გულახდილი საუბრები

რადგან განათხოვრის სახელი მაქვს, ყველა სხვა თვალით მიყურებს, მამის ძმაკაცებიც კი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.05, 2023 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

საკმაოდ ახალგაზრდა დედ-მამა მყავს. ბებია-ბაბუა რომ მაკითხავდა სკოლაში, ჩემს მეგობრებსა და თანაკლასელებს ისინი ეგონათ ჩემი მშობლები. 

მოკლედ, ტრადიციულ, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედისერთა ვარ და ხელის გულზე მზრდიდნენ, ფუფუნებაში. ბოლო კლასში უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის კერძო რეპეტიტორთან მამზადებდნენ. იქ, სხვებთან ერთად, ჩემი თანატოლი ბიჭი დადიოდა, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა. დედის დღეს ყვავილები მიართვა ჩვენს რეპეტიტორს და მეც მომიტანა პატარა საჩუქარი: მერე რა, რომ დღეს შენი დღე არ არის, შენც ხომ პოტენციური დედა ხარ და გილოცავო. ვერ გეტყვით, როგორ გამახარა. იმ დღიდან, რაღაცნაირად ჩამივარდა გულში, შემიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. იმ წელს ორივე მოვხვდით უმაღლესში და ქულები რომ გამოცხადდა, სწორედ იმ დღეს დამირეკა, მომილოცა და დამპატიჟა. მითხრა: ჩემები, წასულები არიან, მარტო ვარ სახლში, ტკბილეულს ვიყიდი, ამოდი და ფილმს ჩავუსხდეთო. რასაკვირველია, უარი არ მითქვამს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს, მისი ცოლი გავხდი. ფილმის ყურება რომ დავიწყეთ, ჩამეხუტა, მომეფერა და ყურში ჩამჩურჩულა: სიგიჟემდე მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვძლებ, მოდი, ერთად დავიწყოთ ცხოვრება, ვიცი, შენც ძალიან გიყვარვარო. ვერ გეტყვით, ჩვენი მშობლები აღფრთოვანებული შეხვდნენ ამ ამბავს-მეთქი. ძალიან ინერვიულეს, მაგრამ ბედს შეეგუენ. მეც მოვირგე ცოლის როლი და დავიწყე ახალი ცხოვრება საყვარელ ადამიანთან ერთად. სანამ სწავლა დაიწყებოდა, ზღვაზე გაგვიშვეს დასასვენებლად. იქიდან დაბრუნებული კი ნამდვილ კოშმარში აღმოვჩნდი. არ ვიცი, რამ შეცვალა, რა დაემართა, დაიწყო უმიზეზოდ ეჭვიანობა, უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ისიც კი არ სიამოვნებდა. ერთ დღეს კი ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ბიჭის ხმა იყო, ნომერი შეეშალა და ამაზე სკანდალი მოაწყო. მაშინ პირველად გამარტყა სახეში ხელი. ამ დღის მერე, ცემას შეეჩვია. მრცხვენოდა ვინმესთვის ამის თქმა, თან, ვფიქრობდი: ალბათ, ძალიან ვუყვარვარ და ეჭვიანობს, იმიტომ იქცევა ასე-მეთქი, თუმცა, ერთ დღესაც ზედმეტი რომ მოუვიდა და თვალი კარგად ამომილურჯდა, დედაჩემი ყველაფერს მიხვდა. გვერდით მომისვა და გამომკითხა. მეც ვეღარ დავუმალე. ეგრევე მამაჩემს დაურეკა. ისიც მოვიდა, ატყდა ერთი ამბავი და გამაშორეს ადამიანს, ვისაც, ახლა რომ ვფიქრობ, კი არ ვუყვარდი, მისთვის, უბრალოდ, ბავშვური გატაცება ვიყავი. ჩემთვის კი ეს ყველაფერი ბავშვური ვნება იყო. იმ დღის მერე მეორე ჯოჯოხეთი დაიწყო. ვინც იგებდა, ქმარს გავშორდი, ცუდი თვალით მიყურებდა. ზოგი სად მეპატიჟებოდა, ზოგი რა საჩუქარს მიგზავნიდა, ზოგი სადარბაზოში მხვდებოდა და ზოგიც ტელეფონზე მიკლებდა. ისეთი უხამსი მესიჯები მომდიოდა, წაკითხვაც კი მრცხვენოდა. ეს არაფერი, ვიტანდი და ვუმკლავდებოდი, მაგრამ ყველაზე კოშმარი ის იყო, ბიძაკაცებს რომ მოვწონდი და „მეჩალიჩებოდნენ“. როგორც გითხარით, ტრადიციული ოჯახი გვაქვს, მამაჩემი ახალგაზრდაა, უამრავი ძმაკაცი, მეგობარი და ნაცნობი ჰყავს. ხშირად იშლებოდა სუფრები და მოდიოდნენ სტუმრად. მანამდე, არცერთისგან არ მიგრძნია დაჟინებული მზერა, თუმცა, ახლა რომ შეზარხოშდებიან, ისეთი ვნებიანი თვალებითა და დაჟინებული მზერით მიყურებენ, სად დავიმალო, არ ვიცი. ამიტომ, ვცდილობ, როცა სახლში სუფრა იშლება, ხან თავის ტკივილი მოვიმიზეზო, ხან კბილის და ჩემს ოთახში გამოვიკეტო. ვის არ მოსვლია შეცდომა, შეუცდომელი ნეტავ არის ვინმე? ვაღიარებ, ბავშვურად შევცდი და ამის გამო მსუბუქი ყოფაქცევის იარლიყი ხომ არ უნდა მომაწებონ? ზუსტად ვიცი, გამოჩნდება ადამიანი, ვინც გულით შემიყვარებს. იმის გამო რომ განათხოვარი მქვია, ოცდაორი წლის გოგო ნამდვილად არ ავცდები გზას. ოჯახი გვერდით მიდგას, მეგობრებიც ძალიან კარგი მყავს, კარიერას შევიქმნი და მერე გამოჩნდება ადამიანი, ვისთან ცხოვრებასაც გადავწყვეტ და შევქმნი ისეთ ოჯახს, როგორიც დედას და მამას აქვთ.

ნიაკო, 22 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი