გულახდილი საუბრები

რა არის ქალის გაუცნობიერებელი ქმედება, როცა მას გულს სტკენენ

№27

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.07

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

სასიყვარულო ურთიერთობაში იმედგაცრუება, საყვარელი ადამიანისგან მიღებული ტკივილი, საკმაოდ რთულად გადასატანია, მით უფრო, ქალბატონებისთვის, რომლებიც ბევრად უფრო მგრძნობიარეები არიან. გარკვეული დროით მთლიანად იცვლება მათი მსოფლმხედველობა, სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულება, მომავლის იმედი, გეგმები და უმეტესი ამ ქალებისა ცდილობს, სამყაროსგან იზოლირებული იყოს.

რას აკეთებს ქალი და თან, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, თუ მას საყვარელი ადამიანი გულს ატკენს?

მაკა (39 წლის): გინდათ, იცოდეთ რა ხდება ახლა ჩემში, როგორ შეიცვალა ჩემ ირგვლივ ყველაფერი? – სამყარო ვარდისფერი აღარაა, აღარც ცისარტყელას ფერები ჩანს, გარშემო ფერადი საერთოდ აღარაფერია. ერთადერთი, რასაც ვხედავ, იმედგაცრუებაა, ხოლო რასაც ვგრძნობ, საშინელი ტკივილია. ყველასა და ყველაფერში ეჭვი მეპარება – ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. მოსვენებას გიკარგავს და მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გაძლევს.

– ფსიქოლოგები აღნიშნავენ: იმედგაცრუებული და გულნატკენი ქალი კარგს ვერაფერს ამბობსო.

– ნამდვილად ასეა. იმიტომ, რომ ყველაფრის იმედი დაკარგული მაქვს, ყველაფერს პესიმისტურად ვუყურებ. დიახ, ახლა ჩემი ყოველი სიტყვა მწარეა და სარკასტული. ტკივილთან ადაპტირებას მხოლოდ ხასიათის ამ შტრიხის გამოვლენით ვახერხებ და იმიტომ. დიახ, დღეს ჩემი სამეტყველო ენა ნეგატივითაა სავსე. მუდამ სევდიანი ვარ. მიმაჩნია, რომ მხიარულების უფლება არ მაქვს.

– სამწუხაროა, რომ იმედგაცრუების შემდეგ პოზიტიურ განწყობაზე ყოფნის მიზეზს ვერ ხედავთ. ეს წაგადგებოდათ.

– არ მაქვს ბედნიერების მიზეზი და მუდამ სევდიანიც ამიტომ ვარ. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია და რომ ჩემი ცხოვრება ამის მერეც, ყოველთვის ასეთი იქნება. მე გული ძალიან მატკინეს. სამომავლოდაც უარს ვამბობ რომანტიკულ ურთიერთობებზე, აღარ მინდა. მაქვს რეალური მოლოდინი, რომ ისევ იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩები, ამიტომ ვამჯობინებ, საერთოდ არ მქონდეს არანაირი რომანტიკული ურთიერთობა. საკუთარ ცხოვრებაზეც აღარავის ვუყვები – ეს შემთხვევა განსაკუთრებულია და ალბათ, ერთადერთიც. ვცდილობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო საკუთარ ცხოვრებას. მეშინია, რომ თუ ვინმეს ჩემს საიდუმლოს გავუმხელ, არ გამოიყენონ და ისევ გული არ მატკინონ.

– ანუ, აღარ გსურთ ადამიანებთან ურთიერთობა?

– უბრალოდ, მინდა, საკუთარ თავთან მარტო ვიყო, სიბნელესა და სიჩუმეში. მინდა, რომ მოვწყდე გარე სამყაროს და არავის ხმა არ გავიგო. იცოდით, რომ ქალს, რომელსაც გული ატკინეს, აღარ სჯერა სიყვარულის? მის ცნობიერებაში ყველაფერი იცვლება და ფიქრობს, რომ სიყვარული, უბრალოდ, არ არსებობს. მას აღარ სჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. ქალს, რომელსაც გული ატკინეს, აღარ სურს, ვინმეს გაეპრანჭოს, ვინმესთან ფლირტი გააბას. ცდილობს, სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონდეს. არანაირი გრძელვადიანი ურთიერთობა, არანაირი გრძნობები... – აი, დღეს რა სტადიაზე ვარ.

– არ გჯერათ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელია, კიდევ ბედნიერი იყოთ?

– მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ სასიყვარულო ისტორიები, სადაც ადამიანები ბედნიერები არიან, მხოლოდ წიგნებსა და ფილმებშია, რეალურ ცხოვრებაში კი, სიყვარული და ბედნიერება არ არსებობს. აღარ მჯერა ზღაპრების. გულგატეხილი ვარ.

– მაგრამ, იმედია, გულის სიღრმეში, ისე, რომ თავადაც არ აღიარებთ ამას, გგონიათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– არ ვიცი. ახლა ჩემი გული ქვადაა ქცეული. აღარ მაქვს ენერგია და ძალა, სიყვარულის დავიჯერო. თუმცა მაინც, ქვეცნობიერად მჯერა, რომ სამყაროში არსებობს ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრების ნამდვილი თანამგზავრი იქნება. აი, რამდენად შევხვდები მას, ამისი ნაკლებად მჯერა. სულის ტკენისა და იმედგაცრუების მიუხედავად, ნებისმიერი ქალი გიჟდება ყურადღებაზე და სურს, რომ უპირობოდ უყვარდეთ. შეიძლება, მეც უბრალოდ დრო მჭირდება ჭრილობების მოსაშუშებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო