გულახდილი საუბრები

რამ შეიძლება, ქალს ქმრის ღალატისკენ უბიძგოს

№11

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 28.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არცერთ თანამედროვე ავტორს თუ მკვლევარს არ მიაჩნია, რომ ღალატში სქესი რაიმე როლს ასრულებს. კაცსაც და ქალსაც ერთნაირად შეუძლიათ ღალატიც და ერთგულებაც, თუმცა, არსებობს საზოგადოებები, რომლებიც კაცის ღალატს ამართლებენ, ქალისას კი გმობენ. ამას ფსიქოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო – უფრო პატრიარქალური მსოფლაღქმის გამოძახილია და ჩვენს საზოგადოებაშიც სწორედ ასეა მიღებული. ბევრი ფსიქოლოგი იმასაც დასძენს, რომ ღალატი მხოლოდ სექსს, საზოგადოდ, ფიზიკურ კომპონენტს არ მოიცავს. მეტიც – ეს არც არის ღალატის მამოძრავებელი ძალა. ღალატი გულისხმობს ვნებას, თავდავიწყებას, აზარტს, უნივერსალურ ემოციებსა და მოტივაციებს, რომელთა განცდაც ორივე სქესის წარმომადგენელს შეუძლია. როგორც მოღალატე კაცების გამართლება არ შეიძლება მათი „ბუნებით” და ამას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია, ზუსტად ისეა ქალის ღალატის შემთხვევაშიც.

ლიკა (46 წლის): ამ წერილს ვინც წაიკითხავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი საშინელ ეპითეტებს არ დაიშურებს ჩემი მისამართით. ღალატის მომხრე არც მე ვყოფილვარ, თუმცა ამ ამბავმა ჩემზე სასიკეთო გავლენა მოახდინა.

– რას გულისხმობთ. ღალატმა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური როლი შეასრულა?

– დიახ. სწორედ ამისი თქმა მინდოდა. ცხრამეტი წლის გავთხოვდი, ახლა ორმოცდაექვსის ვარ. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. თავის დროზე გიჟური სიყვარული და თავაშვებული ვნებაც იყო, მაგრამ მას მერე, რაც შვილი შეგვეძინა და დრო გავიდა, ჩვენი თანაცხოვრება უფრო მეგობრულს დაემსგავსა. ჩვენი შეხვედრების ადგილი მხოლოდ ჩვენივე ბინა იყო, სადაც ერთმანეთს სამსახურის შემდეგ დაღლილები ვხვდებოდით, ვივახშმებდით, ორ სიტყვას გავცვლიდით და ტელევიზორთან ჩაგვეძინებოდა ხოლმე. გულის სიღრმეში ცვლილებები ძალიან მინდოდა, რამდენჯერმე ჩემს ქმარს სადმე გასეირნებაც შევთავაზე, ან შვებულების ერთად გატარება, მაგრამ უარი მივიღე.

– რუტინამ შთანთქა თქვენი ურთიერთობა?

– ასე გამოვიდა. თავისთავად მოხდა ყველაფერი. დაღმართზე რომ დაცურდები და ვეღარაფერი გაკავებს. ორი წლის წინ ყველაფრით გადაღლილმა ეგვიპტეში დასვენება მოვიწადინე. მეუღლეს ვემუდარებოდი, მაგრამ ამაოდ, მითხრა, – შენ თუ გინდა, წადი, მე ვერ წამოვალ, ძალიან ბევრი საქმე მაქვსო. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, ეჭვი მღრღნიდა, მაგრამ მაინც წასვლა ვარჩიე და კომპანიონის ძებნა დავიწყე. მეგობრები ვერ დავითანხმე, ზოგს შვებულებას არ აძლევდნენ, ზოგი ქმარ-შვილს ვერ ტოვებდა, ზოგსაც ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ბოლოს და ბოლოს ისევ მარტო წასვლა გადავწყვიტე. ეგვიპტეში არაჩვეულებრივი ამინდი, ზღვა და სასტუმრო დამხვდა. წინ ორკვირიანი სიამოვნება მელოდა. მშვიდად დასვენება მინდოდა, მაგრამ გეგმა ჩამეშალა... საღამოს ტერასაზე რესტორანში ვიჯექი და კოქტეილს ვწრუპავდი, თან მზის ჩასვლით ვტკბებოდი, რომ უეცრად ზურგს უკან მამაკაცის ხმა შემომესმა: თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენთან დავჯდებიო. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ ჩემ გვერდით დასკუპდა. 35-37 წლის იქნებოდა. გარუჯული მხრებით, ეშხიანი და მწველი გამოხედვით საოცრად მიმზიდველი იყო. მე თავიდან მოკლედ და უკმეხად ვპასუხობდი. დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, სასტუმროში ამაცილა და ოთახამდე მომყვა. ნომერი ჩემ გვერდით ჰქონია. ამ ამბავმა ძალიან გაახალისა, მე კი, რატომღაც, დავიძაბე. ადამიანებისგან დასვენება მინდოდა. დილით ადრე კარზე კაკუნმა გამაღვიძა. მხარზე პირსახოცგადაკიდებული გუშინდელი ნაცნობი შემრჩა ხელთ. – გეძინა? – გაიკვირვა, – დროზე, საბანაოდ გავიდეთ! დილით აქაურობა განსაკუთრებულიაო. მხნედ ლაპარაკობდა. ისევ ბრაზი მომერია, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. – სანაპიროზე გელოდებითო, – მომაძახა და ლიფტისკენ გაემართა. საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და გაღიზიანებული სანაპიროზე ჩავედი. – მეგონა, აღარ მოხვიდოდი, – მითხრა გახარებულმა, მაგრამ უხასიათობა შემატყო და გაჩუმდა. ცოტა ხანში დაძაბულობის განმუხტვა გადავწყვიტე და საუბრის წამოწყება ვცადე. გახალისდა და საკუთარი თავის შესახებ მომიყვა. არქიტექტორი აღმოჩნდა. საინტერესოდ ლაპარაკობდა და გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ჩემი კეთილგანწყობა მოიპოვა. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. საღამოობით აუზთან კოქტეილს ვსვამდით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით. ჩემს თავზეც ვუყვებოდი. ინტერესით მისმენდა და რჩევებს მაძლევდა. ყოველ დილით ზღვაზე ერთად გავდიოდით, პატარ-პატარა ექსკურსიებს ვაწყობდით, მაღაზიებში დავბოდიალობდით. რაც მთავარია, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა და ეს მომწონდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, არაფერს აშავებ- მეთქი.

– ანუ, სინდისი მაინც გაწუხებდათ.

– რაღაცნაირად მქენჯნიდა. ერთ საღამოს კარზე დამიკაკუნა, მზისგან დამწვრობა მოიმიზეზა და დახმარება მთხოვა. დამწვრობის მოსაშუშებელი მალამო ავიღე და მის ნომერში შევედი. მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თვითონაც არ მჯეროდა, რომ მსგავსი რამ ჩემს თავს ხდებოდა. ყოველთვის ერთგული ცოლი ვიყავი და ფიქრადაც არ გამივლია ქმრის ღალატი, ახლა კი რას ჩავდიოდი... იმ ღამის შემდეგ, ყოველ დილით ყვავილები მოჰქონდა და ერთად ვსაუზმობდით. როცა ცხელ ქვიშაზე ფეხისგულები დამეწვებოდა, ხელში აყვანილი დავყავდი. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთით ვტკბებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, დამთავრდებოდა: მას ცოლი ჰყავდა, მე – ქმარი... ბოლო საღამოც მასთან გავატარე. დილამდე მის აივანზე ვისხედით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და ყველაფერში დადებითი მხარე უნდა ვეძებოთ.

ერთმანეთს თბილად გამოვემშვიდობეთ. თვითმფრინავში ყველაფერს თავიდან ვიხსენებდი და მასთან განშორება მენანებოდა. მართლა ძალიან მადლიერი ვიყავი, რადგან ის დღეები უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში, ქმრისგან უგულებელყოფილმა ახლაღა აღმოვაჩინე, რა იყო ქალური ბედნიერება, მან საკუთარი თავი მეტად მომაწონა და შემაყვარა.

– არ გიცდიათ ურთიერთობის გაგრძელება?

– არა. გადავწყვიტე, ყველაფერი ლამაზ მოგონებად დარჩენილიყო. თან, შინ დაბრუნებულს, მეუღლისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, უფრო თბილი და ყურადღებიანი გავხდი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისიც სასიკეთოდ შეიცვალა. საუბარი ერთ ენაზე დავიწყეთ. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. კომპლიმენტებს აღარ იშურებდა. ახლა მასთან გატარებული ყოველი დღე და მისი ყველა წარმატება მიხაროდა. თითქოს ერთმანეთი ხელახლა შეგვიყვარდა. ღალატზე არაფერი მითქვამს და არც არასდროს ვეტყვი. არც ის მინდა, ვიცოდე, ოდესმე თუ ჩემთვის უღალატია. შესაძლოა, ვიღაცამ გამკიცხოს კიდეც, მაგრამ ახლა ცოლქმრულ ღალატს უკვე სხვაგვარად ვუყურებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა