გულახდილი საუბრები

რა არის ცოლ-ქმრის ურთიერთობაში პიკი და როგორ ინგრევა ოჯახი ჩხუბით

№23

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 14.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

როდის ივსება მოთმინების ფიალა? როცა პრობლემები პიკს აღწევს, როცა ურთიერთობა ჩიხში შედის თუ როცა სიახლეს მოწყურებული საბაბს ნებისმიერ წვრილმანში ეძებ? ზოგიერთი წყვილი ყველა მიზეზს ერთად დაასახელებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მეუღლესთან ურთიერთობა შეუძლებელი ხდება ხასიათების შეუთავსებლობის გამო.

მარინა (53 წლის): მეოჯახე და საოცრად მოწესრიგებული ადამიანისგან წლების შემდეგ ოჯახის დანგრევას ვერავინ წარმოიდგენდა. შორიდან ყველას ეგონა, რომ ჩემს ოჯახში ყველაფერი კარგად იყო.

– ხშირად გარედან ყველაფერი სრულიად სხვანაირად ჩანს ხოლმე.

– ჩემი ოჯახი გვიან შეიქმნა. 32 წლამდე უზრუნველად ვიცხოვრე. მშობლებიც ხელს მიწყობდნენ და ყოველთვის სანაქებო გოგო ვიყავი სკოლაშიც, უმაღლეს სასწავლებელშიც. მერე სამსახურიც კარგი ვიშოვე... გათხოვება დიდად არ მინდოდა. ერთი სიტყვით, არაფერი მაკლდა, გარდა სიყვარულისა.

– სიყვარული აუცილებელი პირობა იყო, რომ ოჯახი შეგექმნათ?

– დიახ. იმედი მქონდა, მეც მესტუმრებოდა, მაგრამ არა და არა, ამ გრძნობამ არ მიუკაკუნა ჩემი გულის კარს. მერე, 32 წლისას, როცა მეგობრის ოჯახში ერთი სანდომიანი ახალგაზრდა კაცი გამაცნეს, ვიფიქრე, გაუთხოვარი ხომ არ დავრჩები-მეთქი. თან; მომეწონა. გადაწყვეტილება მალევე მივიღე და ერთ თვეში დავქორწინდით. ჩემს ქმარს ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა ვაკეში და საკმაოდ შეძლებულიც იყო. კმაყოფილი ვიყავი ჩემი ბედით. თავიდან, მართლაც, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. ოჯახს არაფერს აკლებდა, ორი შვილი გავაჩინე და ორივეჯერ საჩუქრებით ამავსო. მანქანას ყოველ ორ წელიწადში მიცვლიდა. ხშირად დავდიოდი უცხოეთში. გამუდმებით ზრუნავდა შვილებზეც, რეპეტიტორების ფულს დაუნანებლად იხდიდა... ერთი სიტყვით, ნამდვილი მეოჯახე იყო. მაგრამ, ერთ დღეს მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ოჯახისადმი მოვალეობა იყო და ცოლთან, ანუ ჩემთან, თბილ ურთიერთობასა და სიყვარულში ვერ გადაიზარდა. მერე უკვე ეჭვიანობა დავიწყე და ჩხუბიც მოგვიხშირდა. ახლა რომ ჰკითხო, იქნებ, შემყვარებოდი კიდეც, შენი გაუთავებელი ჩხუბი რომ არაო.

– როგორც ამბობთ, ყველაფერი წესრიგში გქონდათ, ოჯახს არაფერს აკლებდა და საჩხუბარი რა იყო?

– დარწმუნებული ვიყავი, რომ მღალატობდა. სულ გაღიზიანებული იყო, პატარა წვრილმანზეც კი შეეძლო აფეთქება.

– რა იყო ჩხუბის მიზეზი?

– ის ამბობს, რომ მე ვიყავი ამ ჩხუბების მაპროვოცირებელი. მაგრამ ტყუილია. ხმას არ ვიღებდი, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი მისი მხრიდან გულგრილობაში ჩემ მიმართ. რად მინდოდა ან მანქანა, ან ბრილიანტები, თუ სრულყოფილ ქალად ვერ ვიგრძნობდი თავს. მისთვის მხოლოდ შვილების დედა ვიყავი და თითქოს ამისთვის მიხდიდა. მერე მივხვდი, რომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ასეთი ოჯახი. შემეძლო მაქინაციებით მეტი ფული გამეკეთებინა, მაგრამ რისთვის? თანდათან იძაბებოდა ჩვენი ურთიერთობა... მეც დიდად აღარ მინდოდა მის გვერდით ცხოვრება. ერთ დღეს კი მითხრა: დავრწმუნდი, შენ ჩემი ნანატრი და საოცნებო ქალი ვერასოდეს იქნებიო.

– გაშორდით?

– არა. თუმცა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, იმ ღამესვე გადავბარგებულიყავი მშობლებთან. მაგრამ ჩემი შვილების გამო ისევ თავი შევიკავე. მარტო ვერასოდეს გავუკეთებდი იმას, რასაც ჩემი ქმარი უკეთებდა. მერე და მერე კი კამათი შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ერთ დღეს შინიდან იმ განზრახვით გამოვედი, რომ სასამართლოში განცხადება შემეტანა განქორწინებაზე.

– მერე გადაიფიქრეთ?

– განცხადება არ შემიტანია, მაგრამ გავშორდი. მეგონა, ჩვენი სახლიდან წასვლა ადარდებდა, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს, რომ შერიგება უნდოდა. ბინა გაყიდა. შვილების სახელზე სამოთახიანი იყიდა, თავისი წილი კი ბინათმშენებლობაში ჩადო. თავიდან, ორი წლის განმავლობაში, შვილებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა. ახლა კი იშვიათად თუ შეეხმიანება. გავიგე, რომ ჰყავს პარტნიორი და ოჯახის შექმნასაც ფიქრობს. 56 წლის კაცისგან არავინ ელოდა ამას.

– რატომ? ამ ასაკში კაცების უმრავლესობა სიმყუდროვეზე, ჯანმრთელობასა და შვილების მომავალზე ფიქრობს.

– ჩემს ქმარს კი სიყვარულის სურვილი გაუჩნდა და მეორე ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ერთ საერთო მეგობართან უთქვამს ამ ასაკში ძალიან მინდა სიყვარული, ოჯახი, ბავშვიო... რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, ბედნიერებისთვის იბრძოლოს. სხვათა შორის, ეს ჩემთვის სტიმული იყო. ახლა მეც მაქვს მომავლის იმედი – ველოდები იმ ადამიანს, რომელიც შეძლებს მეგობრობას, თანადგომას და, რაც მთავარია, შემიყვარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი