გულახდილი საუბრები

რა შეიცვალა თანამედროვე ოჯახებში და როგორები არიან დღეს ქართველი ცოლები

№19

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.05

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

უდავოა, რომ თანამედროვე ოჯახში ცოლის მოვალეობები სულაც აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, მაგალითად, ასი წლის წინ. ახლა ქალები კაცებზე ნაკლებს არ გამოიმუშავებენ და ამიტომაც ფიქრობენ, რომ სულაც არ არიან ვალდებული, სახლში ყველა საქმე მხოლოდ მათ გააკეთონ. უფრო მეტიც, დღეს ქალები დარწმუნებული არიან, რომ მამაკაცები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საოჯახო საქმეებში და მათზე მეტად ზრუნავდნენ ოჯახური კერის სითბოს შენარჩუნებისთვის. გაიხსენეთ, როგორი იყო მეუღლეების როლი ადრე საქართველოში – აშკარად ყველაფერი შეიცვალა.

მარიკა (34 წლის): სანამ საუბარს ძირითად თემაზე დავიწყებ, ერთი საინტერესო კვლევის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ექსპერტებმა ჩაატარეს. მათ გადახედეს დასუფთავების მომსახურებისა და ძიძების მომსახურების ანაზღაურებას. შედეგად, აღმოჩნდა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე თანამედროვე მამაკაცების უმეტესობას არ შეუძლია ცოლის მოყვანა.

– რა შუაშია ცოლის მოყვანასთან მომსახურების სფეროს ფასები?

– ახლავე გეტყვით. საქმე ისაა, რომ ყველა ამ მომსახურების ფასი ძალიან მაღალია. მაშინ როცა ბევრი თანამედროვე ქალი საკუთარ ოჯახს სრულიად უფასოდ ემსახურება. დიახ, ამასთან ერთად, ისინი შესანიშნავად ახერხებენ მუშაობას და ფულის შემოტანას ოჯახის ბიუჯეტში! ზოგიერთი ქალი კი იმდენად აქტიური და მულტიფუნქციურია, რომ სპორტდარბაზშიც კი დადის და გარეგნულადაც იდეალურ ფორმაში არიან. შესაძლოა, ასეთი ახალგაზრდა ქალბატონების დიდი სიმცირეა და მათი საიდუმლო მენტალური წონასწორობაა, მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ქმრები ყველაფერში მხარს უჭერენ მათ: გამოხატავენ სიყვარულს, იჩენენ ყურადღებას და მზრუნველობას, ცდილობენ, შეძლებისდაგვარად გაანებივრონ და დაეხმარონ. ასეთ ახალგაზრდა ქალბატონებს ყველაფერი საუკეთესოდ აქვთ აწყობილი. თუმცა, თითოეული ქალის ბუნება განსხვავებულია. ზოგისთვის წესრიგი ყველაფერზე მაღლა დგას და ზოგს კი შეუძლია, თვეების განმავლობაში არეულობაში იცხოვროს, ირგვლივ ვერაფერი შეამჩნიოს. თუმცა, ჩვენ ხომ პარტნიორს სიყვარულისთვის ვირჩევთ. მერე კი ეს გვავიწყდება. კაცები არ ეძებენ მეორე დედას, დიასახლისს, დამლაგებელს და ძიძას. მნიშვნელოვანია, რომ ცოლს და ქმარს ჰქონდეს შინაგანი კავშირი და ერთი და იმავე მიმართულებით იყურებოდნენ.

– სამწუხაროდ, ყოველდღიური საქმეები არავის არ გაუუქმებია.

– გეთანხმებით. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ისეთი არსებები, ვისთვისაც საცხოვრებელი, საკვები და კომფორტი არ არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, მე თავს კარგად ვერ ვგრძნობ სახლში, როცა ყველგან არეულობა და სიბინძურეა. ანუ, მე თვითონ ვცდილობ წესრიგის დაცვას, რადგან ეს ჩემი პრიორიტეტია. ამ ბოლო დროს ჩემი ქმარიც ყურადღებით ეკიდება ჩემს მოთხოვნილებებს. ცდილობს, იყოს აკურატული და სახლში გარკვეული საქმეები გააკეთოს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ, ეს მხოლოდ ჩხუბის შემდეგ გამოდის.

– კაცებს არ მოსწონთ, როცა დალაგებას აიძულებენ. მიაჩნიათ, რომ წესრიგის დამყარება ცოლის საქმეა.

– ნამდვილად ასეა. სხვათა შორის, აზროვნებაში თანამედროვე კაცები დიდად წინ ვერ წავიდნენ, ერთი საუკუნის წინანდელ მამაკაცებთან შედარებით. ძალიან საინტერესო რაღაცას გადავაწყდი. ეს არის ჩამონათვალი იმისა, თუ რას ელოდნენ მეცხრამეტე საუკუნეში ქმრები ცოლისგან. ცოტა ხნის წინ წავაწყდი ამ სიას, კი გამეცინა, მაგრამ მაგრამ მგონი, რამდენიმე მათგანზე უნდა დავფიქრდეთ: თუ არ გინდათ, რომ თქვენი ქმარი რესტორანში გაიქცეს ვინმე ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად, საჭიროა, რომ სახლში დაახვედროთ იდეალური ვახშამი. არ დაგავიწყდეთ ყოველი ჭამის შემდეგ ნაზად აკოცოთ მეუღლეს და მუდამ იზრუნოთ მასზე. ზრუნვა მხოლოდ გემრიელი სადილებით არ შემოიფარგლება. თქვენ ყოველდღე უნდა გაახალისოთ თქვენი ქმარი მსუბუქი ფლირტით, გაუმრავალფეროვნეთ საღამოები ლამაზი ეროტიკული კოსტიუმებით. მიუხედავად ყველაფერისა, თქვენი მეუღლე აშკარად მოწყენილი იქნება მხოლოდ თქვენს კომპანიაში. არ დაგავიწყდეთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც დაპატიჟოთ სტუმრად რამდენიმე ლამაზი მეგობარი, რათა გაართოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. იმისთვის, რომ საპარიკმახეროში თმის შეჭრის შემდეგ თქვენი მეუღლე სადმე სხვაგან არ წავიდეს, თქვენ თავად უნდა გაიაროთ კურსები და თავადვე უნდა შეაჭრათ თმა თქვენს ქმარს.

– დიდი ცხოვრებისეული სიბრძნეა, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

– რომ დავაკვირდეთ, საქმე სულაც არ გვაქვს სახუმაროდ. ოჯახური ცხოვრება მარადიული ბალანსია. ბალანსი იმისა, რომ არ დაკარგოთ ერთმანეთის ინტერესი, ამავე დროს უნდა იყოთ ყველაზე ახლობელი ადამიანები. ამ ბალანსის დასაცავად მამაკაციც ისე უნდა იყოს ჩართული საოჯახო საქმეებში, როგორც ქალი. დღეს ჩვენი, ცოლების, მოვალეობები რადიკალურადაა შეცვლილი და დროა, მამაკაცებმა ეს გაიგონ. ყველა ქართველ კაცს არ შეუძლია სწორი პოზიციის შენარჩუნება. თუმცა, სიყვარული ღირს იმად, რომ გამოასწორო საკუთარი თავი და გააბედნიერო შენი მეორე ნახევარი. ქართველი ცოლები დღეს სხვანაირები უნდა გავხდეთ – უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დავიჯეროთ, რომ სულ სხვა ფუნქციები გვაკისრია და შევქმნათ ახალი მოდელის ოჯახი, რა თქმა უნდა, პარტნიორთან ერთად. მთავარია, ვიპოვოთ შესაფერისი ადამიანი, ვის გამოც ეღირება ამ ყველაფრის გაკეთება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...