გულახდილი საუბრები

რა ხდება, როცა დედამთილს რძალი არ მოსწონს და რძალი ამას ეგუება

№49

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.12, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

დედამთილებთან რძლების ურთიერთობის პრობლემა არსად წასულა. დღესაც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით ქალები, რომლებსაც პირადი ბედნიერება იმიტომ არა აქვთ, რომ ერთმა ქალმა ასე გადაწყვიტა. დიახ, დედამთილები ცდილობენ, „გადაწყვიტონ“, ვისთან უფრო ბედნიერი იქნება მათი შვილი. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ამ ქალების უმრავლესობა განათლებულია, წარმატებული და თითქოს თანამედროვეც.

ნინიკო, 32 წლის: მინდა, ჩემს ოჯახზე მოგიყვეთ და იქნებ ერთად მივხვდეთ, ვინ არის მართალი. ჩემს დედამთილს არ მოვწონვარ და ამის გამო უკვე შვილიც მოიძულა... ვჩუმდები ჩემი ქმრის ხათრით, მაგრამ დავიღალე. რამდენიმე წელია, გათხოვილი ვარ. ჩემი დედამთილი უცხოეთში მუშაობს. დაოჯახებამდე დისტანციურად ვიცნობდი. მე არ ვიცი, თავის შვილს რას ეუბნებოდა ჩემზე, მაგრამ ვფიქრობდი, როცა გამიცნობდა, ჩვენს ურთიერთობაში დათბებოდა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ქორწილში ჩამოვიდა, სახეზე შეეტყო, რომ ძალიან არ მოვეწონე.

- გამოხატა თავისი უკმაყოფილება?

- სულ გამოხატავს, მუდმივად. ამდენი წელია, მისი შვილის ცოლი ვარ, გულთან ვერ მიმიტანა... წელიწადში 2-ჯერ ჩამოდის და ჩემს დალაგებულს თავდაყირა აყენებს როგორც სახლში, ისე ცხოვრებაში. თან, ვითომ თბილად მეუბნება, სანამ აქ ვიქნები, იყოს ასე, რომ წავალ, მერე დაალაგე როგორც გინდაო... მამამთილი ძალიან კარგი მყავს და გადასარევი ურთიერთობაც მაქვს. მაგრამ ვატყობ, ესეც არ სიამოვნებს. ჩემს მეუღლეს ორი დედმამიშვილი ჰყავს - და და ძმა. ანუ, მე მყავს მული და მაზლი. ისინი ჩვენთან ცხოვრობდნენ ჩემი გათხოვების დღიდან და მათაც ვუვლიდი, ვურეცხავდი, თან ვყვებოდი, მაგრამ რატომღაც ჩემში მარტო ცუდს ხედავენ... დარწმუნებული ვარ, ჩემი დედამთილის გავლენაა. არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ. შეცდომები ყველას მოგვდის და არც მე ვარ ანგელოზი, მაგრამ მართლა ყველაფერს ვაკეთებ. ზედ ვყვები ჩემს ქმარს, პატივს ვცემ და ბავშვებივით ვუვლიდი ყველას ამდენი წელი, მაგრამ ისე მეტყვიან საყვედურს და შენიშვნას მომცემენ, არც დაფიქრდებიან... ისე მტკივა გული, ზოგჯერ ჩუმად ვტირი ხოლმე.

- მულიც გერჩით?

- ასე გამოდის. ჩემს მულს ჩემ გვერდზე გავლაც არ უნდა, ჩემზე მეტი ჰგონია თავი. იმასაც არ მალავს, რომ თავისი ძმისთვის შესაფერისად არ მივაჩნივარ. მითხრა ერთხელ ჩემს ქმარზე, ისეთი ლამაზი შეყვარებული ჰყავდა, ფეხები გლანდებიდან ეწყებოდაო... ამით მე მანიშნა, შენ იმასთან არაფერი ხარო... ჩემს მაზლს ეუბნება ხოლმე ჩემი თანდასწრებით, შენ მაინც მოიყვანე ლამაზი ცოლიო...

ჩემმა დედამთილმა რა გააკეთა? - ჩემს მულსა და მაზლს, ჩემი ქმრის გარდა, მშენებარე კორპუსში შეუტანა ფული ბინების საყიდლად. ჩემს ქმარს კი ასესხა და „გამოეტირა “ - რამდენიმე თვით გაძლევ, მალე დამიბრუნე, მჭირდებაო...

ჩემი ქმარი არის ასე გაჩუმებული... გული მტკივაო, იძახის, მაგრამ დედმამიშვილებს ვერაფერს ვეტყვი, მე დედაჩემზე მწყდება გული, რომ მარჩევსო... ერთხელ წამოსცდა, შენ ვერ გიტანს და იმიტომ მარჩევსო... მერე მიმტკიცებდა, ისე გითხარიო, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ასეა...

- იქნებ, საერთოდ აღარ იფიქროთ მათზე. იცხოვრეთ დამოუკიდებლად, გულიც აღარ დაგწყდებათ.

- ძნელია. გული მაინც გწყდება. ჩემს შვილებზეც არ გიჟდებიან... მე არც ერთთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. არც დედამთილისთვის მითქვამს რამე ზედმეტი, ვჩუმდები ქმრის ხათრით, მაგრამ დავიღალე. არაფრის თქმის უფლება რომ არ მაქვს და სულ ვიცინი, იმას არ ნიშნავს, არაფერი მწყინს... მოვიქეცით ისე, როგორც ახლა მითხარით და ცოტა ხნის წინ მე და ჩემი ქმარი ცალკე გადავედით ქირით. მაგრამ ცოტა ხანში ჩემი მაზლიც ჩვენთან გადმოვიდა, სანამ ბინა ამიშენდებაო. მამამთილი სოფელში წავიდა, ბინა გააქირავეს და ჩემი მული იღებს ქირას... მე ქირა კი არ მინდა, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად მარტო ვიცხოვრო ის მინდა... ამას რა ჰქვია? მართლა დავიღალე...

თავიდანვე უნდა ამეწია თავი და ყველასთვის ზემოდან დამეწყო ყურება. არ მჯერა, რომ სადმე კარგი დედამთილებიც არიან. ნერვები აღარ მაქვს. ამ ჩემი ქმრის ხათრით როდემდე ვიქნები ჩუმად და როდემდე გავუძლებ, მართლა არ ვიცი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი