გულახდილი საუბრები

რა იცვლება საყვარელ ადამიანებს შორის დაქორწინების შემდეგ და რატომ „მჟავდება“ სიყვარული

№50

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.12, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

შეიძლება, ადამიანთან წლების განმავლობაში გქონდეს ურთიერთობა, ერთადაც იცხოვროთ, იცნობდე მის მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, ისვენებდეთ ერთად, დადიოდეთ სამოგზაუროდ... ანუ, აკეთებდეთ ყველაფერს, რაც სრულფასოვან წყვილს შეეფერება, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თანაცხოვრება არ გამოვიდეს ჰარმონიული და ბედნიერებამაც გვერდით ჩაგიაროთ. საქმე ისაა, რომ დაოჯახების შემდეგ ყველაზე მოსიყვარულე წყვილს შორისაც კი შეიძლება, ბევრი რამე კარდინალურად შეიცვალოს.

თათული (29 წლის): მახსოვს, ჩემი მეზობელი, რომელიც გერმანიაში გათხოვდა, იმ კაცთან კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და 10 წლის შემდეგ მოაწერა ხელი. ანუ, თავიანთი კავშირი ოფიციალურად არ გაუფორმებიათ. მერე რაღაც ცერემონიალი მოუნდათ. დაქორწინდნენ და იცით, რა მოხდა? ურთიერთობის გაოფიციალურებიდან ორი წლის თავზე დაშორდნენ.

– ურთიერთობის გაოფიციალურება იყო დაშორების მიზეზი?

– ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, მაგრამ მახსოვს, მაშინ ჩემი მეზობელი ჰყვებოდა: ურთიერთობის გაოფიციალურებამ ერთბაშად უამრავი პრობლემა წარმოშვაო, თითქოს რადგან ცოლ-ქმარი გავხდით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებდით ერთმანეთს, მეტს ვითხოვდით ერთმანეთისგან. პრეტენზიებს ვუყენებდით და ამდენწლიანი ურთიერთობაც ერთბაშად დაგვენგრაო...

კარგად მახსოვს, მაშინ ამ შემთხვევამ ძალიან გამაკვირვა. როგორ შეიძლება, სიყვარული, რომელიც ამდენი წელი გრძელდებოდა, შეუღლებამ დაანგრიოს. ეტყობა, რეალური მიზეზის თქმა არ უნდა-მეთქი.

– ხდება ხოლმე, ფურცელზე დაკანონებული ურთიერთობა ხშირად ინგრევა.

– ყველანაირი ურთიერთობა ინგრევა, ოფიციალურიც და არაოფიციალურიც. დიახ, ფურცელზე ხელის მოწერა გარანტია ვერ იქნება. თუმცა, არ დაგვავიწყდეს რომ აქვე, ჩვენ გვერდით არიან წყვილები, რომლებიც ამ ყველაფერს უძლებენ და ბედნიერად ცხოვრობენ. მე ჯერ არ ვიცი, ვიქნები თუ არა მათ რიცხვში. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინებას ვაპირებთ და წარმოდგენა არ მაქვს, რა სიუპრიზები მელოდება წინ.

– მაინც, თქვენი აზრით, რა სიურპრიზები?

– უჩვეულო შეგრძნებაა, გერქვას ვიღაცის ცოლი და დაუძახო მას ქმარი. ეს სასიამოვნოც არის, თუმცა დროთა განმავლობაში ამას ისე ეჩვევი, გავიწყდება, ამის გამო თუ ოდესმე უხერხულობას გრძნობდი. არის კიდევ, ერთი შეხედვით, ძალიან უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო წვრილმანები. მაგალითად, ცოტა მიუჩვეველი ვიქნები იმას, რომ ის წვერს მაინცდამაინც მაშინ გაიპარსავს, როდესაც მე შხაპს მივიღებ ან სულაც შეიძლება ტუალეტის კარი ღია დატოვოს და ალბათ აღმოვაჩენ, რომ მას საღამოობით ხშირად ეზარება კბილების გახეხვა. ის კი გაიგებს, რომ სულაც არ მყვარებია სამზარეულოში ფუსფუსი. პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, ხომ ხვდებით? შესაძლოა, ვიღაცამ დამცინოს, მაგრამ რეალურად, სწორედ, ეს ხდება. ისე შეუმჩნევლად „დამჟავდება“ სიყვარული, ვერც კი მიხვდები.

– ხშირად წყვილებს შორის პრობლემები ფინანსური არასტაბილურობის გამოც იწყება.

– რა თქმა უნდა. ხელფასის დახარჯვას არაფერი უნდა, აი, თანხის შეგროვება კი ძალიან რთულია, მოკლედ, რთულია ორის ცხოვრების გაერთიანება – სესხები, კრედიტები, ვალები, საყიდლები, ხარჯები... ყველაფერი საერთო ხდება.

– მაგრამ ამის კარგი მხარე ისაა, რომ ძალიან მალე ერთად მოქმედებას ისწავლით და პრობლემების ერთად მოგვარებაც ბევრად გაგიადვილდებათ.

– ეს ყველას ვერ გამოსდის. ადამიანებს ხშირად ეჩვენებათ, რომ ისინი უფრო მეტს აკეთებენ ურთიერთობისთვის, ვიდრე მათი მეორე ნახევრები, სინამდვილეში კი ეს უკანასკნელებიც ასე ფიქრობენ. ამიტომ, წარმოიშობა ხოლმე გაურკვევლობა. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არსებობს – ყოველთვის, ნებისმიერ ურთიერთობაში და მით უმეტეს, როდესაც ეს პირადს ეხება, აუცილებელია გულახდილობა. თუ დროთა განმავლობაში მე და ჩემი პარტნიორი დავუმალავთ ერთმანეთს, რა გვეწყინა, რა არ მოგვეწონა, რის შეცვლას ვისურვებდით და ასე შემდეგ, ბოლოს მივალთ იქამდე, სადაც, სამწუხაროდ, არა ერთი წყვილი მისულა.

წყვილის კავშირის გაოფიციალურებას კიდევ აქვს ვალდებულება – სიტუაცია დაალაგო მის დედასთან. ქორწინებიდან პირველი წელიწადი ის პერიოდია, როდესაც დედამთილთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა დაარეგულირო, თორემ ერთხელ გაჩენილი ბზარი არა მხოლოდ რძალ-დედამთილის მომავალ ურთიერთობას უთხრის ნიადაგს, არამედ ცოლქმრულ ბედნიერებასაც. სანამ ცოლ-ქმარი არ დაგერქმევა, ეს პრობლემა საერთოდ არ არის. ერთი წლის განმავლობაში მიხვალ დასკვნამდე, სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ თუ პირველივე წელს უფრო ხშირად ნაჩხუბრები ვისხდებით ტელევიზორის წინ, ვიდრე ჩახუტებულები, ურთიერთობა მშვიდობიანად კი არა, უფრო სკანდალით დასრულდება. არ მინდა, ერთი წლის მერე აღმოვაჩინო, როგორი ბედნიერი ვყოფილვართ დაქორწინებამდე. ყველაფერი ინდივიდუალურია და ალბათ, ბედნიერი ოჯახის მზა რეცეპტი არც არსებობს. მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, არ ვაწყენინოთ ერთმანეთს, გავუგოთ და ვიყოთ ერთგულები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი