გულახდილი საუბრები

რა უნდა დაუპირისპიროს შვილმა დედას, რომელიც მის ცოლთან ნორმალურ ურთიერთობაზე უარს ამბობს

№43

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

უნდა ვაღიაროთ, რომ დედამთილების მტრული დამოკიდებულება რძლების მიმართ დღემდე აქტუალური „ტრადიციაა“. არსებობენ დედები, რომლებსაც შვილი ვაჟები ეგოისტურად უყვართ და მათი აგრესია მიმართულია პოტენციური „მეტოქის“ – რძლის მიმართ. აქ არა მარტო მენტალური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემაცაა. მესაკუთრული დამოკიდებულება შვილის მიმართ ქალს აიძულებს, მტრად შერაცხოს რძალი და უპირისპირდება მას. რასაც რამდენიმე ადამიანის ბედნიერება ეწირება.

ნინი (35 წლის): არასოდეს დამავიწყდება ჩემი და ჩემი დედამთილის პირველი ოფიციალური შეხვედრა. ახლაც თვალწინ მიდგას და ყურში ჩამესმის მისი ხმა. სახლში რომ მივედით, ისე აკივლდა – ხომ გაგაფრთხილე, აქ ფეხი არ შემოადგა, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ, თვალით არ დამენახოო, რომ გამაჟრიალა.

– ასე უმიზეზოდ დაგიპირისპირდათ?

– რომ ჰკითხოთ, ძალიან უყვარს შვილი, მე კი მის შესაფერისად არ მივაჩნივარ. არ ვუნდივარ და რა გინდა, რომ ქნა. სამწუხაროდ, მუქარის ასრულება შეძლო. ორი წელია, დაქორწინებულები ვართ. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ დღემდე ჩუმად ვხვდებით ერთმანეთს. წარმოგიდგენიათ ასეთი მდგომარეობა? ხომ ძნელი წარმოსადგენია. აი, ეს გააკეთა ჩემმა დედამთილმა. სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ხშირად ვსტუმრობდი მათ ოჯახს. ასე რომ, იმ ქალისთვის ჩვენი დაქორწინება სიურპრიზი არ ყოფილა. არც ის მახსოვს, ჩემს სადედამთილოს ეგრძნობინებინა, რომ მისი ერთადერთი შვილისთვის საცოლედ არ ვსურდი. დაქორწინებას რომ ვაპირებდით, ყველამ იცოდა. უხმაუროდ და დიდი აჟიოტაჟის გარეშე დავიწერეთ ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ. ოჯახში რომ მივედით და ვთქვით, უკვე ცოლ-ქმარი ვართო, ჩემი დედამთილი გაცეცხლდა: დიდი ქორწილი და ტრადიციული ლხინი არ მოგწონს, შე ტუტუცო გოგო და ჩემს ერთადერთ შვილსაც ტვინი აურიეო. ჩემი ქმარი ამაოდ ცდილობდა, დედამისი შეეჩერებინა. მე ღიმილით ვუთხარი: გვაპატიეთ, თუ გაწყენინეთ, რადგან თქვენ გნებავთ, გადავიხადოთ დიდი ქორწილი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი.

– ეს გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი?

– არავის დავპირისპირებივარ. მართლა არ მიფიქრია ვინმეს განაწყენება, უბრალოდ, არ მიყვარს ხმაური და დიდი ქორწილები. ჩემი ქმარიც ასე ფიქრობს, ამიტომაც სულ რამდენიმე მეგობართან ერთად მივედით ტაძარში, ჯვარი დავიწერეთ, ხელიც მოვაწერეთ და შემდეგ მეგობრებთან ერთად რესტორანში აღვნიშნეთ. ამის შემდეგ ჩემი დედამთილი მტრად გადაგვეკიდა. ჩემს შეთავაზებაზე, დიდი ქორწილიც გადაგვეხადა, ლანძღვის კორიანტელი დამატეხა თავს – ქორწილი რომ გადაგიხადოთ, ჯვარს ხომ ვერ დაიწერთ თავიდანო. საქორწინო მოგზაურობისთვის თვითმფრინავის ბილეთები უკვე შეძენილი გვქონდა. დაზაფრულები გავფრინდით. ვფიქრობდით, ჩვენს არყოფნაში დამშვიდდებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა, მაგრამ უფრო გაგიჟდა და გადაირია. ჩემს ქმარს მამა მაშინ გარდაეცვალა, როცა პატარა იყო. ამიტომაც დედამისი ერთპიროვნულად წყვეტდა ოჯახში ყველაფერს. მოკლედ, რომ ჩამოვედით და მივედით სახლში ისევ აკივლდა: ხომ გაგაფრთხილე, ამ სახლში ფეხი არ შემოადგა, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ, თვალით არ დამენახვოო. წამოვედით. ჯერ ჩემებთან ვიცხოვრეთ სამი თვე. მერე ცოტა ხანი ქირით გადავედით. დედამთილი ცდილობდა, შვილი დაერწმუნებინა, რომ მე ბოროტი ვიყავი, ეუბნებოდა: თუ მაგას არ მოსცილდები, დაგღუპავს, თუ მასთან დარჩები, მემკვიდრეობას წაგართმევო. ჩემი ქმარი ცოფდებოდა დედამისის მუქარაზე. ქირით ცხოვრება დიდხანს ვერ შევძელით, მე უმუშევარი ვარ და ჩემი ქმრის შემოსავალი ამდენს ვერ გასწვდა. გამწარებული იყო. მაშინ ვუთხარი, მოდი, დავშორდეთ, მე გირთულებ ცხოვრებას-მეთქი. გაგიჟდა – ეტყობა, აღარ გიყვარვარ, არაფერი მაბადია, არავინ ვარ, დედასთან ურთიერთობაც კი ვერ მოვაგვარე. ალბათ, ფიქრობ, რომ არასრულფასოვანი კაცი ვარო. იმ დღეს დიდი უკმაყოფილება მოგვივიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მე ჩემს მშობლებთან, ის კი ჯერ მეგობართან, შემდეგ კი დედამისთან წავიდა.

– დაშორდით ერთმანეთს?

– ასე გვეგონა. მაგრამ მხოლოდ ერთი კვირა გავძელით უერთმანეთოდ. შეხვედრა მთხოვა. შევრიგდით, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ, სად გვეცხოვრა. ჩემს ქმარს ჩემებთან ცხოვრება არ უნდა, დედამისი კი მე არ მიშვებს სახლში. არადა, ორსულად ვარ და შვილი უნდა გავაჩინო. ვცდილობთ, როგორმე უცხოეთში გავაღწიოთ, რომ სამუშაო გაგვიჩნდეს და ისე ვიცხოვროთ, როგორც სრულფასოვანმა ოჯახმა. დედამისს გაუგია, რას ვაპირებთ და იმუქრება: თუ წახვალ, თავს მოვიკლავო. საშინელი ქალია. ახლა გვითხრეს, თურმე, მთელ ქონებას და სახლს დისშვილს უფორმებს. ის გოგო თავად მოვიდა ჩვენთან და გვითხრა ეს ამბავი. თან, დაგვამშვიდა: არა უშავს, გადმომიფორმოს, მე კი, კანონის ძალით, შენ გაჩუქებ და ასე მოვერევით დეიდაჩემსო. აი, ასეთ დღეში ვართ. რა უნდა, რატომ იმწარებს თავის ცხოვრებასაც და არც ჩვენ გვაცდის ბედნიერებას, ვერ გავიგეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი