გულახდილი საუბრები

რა შეცდომას უშვებს ქალი, რომელიც წარუმატებელი ქორწინების შემდეგ კიდევ თხოვდება

№46

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 22.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ძალიან ბევრ ქალს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ მისი ბედნიერებისთვის აუცილებლია გათხოვება. რა თქმა უნდა, ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი, რომელსაც თქვენ ცხოვრებას დაუკავშირებთ, ჰარმონიულად შეეწყობა თქვენს პიროვნებას. ბედნიერება ქმრის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, იყო პიროვნულად რეალიზებული და გქონდეს მშვიდი ცხოვრება. შეცდომაა და მავნე სტერეოტიპი, თითქოს ქალი მხოლოდ გათხოვებაში პოულობს ბედნიერებას. შედეგად ვიღებთ მახინჯ ურთიერთობას, ფორმალურ ოჯახებსა და მშობლების გამუდმებული ჩხუბის ქვეშ გაზრდილ ბავშვებს, დაზიანებული ფსიქიკით.

თათია (42 წლის): უკვე სამჯერ ვიყავი გათხოვილი. პირველად ქართველი ქმარი მყავდა, ორჯერ – უცხოელი. ოჯახის დანგრევას ქმრებს ვაბრალებ და თამამად ვიტყვი, რომ მითია, თითქოს უცხოელი კაცი სჯობს ქართველს. ახლაც უცხოეთში ვცხოვრობ. დროდადრო სამშობლოშიც ჩამოვდივარ მშობლებისა და ნათესავების სანახავად. მაგრამ, დიდი ხნით ქვეყანას ვერ ვტოვებ. რადგან მესამე ქმარი, ვისთანაც შვილები ჰყავს, ამის წინააღმდეგია.

– ანუ, სამჯერ გათხოვდით და არცერთხელ არ გაგიმართლათ?

– დიახ. ასეთი უიღბლო ვარ. პირველად 17 წლისა გავთხოვდი. ქმარი ათი წლით უფროსი იყო. გაიარა თაფლობის თვემ და ხელში შემრჩა უქნარა, მამის კისერზე წამომჯდარი მეუღლე. ყოველდღიურ ფულსაც კი მშობლებს სთხოვდა, რათა მასავით უქნარა ძმაკაცებთან ერთად ეწანწალა, დაელია და ეთამაშა. მოვიდოდა შინ მთვრალი. მე კი დღეებს მის მოლოდინში ვაღამებდი. ფულიც არ მქონდა, რომ ელემენტარული რამ მეყიდა ჩემთვის.

– ქმარს არ უთხარით, რომ ასე ცხოვრება გიჭირდათ?

– რომ ვუთხარი, მოწყენილი სულ შენს მოლოდინში ვარ, სახლში როდის მოხვალ-მეთქი, გამომიცხადა, ღამით ხომ შენ გვერდით ვარო. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე და სწავლა დაიწყო, სამგზავრო ფულს ქმარს ვთხოვდი, ის – მშობლებს. მშობლები ბუზღუნებდნენ, მეორე უსაქმურიც დაგვემატაო. ერთი წლის თავზე ჩვენი ოჯახი დაინგრა. შვილი არ დამრჩენია. იმის ნაცვლად, რომ ჩემს დედამთილს თავისი შვილის უვარგისობა ეღიარებინა, მე დამდო ბრალი - უშვილოა და ტყუილად ხომ ვერ შევინახავდითო! უმაღლესი რომ დავამთავრე, სასწავლებლად უცხოეთში წავედი. აქ, როგორც განათხოვარს, ყველა კაცი საკბილოსავით მიყურებდა. ვსწავლობდი, სტიპენდია მქონდა, ვმუშაობდი კიდეც. მოკლედ, დამოუკიდებელი ვიყავი და ხელებში არავის შევყურებდი. რამდენჯერმე პაემანზეც წავედი, რესტორანში იმ კაცმა თავის დანახარჯი გადაიხადა, მე – ჩემი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მომწონს, არაფრით ხდები მასზე დამოკიდებული. ბევრი რამ შეიძლება მოგეწონოს უცხოელ კაცთან ურთიერთობისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელი და ქართველი კაცი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან – უცხოელებიც ისევე ცდილობენ, ქალი საკუთარ ინტერესებს მოარგონ, როგორც ჩვენები. თუ უცხოელი ქმარი გყავს და მასთან შვილი შეგეძინა, გაყრაზე შესაძლოა, იოლად დაიყოლიო, მაგრამ ბავშვებთან დაკავშირებით ბევრ პრობლემას გიქმნიან. მეორე ქმარი უცხოელი იყო, ევროპელი.

– საბოლოოდ რა გახდა გაცილების?

– ხშირად მთვრალი იყო. დაქორწინებამდე გულმოდგინედ მალავდა ნაკლოვანებებს, მაგრამ ერთად ცხოვრების სამი წლის განმავლობაში ლოთობით თავი მომაბეზრა, მის გვერდით ცხოვრება აუტანელი გახდა. გგონიათ, ევროპელი ქმარი არ იგინება, არ ყვირის, ძალადობის სურვილი არ უჩნდება? შესაძლოა, ზოგიერთ ქალს უმართლებს და ხვდება ნამდვილ მამაკაცს, უმრავლესობას კი მანკიერი კაცის ატანა გვიწევს ან ვერ ვიტანთ და ვშორდებით. მეორე ქმარს რომ გავშორდი, თბილისელ ყოფილ დედამთილს ნიშნის მოგებით უთქვამს, ალქაჯია და ვინ იგუებდაო. მეორე ქმარმა კი გაცილებით მძიმე ბრალი დამდო: მღალატობდა და ბავშვიც ჩემგან არ ჰყავსო. საბედნიეროდ, დღეს ასეთი ტყუილის გაქარწყლება შესაძლებელია. დნმ-ის ანალიზით ჩავაკმენდინე ხმა და შვილს ევროპული წესით უხდის ალიმენტს.

მეტად აღარ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ მეგობრები შემიჩნდნენ, შვილი გყავს გასაზრდელი და გვერდით მამაკაცი გჭირდებაო. მესამე ქმარი ევროპაში, საფრანგეთში დაბადებულ-აღზრდილი ლიბანელი იყო და რას ვიფიქრებდი, თუ ამისთანა აზიატი იქნებოდა. გაყრის შემდეგაც კი ცდილობს, მისი მონა ვიყო. ჩვენ ტყუპი გვყავს. საბედნიეროდ, ევროპული კანონები მიცავს, თორემ მუსლიმანურ ქვეყანაში რომ მეცხოვრა, ალბათ, გამომაგდებდა ქვეყნიდან და ბავშვებს ახლოს არ გამაკარებდა.

მოკლედ, უნდა გაგიმართლოს და ნამდვილ კაცს შეხვდე, თორემ მათი შერჩევა კანის ფერის, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიხედვით შეუძლებელია. ყველა კაცი ერთნაირია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა