გულახდილი საუბრები

რა აძლიერებს ქალს და როგორ ვერ ახერხებს ზოგიერთი მამაკაცი მასთან გამკლავებას

№41

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 22.10, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

მხოლოდ ძლიერ ადამიანს, მტკიცე პიროვნებას შეუძლია, აიტანოს ტკივილი, მოერიოს წყენას, იმედგაცრუებას, ბოლომდე გადალახოს მწარე გამოცდილება და შეძლოს პატიება. რა აძლიერებს ქალს? იქნებ მისი მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის, სიყვარულისთვის, შვილებისთვის... ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა და ყველაფრის თავიდან დაწყება... ყველაფერი ერთად. ჩვენ გვერდით არიან თვითკმარი, დამოუკიდებელი და ამასთან, მოსიყვარულე ქალები. მათ სულაც არ ეშინიათ საკუთარი სისუსტეების დემონსტრირების. ასეთი რეალობის პირობებში ჩნდება შეკითხვა: სჭირდება კი ძლიერ ქალს მამაკაცი ან თუ სჭირდება, როგორი?

მარი (37 წლის): მე ძლიერი ქალი ვარ. როცა ეს გავაცნობიერე, ჩემ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. ერთ დღეს აღმოვაჩინე ჭეშმარიტება, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ, ძლიერ ქალთან ურთიერთობა. იცით ეს რა იყო? ერთბაშად ვიგრძენი, რომ ჩემი თავის პატივისცემა გამიჩნდა.

– მანამდე რა ხდებოდა?

– მანამდე, ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმრის გარეშე არაფერს წარმოვადგენ. რომ ვერც ვიცხოვრებ და ვერც თავს დავიცავ. ჩემი მეუღლეც თავისი საქციელით მუდმივად მარწმუნებდა ამაში. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ადამიანია. უბრალოდ, ის ასე ფიქრობს და ზუსტად ასე ფიქრობს უამრავი მამაკაცი.

– ყველა მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ ის ვინმესთვის საჭიროა, განსაკუთრებით – საყვარელი ქალისთვის.

– ასეა ნამდვილად. მაგრამ მამაკაცებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბრძოლა იმართება მარადიული სიყვარულისთვის და მისი მხრიდან ქალის მოსახიბლად. ძლიერ ქალსაც შეუძლია სიყვარული. მაგრამ თავს და პიროვნულ ინდივიდუალობას არ კარგავს. რჩება სრულიად დამოუკიდებელი და გადაწყვეტილების თავისით მიმღები. ზუსტად ძლიერ ქალს შეუძლია, იბრძოლოს ორისთვის და არ სჭირდება ისეთი მამაკაცი, რომელიც მის მაგივრადაც დაიწყებს ბრძოლას. მე შემიძლია, თავად მოვაგვარო პრობლემები და კუნთებდაბერილი მამაკაცი ამისთვის არ მჭირდება. როცა ძლიერი ხარ, არ გახასიათებს მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა და ეს ძალიან კარგია. აბა, დაფიქრდით – გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თქვენ ნაცვლად მიიღებს? მე ახლა უკვე ვიცი, რომ – არა!

– ანუ იყო დრო, როცა თქვენ ნაცვლად ქმარი იღებდა გადაწყვეტილებებს?

– დიახ. მე არ ვიყავი ამით ბედნიერი, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მკითხავთ, რატომო. სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. ალბათ, ვფიქრობდი, რომ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდი ნორმალური იყო. სხვათა შორის, ძლიერმა ქალებმა საკუთარი სურვილები კარგად იციან. ჩვენ არ გვავიწყდება განვლილი გზა, თუ რის ფასად დაგვიჯდა სასურველის მიღწევა. ახლა უკვე აღარ ვიწყებ ლოდინს, როდის იტყვის რამეს ჩემი ქმარი, რას შემომთავაზებს, როდის დამიგეგმავს დღეს... მაგრამ კაცობრიობის ძლიერ სქესად აღიარებულ წარმომადგენლებს საკმაოდ აშინებთ ასეთი ქალი. საქმე ისაა, რომ ასეთი ქალი ენდობა მხოლოდ ისეთ მამაკაცს, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია.

– თქვენს ქმარს არ მოსწონს თქვენში მომხდარი ცვლილება?

– ვგრძნობ, რომ არ მოსწონს. თუმცა ჩუმად არის. ასე ვთქვათ, ეგუება. მამაკაცებს არ მოსწონთ რთულ შეკითხვებზე პასუხების მოფიქრება. მამაკაცებს ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ გულახდილობისთვის თავის არიდება, რადგან ეშინიათ, სუსტები არ გამოჩნდნენ. ძლიერ ქალს ვერც მოატყუებ. ვერც შენს ჭკუაზე გაატარებ, ვერც დაჩაგრავ, ვერც დააკნინებ, ვერც მისი „დირექტორი“ იქნები. ქმრები ძნელად იგებენ იმას, რომ ცოლქმრობა ნიშნავს ორი სრულუფლებიანი ადამიანის თანაცხოვრებას.

– თქვენც ხომ გვიან მიხვდით ამას?

– დიახ, ოჯახური ცხოვრების მეშვიდე წელს. ვინ არის ძლიერი ქალი? ისინი არ არიან გამონაკლისები. ძლიერი შეუძლია იყოს ყველას. ამას როცა დაიჯერებ, ყველაფერი იცვლება. ძლიერი ქალი ხომ იმიტომ გახდა ძლიერი, რომ ცხოვრების გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა, რამაც რეალურად აქცია ძლიერ პიროვნებად. აი, რატომ უჭირთ მამაკაცებს ასეთი ქალების მიღება. ძალიან რთულია საკუთარი ნაკლის დანახვა, განსაკუთრებით გვერდიდან. მე ეს შევძელი. ვნახოთ ჩემი ქმარი, როგორ მიიღებს ამას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი