გულახდილი საუბრები

რა უქმნის კაცს იმის პირობებს, რომ ცოლს უღალატოს

№13

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.04, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე ოჯახებში ბევრი ქმარი ღალატობს ცოლს. როგორ უნდა მიხვდე, რომ ქმარი გღალატობს? ზოგიერთი ქალი მარტივად ხვდება ამას, თუმცა, რეაქცია სულ სხვადასხვანაირი აქვთ. ფსიქოლოგები ქცევის რამდენიმე დამახასიათებელ ფორმას გამოყოფენ:

1. იგნორირება, ანუ თვალების დახუჭვა, რომ ოჯახში სიმშვიდე არ დაარღვიოს (თუმცა ეს არც ისე ეფექტურია, რადგან ასეთ ტაქტიკას ბევრჯერ მოჰყოლია კაცის ოჯახიდან წასვლა, ასევე მშვიდად);

2. სკანდალი და ალიაქოთი (ამასაც ხშირად მოჰყოლია კაცის წასვლა);

3. წყნარად, მეგობრულად განხილვა, მიზეზების ძიება და გამოსავლის ერთად პოვნა;

4. ფარულად მოქმედება – კაცი ვერც ხვდება, ბევრი ქალი ისე „ანეიტრალებს“ სიტუაციას ან „მეტოქეს“ და ცხოვრებას ისევ ჩვეულებრივ კალაპოტში აბრუნებს.

ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია, მომზადებული დახვდე მამაკაცის მხრიდან მსგავს ქმედებას და გონივრულად (არა ემოციებზე აყოლით) იმოქმედო.

თაკო (38 წლის): მე ვხვდები, რომ ღალატისგან დაცული არავინაა. მთავარია, ზუსტად იცოდე, შენ ვინ ხარ, რა გინდა და სად არის შენი ადგილი ქმრის ცხოვრებაში. ამბობენ, რომ ჭკვიანი ცოლისთვის დამახასიათებელია მშვიდი მოქმედება მამაკაცის ხასიათის გათვალისწინებით. თუმცა ამჯერად იმაზე არ ვისაუბრებ, რომელი მეთოდია მართებული, ღირს თუ არა მოღალატე ქმრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რატომ მიდის კაცი სხვასთან ცოლისგან ფარულად თუ აშკარად და აქვს თუ არა ამას გამართლება. ალბათ, ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი და კიდევ იქნება. ვერც ვერავის ჭკუის დამრიგებლად გამოვდგები. ეჭვით ცხოვრება კი ძალიან ძნელია. ყველა ნორმალური ურთიერთობა ხომ ნდობაზე იგება. მინდა, იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომელსაც ჯერ მხოლოდ მცირე ეჭვი აქვს, ღალატობს თუ არა მას ქმარი.

– ეს აუცილებელია?

– იმას მეკითხებით, რატომ უნდა მიხვდეს და გაიგოს? იმიტომ, რომ დროული რეაქცია ჰქონდეს და უცებ არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე. ჯერ ერთი, რომ ყოველთვის საწყის ეტაპზე ჯობს პრობლემასთან ბრძოლა, ვიდრე უკვე შორს წასულ პროცესში, რომელიც ფსიქოლოგიურად და ადამიანურად განგრევს.

– ისეც ხომ ხდება, რომ მამაკაცებს ერთი შეხედვით არაფერი ეტყობათ, თითქოს არაფერი მიგანიშნებთ იმაზე, რომ მას სხვა გატაცება აქვს.

– დიახ. ხდება. არიან მამაკაცები, რომლებიც მშვენივრად ახერხებენ შენიღბვას. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით და მისი ნებისმიერი ცვლილება არ გამოგეპარებათ, სიმართლეს ადვილად გაიგებთ. ხანდახან მინიშნებები აშკარაა – პერანგზე უცხო პომადის კვალი, მანქანაში ნაპოვნი სამკაული ან ინტიმური ნივთი, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. სასიყვარულო მესიჯი მობილურში...

– როგორც წესი, ეს უკვე შორს წასული პროცესის შემთხვევაა.

– ზუსტად. ამიტომ, სანამ აქამდე მივა საქმე, მანამდე უნდა იყოთ ფრთხილად და მიაქციოთ ყურადღება თქვენს ქმრებს, მათ ქცევას და დროულად გაიგოთ, გაქვთ თუ არა განგაშის მიზეზი. როგორც წესი, ამ დროს ჩვეულებრივი რაღაცები იცვლება ხოლმე. მაგალითად, ადრე დღეში რამდენჯერმე რეკავდა ან გწერდათ, ბოლო დროს კი ამას აღარ აკეთებს ან ძალიან უგერგილოდ და დუნედ, თითქოს მხოლოდ ინერციით. ხშირად ეპატიჟებიან საღამოობით „საქმიან სადილებზე“ და „იძახებენ საქმეზე“. გამუდმებით უყურებს გამვლელ გოგონებსა და ქალებს. ნაკლებად ლაპარაკობს ოჯახის მომავლის გეგმებზე ან ამ თემების განხილვა საერთოდ აღარ სიამოვნებს. მოულოდნელად იწყებს საკუთარ გარეგნობაზე გადამეტებულ ზრუნვას და საკუთარ ფორმას უფრთხილდება. ტანსაცმელს უფრო გულმოდგინედ არჩევს. მეტისმეტად გულგრილი გახდა თქვენ მიმართ, შინ სულ უფრო გვიან ბრუნდება. თითქმის ვეღარ ამჩნევს, რა გაცვიათ, შეიცვალეთ თუ არა ვარცხნილობა. იშვიათად შემოდის კონტაქტში. აღარ ხიბლავს „მეგობრული საუბრები“, სადილები, სეირნობები... ან, პირიქით, მოჩვენებითად „დაგიტკბათ“, რომ არაფერი იეჭვოთ. მასში სულ უფრო მეტად ხედავთ იმ მივიწყებულ ქცევებს, რაც შეყვარებულობის დროს ახასიათებდა. უცებ, სრულიად მოულოდნელად გჩუქნით ძვირად ღირებულ ნივთს (ასე ცდილობენ ხოლმე დანაშაულის მიჩქმალვას)...

დააკვირდით, შინ მოსულს უჩვეულო, ახალი სურნელი ხომ არ ასდის. სექსი (ეს ძალიან მნიშვნელოვანია) სულ უფრო მცირდება? სხვადასხვა მიზეზით უკვე თავად ამბობს ამაზე უარს? უფრო ხშირად არის გაღიზიანებული თქვენთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. დააკვირდით უცხო ნომრებს, რომლებიც მოხშირდება მის ტელეფონში. უარს ამბობს ოჯახურ პიკნიკებზე, ნათესავებთან ოჯახურ ვიზიტებზე. გამუდმებით დადის სადღაც „ძმაკაცებთან“ ერთად, თქვენ კი სულ სახლში რჩებით. იღებს ტელეფონის ახალ ნომერს, რომლიდანაც თქვენ არ გეკონტაქტებათ. სულ უფრო ხშირად ატარებს უქმეებს უთქვენოდ. უფრო და უფრო ხშირად „იჭერთ“ ტყუილებში. მეტ დროს ატარებს ტელეფონში ან კომპიუტერში, სოციალურ ქსელებში თავჩარგული. ელაპარაკებით და ის საერთოდ არ გისმენთ.

მოკლედ, წაიკითხეთ ეს ყველაფერი და თუ ნამდვილად ატყობთ, რომ რაღაც ისე არ არის, დროულად იმოქმედეთ. პირველ რიგში, მიზეზებზე იფიქრეთ. რა თქმა უნდა, ზოგ კაცს მიზეზი არ სჭირდება, სულ რომ მის გვერდით იყოთ, არაფერი მოაკლოთ – არც ყურადღება და არც სითბო, შეიძლება, მაინც გაიხედოს სხვისკენ, „მრავალფეროვნებისთვის“ ან კიდევ იმის გამო, რომ ქართველი კაცების სამყაროში საყვარლისა და ცოლის ერთდროულად ყოლა და მათი „შენახვა“ გარკვეულ მაღალ სტატუსადაც მიიჩნევა ხოლმე ან, უბრალოდ, არ აკმაყოფილებს ერთი ქალი. იფიქრეთ, იქნებ თქვენშიც არის პრობლემა – მეტისმეტად ხომ არ გადაერთეთ საოჯახო საქმეებზე, ბავშვის მოვლაზე... კი, ძალიან ძნელია, ამდენ დავიდარაბაში მოახერხო და სასურველ ქალად დარჩე, ეცადო და კაცსაც არ მოაკლო სითბო და ალერსი, მაგრამ ვინ თქვა, რომ ოჯახის შენარჩუნება იოლი რამეა? კაცი ეგოისტია და თუ რამე მოაკლდა, მაშინვე სხვისკენ გაიწევს, იქ, სადაც მეტ სითბოს დაახვედრებენ. ასეთი „კანდიდატები“ კი, თავადაც იცით, მრავლად არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი