გულახდილი საუბრები

რა არის პატიების ინსტიტუტი და ესმის თუ არა ყველა ადამიანს ერთნაირად ღალატის არსი

№1

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 15.01

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

  ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც სიტყვა „ღალატის“ გაგონებაზე ნეგატიური შეგრძნებები არ ეუფლება. ღალატს მრავალი ინტერპრეტაცია აქვს – მეგობრის ღალატი, სამშობლოს ღალატი, მეუღლის ღალატი... თუმცა არსებობენ წყვილები, რომლებიც თავად წყვეტენ, რა არის მათთვის ღალატი და რა არა. ანუ, არსებობს ღალატის ინტერპრეტაცია. მაგრამ ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ყველანაირი ღალატი, რა თქმა უნდა, ცუდია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ღალატის პარალელურად, „მუშაობს“ პატიების ინსტიტუტი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ უკანასკნელს თრგუნავს საზოგადოების აზრი. ეს არის ის „მესამე“ ასპექტი, რამაც შეიძლება, გადაწონოს იმ ადამიანის პირადი გადაწყვეტილება,  რომელსაც უღალატეს. 

ლილიკო (34 წლის): მინდა, თავიდანვე განვმარტო, რომ მოღალატეებისა და მსხვერპლის ორი კატეგორია არსებობს – ვინც პატიობს და ვინც ვერ პატიობს. მაგალითად, მამაკაცი, რომელმაც შეიტყო მეუღლის ღალატის შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეპატიებინა, შესაძლოა, გახდეს ბულინგის მსხვერპლი მეგობრების მხრიდან. ან სხვების აზრი გაითვალისწინოს, დაანგრიოს ოჯახი და დარჩეს „ღირსეულ მამაკაცად“. ხვდებით, ხომ რას ვგულისხმობ. ჩვენ საკუთარი მდგომარეობა ნაკლებად გვადარდებს. უფრო იმაზე ვნერვიულობთ, რას იტყვიან ჩვენზე სხვები.
– ანუ, ღალატი კი არ გვანერვიულებს, საზოგადოების რეაქცია იმაზე, თუ ჩვენ რას მოვიმოქმედებთ ღალატის საპასუხოდ?
– დიახ. ზუსტად ამას ვგულისხმობ. ღალატი თავისთავად არ ჩნდება. მას აქვს თავისი მიზეზები. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სწორედ, ღალატით გადის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა სერიოზულ ტესტს.
– თუმცა, ღალატი, უმეტეს შემთხვევაში, ყველა ურთიერთობის ნგრევაა.
– გეთანხმებით. მაგრამ ხშირად ხდება, რომ საშინელი და მძიმე ღალატის შემდეგაც კი, დროთა განმავლობაში, დაკარგული გრძნობები აღდგება, ხოლმე. თითქოს მინელებულ გრძნობას ხელახლა აღვიძებს ღალატი. მთავარია, საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ, როდის შეგიძლიათ, აპატიოთ კაცს ღალატი და რა უნდა გააკეთოთ ამის შემდეგ.
– ღალატის პატიება რთულია. ღალატის მერე ცხოვრება ძველებურად ვეღარ გრძელდება.
– მართალია. მაგრამ შეიძლება, ცხოვრება უკეთესადაც კი გაგრძელდეს. ამისთვის მთავარი პირობაა, საკუთარი გულის კარნახით იმოქმედოთ და არა ვინმეს რჩევით ან საზოგადოების აზრის გავლენით. სანამ გადაწყვეტთ, აპატიებთ ქმარს ტყუილს თუ არა, უნდა გაერკვეთ, რა გჭირდებათ ამ ურთიერთობიდან.
– კი, მაგრამ ღალატის პატიების შემდეგ თუ ქალი აპირებს, თავისი პარტნიორის სინანული მანიპულირების საშუალებად გამოიყენოს, ამ სიტუაციაში მშვიდობიანი განშორება უკეთესი გამოსავალი იქნება.
– ვერ დაგეთანხმებით. უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, თავად ფაქტი, რამდენად „სისხლმდენია“ თქვენთვის – საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვგულისხმობ. თუ არ გტკივათ, სავარაუდოდ, თქვენი ურთიერთობა ამოიწურა და ღალატში ბრალი ორივეს თანაბრად გეკისრებათ. მე ვსაუბრობ სიტუაციაზე, როცა თქვენთვის ძნელი წარმოსადგენია თქვენი პარტნიორის, თქვენი მეგობრის გარეშე არსებობის გაგრძელება. ასეთ დროს აუცილებლად აპატიებთ ღალატს. მისცემთ შანსს თქვენს სიყვარულს. მით უმეტეს, როცა ხედავ, რომ ისიც, თავის მხრივ, გულწრფელად ნანობს იმას, რაც გააკეთა..
– ანუ, შესაძლებელია, ყველაფერი გამოსწორდეს?
– დიახ. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, იყო თუ არა ღალატი მხოლოდ ერთხელ. ან მამაკაცი რეგულარულად გღალატობდათ და ყოველ ჯერზე ახალ საბაბს იგონებდა. ამ შემთხვევაში, შანსი იმისა, რომ მან გააცნობიეროს თავისი დანაშაული, ძალიან მცირეა. სანამ საბოლოო ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ იმაზე, შეგიძლიათ თუ არა გააგრძელოთ სიახლოვე ადამიანთან, რომელსაც არ ენდობით და რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ხნის შემდეგ ზუსტად იგივეს მოიმოქმედებს.
– სხვათა შორის, ფსიქოლოგების აზრი თემაზე, ღირს თუ არა მამაკაცისთვის ღალატის პატიება, ორაზროვანია.
– მაგრამ არც არავინ გირჩევთ ურთიერთობის დასრულებას იმ დღესვე, როგორც კი მომხდარის შესახებ შეიტყობთ. რა თქმა უნდა, რთულია ასეთ სიტუაციაში თავის შეკავება. მაგრამ სანამ ყველა თოკს გადაჭრიდეთ, რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ მოხდა ეს. რამ განაპირობა თქვენი მეორე ნახევრის „გაცივება“ თქვენ მიმართ და გვერდითი სიყვარული. იქნებ, თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია, დასრულდა. გაქვთ სურვილი, დაიბრუნოთ სიყვარული, აფასებთ ამ ადამიანს და რაც მთავარია, გულწრფელად პატიობთ? მოახერხებთ წარსული უკან მოიტოვოთ და დაივიწყოთ? თუ მას ეშინია თქვენი დაკარგვის და მზად არის ნებისმიერი მსხვერპლისთვის, რომ თქვენი პატიება მიიღოს, მაშინ შეიძლება, მას მეორე შანსი მისცეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს