გულახდილი საუბრები

რა ხდება წყვილს შორის, როცა სიყვარული საკმარისი არ არის

№47

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.12, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ჰკითხეთ საკუთარ თავს, არის თუ არა თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. თუ არა, დაფიქრდით, გინდათ თუ არა ცხოვრების ასე გაგრძელება. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი მოტივაცია სიყვარულია. ისინი ცხოვრების აზრს სხვა ვერაფერში ხედავენ და თუ ამ გრძნობის დეფიციტს განიცდიან, დეპრესიაში ვარდებიან. მყარი სასიყვარულო ურთიერთობის შენარჩუნება კი მარტივი არაა. წყვილები არაერთი გამოწვევის წინაშე არიან, ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, თანაცხოვრება ვერ არის წარმატებული.

რუსკა (29 წლის): მინდა, ჩემი ცხოვრება სიყვარულით იყოს სავსე. მინდა, თვალებს ვახელდე და გვერდით ჩემს საყვარელ ადამიანს ვხედავდე. ეს არის ჩემი ბედნიერება და სიცოცხლე სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ქალისთვის ცხოვრებაში ბევრი სხვა მოტივაციაც არსებობს, მაგრამ მე ამას ვერ გავიზიარებ. კარიერა? რატომაც არა?! მაგრამ სიყვარული თუ არ მექნება, არაფერი არ მინდა. იმასაც ძალიან რომ უნდა ვუყვარდე, ეს – თავისთავად, ამაზე არც ვლაპარაკობ და მეშინია: მყავს კი გვერდით ის მამაკაცი, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს? ვუყვარვარ ძალიან?

– ხდება ისე, რომ წყვილები მაშინაც კი შორდებიან, როცა ერთმანეთი ძალიან უყვართ.

– ვიცი. ორი წელია, ერთად ვართ და ყველაფერი წავიკითხე წყვილის თანაცხოვრებაზე. ნამდვილად არის მიზეზები, რომელთა გამოც ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები განშორების გადაწყვეტილებას იღებენ. ცუდი ისაა, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ამ მიზეზების შესახებ. მე ჩემს შემთხვევას მოვყვები. აღმოჩნდა, რომ როცა წყვილს შორის ბევრი საიდუმლოა და პარტნიორები ღიად და გულწრფელად არ ესაუბრებიან ერთმანეთს, ურთიერთობა ჩიხში შედის. შესაძლოა, პარტნიორებს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ როცა წყვილს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა, ეს უკვე პრობლემებს იწვევს. ურთიერთობა ვერ გასტანს დიდხანს, თუ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი და საყვარელ ადამიანთან არ საუბრობ.

– ალბათ, მნიშვნელობა აქვს, რაზე ისაუბრებთ.

– არა. ყველაფერზე უნდა ისაუბრო. რა მოგწონს, რა არ მოგწონს. რა გეწყინა მისგან, რა არ გააკეთა ისე, რომ შენ თავი უხერხულად ან შეურაცხყოფილად იგრძენი. მოკლედ ჩუმად ყოფნა არათუ გამოსავალი არ არის, ანადგურებს ურთიერთობას. წყენა ხომ არსად მიდის. თუ მას იგროვებ, ითმენ, ერთხელ აუცილებლად გიმტყუნებს ნერვები და ამოხეთქავ, თან აუცილებლად არაკორექტულად და უხეშად. ამას კი, მერე აუცილებლად მძიმე შედეგები მოჰყვება.

– მაშინ რა ხდება, თუ ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და მიზნები გაქვთ?

– ეს ასეც უნდა იყოს, შეუძლებელია, ორი ადამიანის შეხედულებები და მიზნები ზუსტად ერთმანეთს დაემთხვეს. ეს არ არის პრობლემა. მშვენივრად შეიძლება განსხვავებულობის შევსება საერთო ინტერესებით, სერთო გასართობით. თანაცხოვრება ნამდვილ დრამად გადაიქცევა მაშინ, როცა „შეხების წერტილი“ საერთოდ არ არსებობს თქვენ შორის და არც ცდილობთ, რომ მოძებნოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა მყარი ურთიერთობისთვის სიყვარული არ არის საკმარისი.

– უთანხმოება ფულთან დაკავშირებით – ამაზე რას იტყვით?

– ფული ურთიერთობაში სერიოზულ პრობლემებს აჩენს – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამ საკითხზე თუ ვერ თანხმდებით, თანაც თავიდანვე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიყვართ ერთმანეთი. მეც მქონდა პრობლემები, მაგრამ მოვაგვარეთ. ორივეს გვინდოდა და იმიტომ. თანაცხოვრება განწირულია მაშინ, როცა ერთი გამოიმუშავებს, ხოლო მეორე მხოლოდ ხარჯავს, როცა არ ინაწილებთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ვალდებულებებს, პრობლემები გარდაუვალია. დავსხედით, დავილაპარაკეთ და მოვნახეთ ოქროს შუალედი. მეც მაქვს ჩემი შემოსავალი და იმასაც, მაგრამ ვხვდებით, რომ ოჯახის ხარჯი ორივეს ხარჯია. დაპირისპირებას სიყვარული ვერ გადაარჩენს. ამიტომ დაპირისპირებამდე საქმე არ უნდა მიიყვანოთ. თუ ორ მტრულ ბანაკად ჩამოყალიბდით, აღარაფერი გეშველებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა