გულახდილი საუბრები

რას აღიარებენ მოღალატე მამაკაცები და რა მიზეზით რჩებიან ისევ ცოლებთან

№22

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.06, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, დაქორწინებული კაცების 2.2 პროცენტმა აღიარა, რომ წლის განმავლობაში ერთზე მეტი პარტნიორი ჰყავთ. და საერთოდ, როგორც მკვლევრებმა გამოთვალეს, დაქორწინებული მამაკაცების 15-20 პროცენტს აქვს საიდუმლო რომანი, თან ისინი უფრო მეტად არიან მიდრეკილები ღალატისკენ, ვიდრე ქალები. რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან? შეიძლება, იმიტომ, რომ ქალები მათ პატიობენ? ან იქნებ მიზეზი სხვაა?

ლიკა (43 წლის): მიუხედავად იმისა, რომ დღეს ოჯახი მაქვს და ქმართანაც ურთიერთობა შევინარჩუნე, მაინც ვერ ვერევი წყენას. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ თუ შანსი მიეცემა, ისევ მიღალატებს.

– გიღალატათ, აპატიეთ და ნანობთ?

– არა, არ ვნანობ. მუდმივად სინანულში ცხოვრებას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემი ქმრის დამოკიდებულება ოჯახის მიმართ არ მომწონს. მას კი არ ვუყვარვარ, უბრალოდ, ფიქრობს, რომ სახლი საუკეთესო ადგილია.

– ფიქრობთ, რომ მოღალატე კაცები ცოლებს შეჩვევის გამო არ ტოვებენ?

– უკვე დარწმუნებული ვარ ამაში. მეუღლე შეგეჩვიათ, საჭმელს უმზადებთ, ბავშვებს უვლით. ეს ყველაფერი მას თავს კომფორტულად აგრძნობინებს, საყვარელს რაღაც ახლის პოვნის მიზნით იჩენს და არა იმისთვის, რომ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. სახლი მისთვის ჯერ კიდევ სასახლესავითაა. ისინი საყვარლებთან იქმნიან ილუზიას, რომ სახლი და ცოლი მათთვის სატანჯველია. რომ ერთი სული აქვთ ამ „ჯოჯოხეთს“ თავი დააღწიონ. რეალურად კაცს ფიქრიც კი არ უჩნდება იმის შესახებ, რომ ცოლი მიატოვოს. რადგან იცის, რომ მის გარეშე სახლის საქმეებს ვერ გაუმკლავდება, სიმყუდროვე და თბილი ბუდე არ ექნება. შეიძლება, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული და ვნება აღარ არსებობდეს, მაგრამ მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა უფრო მყარი „ბეტონია“, ვიდრე ვნება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მეუღლეს სახლი, უბრალოდ, იმ ადგილად მიაჩნია, სადაც დაისვენებს, გემრიელად შეჭამს და კომფორტულად გამოიძინებს და ეს ნორმალური ურთიერთობაა?

– ნორმალური არ არის. მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ კაცი მაინც სხვა ქალს ეძებს. მაგალითად, ჩვენ კარგი ოჯახური წყვილი ვართ. ორივეს მოვალეობები გვაკისრია, რომლებსაც პასუხისმგებლობით ვეკიდებით, ამიტომაც როცა ქმარმა მიღალატა, ჩავთვალე, რომ მას, უბრალოდ, „შესვენება“ სჭირდებოდა.

– თუმცა, დღეს ასე აღარ ფიქრობთ?

– იცით, ვერ გეტყვით. როცა გავიგე, რომ მეუღლე მღალატობდა, ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ქალს. ემოციების გადალახვის შემდეგ მეუღლეს ვკითხე – რატომ გააკეთე ეს-მეთქი მითხრა, რომ მისთვის ისევ ერთადერთი ვარ და რომ ოჯახის დატოვებას არ აპირებდა. პასუხი ტკივილამდე მარტივი იყო. ანუ, იმიტომ კი არ მიღალატა, რომ რამე მჭირდა, ან ცუდი ცოლი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ თავად მასში იყო პრობლემა. ბოლო დროს ძალიან ბევრი წავიკითხე ამ თემაზე. საქმე ისაა, რომ ზოგი კაცი ფიქრობს, სხვა ქალთან ურთიერთობა მას შეცვლის და გააბედნიერებს, თუმცა, ასე არ ხდება. მათ ჯერ კიდევ უყვართ ცოლები, მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ.

– აგრძელებთ ცხოვრებას კაცთან, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს?

– გეტყვით, რა მაკავებს მასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად უყვარს თავისი ცოლი – ანუ, მე.

– ან საკმარისი გამბედაობა არ გააჩნია ცხოვრების მთლიანად შესაცვლელად.

– ვერ ვიტყოდი. როცა ახალი გრძნობა მართლა ჩნდება და ძალიან ძლიერია, ასეთ შემთხვევებში კაცი ამჯობინებს, ცოლს გაეყაროს და ხელახლა დაქორწინდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. მათ ჯერ კიდევ ძლიერი კავშირი აქვთ ცოლებთან. ცოლ-ქმრის განშორება ძალიან რთულია, ყველაზე მტკივნეული კი იმის გააზრებაა, რომ შვილებთან მთელ დროს ვეღარ გაატარებენ. ეს ბევრ წყვილს უშლის ხელს განქორწინებაში, მაშინაც კი, თუ თავს ერთად ბედნიერად აღარ გრძნობენ.

– ამიტომაც არ გაშორდით?

– დიახ, არ მინდოდა, თვალებში შემეხედა განქორწინებით გამოწვეული ტკივილისთვის. სიტყვა „განქორწინებაც“ კი მილიონობით ნეგატიურ ემოციას წარმოქმნის. ვამჯობინე, ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო. კიდევ იმიტომ, რომ დავინახე – ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ქმარს მაინც არ სურდა, ტკივილი მიეყენებინა ცოლისა და შვილებისთვის. მან გააცნობიერა, რომ ღალატი შეცდომა იყო. არ იცოდა, რა გაეკეთებინა, ეთქვა ჩემთვის სიმართლე თუ არა. მოკლედ, მოღალატე კაცები ცოლებს არ ტოვებენ, თუ ცოლი თავად არ გააგდებს სახლიდან და ამის მერეც დიდი შანსია, უკან დაბრუნდეს.

– ცოლებს მოუწოდებთ, რომ არსად გაუშვან მოღალატე ქმრები?

– არავის არაფერს მოვუწოდებ. უბრალოდ, ვამბობ, თუ ქმარი გეძვირფასებათ და ფიქრობთ, რომ განშორება უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებთ, აჯობებს, ოჯახი შეინარჩუნოთ. მომხდარის დავიწყებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ, მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას ნამდვილად ისწავლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი