება ისე, როგორც სურდათ. იქნებ, ახლა თქვენი ოცნებების ასრულების დროცაა!
ენერგია, რომელიც თქვენ დახარჯეთ მასთან ურთიერთობების დალაგებაში, შეგიძლიათ, ახლა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ და მარტივად განახორციელოთ დასახული გეგმები. დიდი ხანია, ოცნებობთ უცხო ენის ან სამეჯლისო ცეკვების შესწავლაზე, მოძებნეთ თანამოაზრეები, დარეგისტრირდით კურსებზე ან დაიწყეთ მეცადინეობა დამოუკიდებლად. დახარჯეთ ენერგია, ნუ გადაიტანთ მას აგრესიაში, იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის.
მაკა (37 წლის): მე ახლა ჩამოვთვლი ყველა იმ ფრაზას, რომლებსაც ულმობლად იყენებენ ხოლმე ვითომ კეთილმოსურნე ჩვენივე სქესის წარმომადგენლები: „...კაცმა მიგაგდო, როგორ გააგრძელებ ცხოვრებას?“ „ელოდი ურთიერთობის ასეთ შემობრუნებას?“ „რა გეშველება?“, „ისევ გიყვარს?“ „რა ცოდო ხარ“... რა საჭიროა ასეთი, ვითომ „თანადგომა“. ისედაც ხომ გასაგებია, რას ვგრძნობთ იმ ადამიანთან დაშორების შემდეგ, რომელიც ისევ გვიყვარს. არავინ ფიქრობს, რას განვიცდით ამ დროს რეალურად. დიახ, განშორებისთანავე გვინდა, სულმა ტკივილი შეწყვიტოს, გვინდა დავივიწყოთ და ისევ ვიგრძნოთ თავი საყვარლად, ძვირფასად და სასურველად. მაგრამ ჭრილობაზე მარილს გაყრიან და არ გაცდიან, მდგომარეობიდან გამოხვიდე. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა დაფიქრდეთ – თუ თავად გესმით თქვენი განშორების მიზეზები და დარწმუნებული ხართ, რომ არ გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის აღდგენა, ეს რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ.
– ამისთვის საკუთარი ცხოვრებიდან უნდა წაშალოთ ყველაფერი, რაც მოგაგონებთ იმ კაცს, რომელმაც მიგატოვათ.
– დიახ. მართალი ბრძანდებით. მაგრამ, აბა, სცადეთ, არ გაიგოთ მის შესახებ ინფორმაცია. ამის საშუალებას საერთო ნაცნობები და კოლეგები არ მოგცემენ და, აი, ეს არის ყველაზე რთულად შესასრულებელი. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებული უკვე წარსულშია, აღარ გადმომაქვს მასზე ფიქრები ჩემს აწმყოში. ვცდილობ, ჩემს გრძნობებს საშუალება მივცე, დამშვიდდეს და უფრო სწრაფად ვიგრძნო თავისუფლება, მაგრამ ბარიერს მეგობრები და ახლობლები მიქმნიან. მე არ ვამბობ, რომ მათ ჩემი კარგად ყოფნა არ უნდათ, მაგრამ უკუღმა გამოსდით. ამბობენ, ახლობელი ადამიანები და სანდო მეგობრები დაგეხმარებიან ემოციური სიცარიელის შევსებაშიო – ამაზე დიდი ტყუილი არაფერია. მაშინ მიმართეთ მათ, ვინც არ განგსჯით თქვენ, ვინც არ დასცინებს თქვენს წარუმატებლობას, ვინც სტიმულს მოგცემთ, ახალი ცხოვრების დასაწყებად. მიმართეთ, თუ ასეთს საერთოდ იპოვით. მე მხოლოდ ნერვებს მიშლიან იმით, რომ მიცოდებენ და მერე, დიდხანს, საკუთარი თავი მძულს.
– ანუ, თქვენ გჭირდებათ ის, ვისთანაც შეძლებთ, ზოგჯერ იტიროთ და ვისთანაც საუბრის გარეშეც კარგად იგრძნობთ თავს?
– აღარავინ მჭირდება საერთოდ. მტკივნეულია გამოცდილების მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ემოციური – სტერსი „კეთილის მსურველებისგან“. ამას ჩემი მწარე გამოცდილების გათვალისწინებით ვამბობ. რეალურად, ის, რომ ამ კონკრეტულმა მამაკაცმა მიგატოვათ, სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც გამოუსწორებელი უბედურება გჭირთ. მთავარია, კარგად გამოიკვლიოთ მისი წასვლის მიზეზები, რომ იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ. როდესაც დიდი ძალისხმევის ფასად შინაგანი წონასწორობა აღდგება, თავისუფლად უნდა მისცეთ საკუთარ თავს მსუბუქი ფლირტის უფლება და ეგ ყველაზე კარგი წამალია. კიდევ იმას უნდა მიხვდეთ, რომ ადამიანის ცხოვრებიდან სრულად გამორიცხვა არასოდეს იქნება შესაძლებელი, მაგრამ სწრაფად და ნათლად უნდა განსაზღვროთ თქვენი შესაძლო ურთიერთობის საზღვრები და გარდაუვალი მომენტები.
– ხშირად, იძულებითი განშორების შემდეგ, ქალებს აწუხებთ კითხვა, როგორ იძიონ შური იმ კაცზე, რომელმაც მიატოვა.
– გულახდილად გითხრათ? ამ კითხვაზე პასუხები ტრაგიკულიდან სასაცილომდე მერყეობს. თქვენ როგორ გგონიათ, ღირს შურისძიება? მე ვფიქრობ, შურისძიებას წყვეტენ ქალები, რომლებიც საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებენ. წარმოიდგინეთ, კაცისთვის, რომელმაც მიგატოვა, შენ, გარკვეული გაგებით, „მოკვდი“, ღირს თუ არა მისთვის რაიმეს დამტკიცება? სჯობს, მთელი ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანოთ – დროა, სწორედ ის აკეთოთ, რაც მართლა გინდათ. მე ახლა ზუსტად ვიცი, რომ ისეთი სევდიანი მოვლენა, როგორიცაა საყვარელ მამაკაცთან განშორება, შეიძლება, იყოს ცხოვრების ახალი, ბედნიერი პერიოდის დასაწყისი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან