გულახდილი საუბრები

ოჯახმა უსიყვარულოდ გამათხოვა და დღემდე უბედური ვარ

№32

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.08, 2021 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სრულწლოვანი გავხდი თუ არა, მშობლებმა ჩემს გათხოვებაზე საუბარს მოუხშირეს. 

მე კი მინდოდა, სოფლიდან ქალაქში წამოვსულიყავი, სწავლა გამეგრძელებინა და შემდეგ კვლავ ჩემს სოფელში დავბრუნებულიყავი. საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე, მით უმეტეს, უსიყვარულოდ. ბევრ ბიჭს ვუყვარდი, ჩამოდიოდნენ რაიონიდან სანახავად, ხან საჩუქრებს მიგზავნიდნენ, მაგრამ მათ ზედ არ ვუყურებდი. ჩემი მიზნები მქონდა და სასიყვარულო ურთიერთობების გაბმას და შეყვარებულის გაჩენას არ ვჩქარობდი. მოკლედ, დეიდაჩემმა გამოძებნა თავისი თანამშრომლის ძმისშვილი და ჩემებს შეუჩნდა: კარგი ბიჭია, თბილისში ბინა აქვს, მშობლებიც ნასწავლი და შეგნებული ჰყავს, არაფერს მოაკლებენ და გავათხოვოთო. მოკლედ, დედაჩემიც გააქტიურდა, დამიწყო მორალის კითხვა, აჰყვა მამაჩემიც და იმდენი ქნეს, სანამ თბილისში არ ჩამომიყვანეს და ის ბიჭი არ გამაცნეს. გარეგნულად არ მომეწონა და მაშინვე უარი ვთქვი. სულ გადაირივნენ ჩემები: რას დაეძებ ამის გარეგნობას, სოფლის ტალახის ზელას, ასფალტზე სიარული არ გირჩევნია? არაფერს მოგაკლებს, ფუფუნებაში იცხოვრებ, შენ ჯერ ვერ ხვდები და მერე დაგვიფასებ, რასაც შენთვის ახლა ვაკეთებთო. იმ წელს უმაღლესში გამოცდები ვერ ჩავაბარე, არ ვიყავი მომზადებული და ჩავიჭერი. დეიდასთან დავრჩი, რომ მოვმზადებულიყავი და ბედი მეორე წელს მეცადა. თავად დეიდამ შემომთავაზა: დარჩი აქ, მოგამზადებ, შენი გამოცდები არსად გარბის, თან ის ბიჭიც დავპატიჟოთ სახლში, იქნებ მერე მაინც შეხედო კარგი თვალითო. იმ ბიჭის ხათრით არა, მაგრამ მოსამზადებლად დავრჩი. იმდენი ქნეს, რომ ის ბიჭი, ფაქტობრივად, ჩაგვისახლდა. დილით მოდიოდა და საღამომდე იჯდა. მე დიდად არ ვეკონტაქტებოდი, მაგრამ დეიდაჩემი ზედ ჰყვებოდა. ჩემი სადედამთილოც მოდიოდა საჩუქრებით, მეფერებოდა, მეუბნებოდა, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი მათ ოჯახში. არ მიყვარდა და ვხვდებოდი, რომ ვერც შევიყვარებდი, მაგრამ მათი ამდენი „ლოლიავი“ და ვიზიტები ყელში ამომივიდა და გათხოვებაზე დავთანხმდი. ჩემებმა სოფელში სუფრა გააკეთეს, გადაიპატიჟეს მომავალი სიძის ოჯახი. მერე, ისინი ჩამოვიდნენ აქეთ და იყო სუფრები, ჭიქის აწევ-გადაწოდება და ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები. საბოლოო ჯამში, იმ ბიჭის ცოლი გავხდი, ვინც არ მიყვარდა, ვერც შევიყვარებდი და ვერც ბედნიერი ვიქნებოდი. უკვე ათ წელზე მეტი გავიდა, სამი შვილიც მყავს, მაგრამ ვიტანჯები. უსიყვარულოდ გათხოვება ნამდვილი ჯოჯოხეთია. ერთი სული მაქვს, როდის გავა ჩემი ქმარი სახლიდან. არც მისი საჩუქრები და სიურპრიზები მახარებს და ვერც ის, რომ ასფალტზე დავდივარ და სოფლის ტალახზე არა. მე დღესაც ის ჩემი სოფელი მირჩევნია ქმრის ოჯახში ყოფნას. მართალია, ვხვდები, რომ ახლა გვიანია და თავიდანვე უნდა მეთქვა უარი, მაგრამ გასაქანი აღარ მომცეს, ჩემებიც და საქმროს ოჯახიც ისე გეგმავდნენ ჩემს მომავალს, არაფერი უკითხავთ ჩემთვის. ახლა რომ ვეუბნები, უბედური ვარ, ვერ შევიყვარე-მეთქი, სიცილით მპასუხობენ: ნუ მატრაკვეცობ, თუ არ გიყვარს, აბა, სამი შვილი როგორ გააჩინეო. ანუ, მათი აზრით, ცოლის მოვალეობას თუ ვასრულებ, ესე იგი, სიყვარულიც გამიჩნდა ქმრის მიმართ. არადა, ასე არ არის. მართალია, შვილებზე გადამკვდარი მამაა, ჩემთვისაც არაფერს იშურებს, მაგრამ მისი სიხლოვე მთრგუნავს, ვერა და ვერ შევეგუე მის შეხებასა და ალერსს. მართალია, თავბრუდამხვევი სიყვარულის გრძნობა არ გამომიცდია, მაგრამ მინდა, მეც მიყვარდეს ისე, როგორც ფილმებშია ან წიგნებში. თუმცა, ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა და სიკვდილამდე ასეთ ჯოჯოხეთურ განცდებში მომიწევს ყოფნა. ჩემს შვილებს აუცილებლად ვეტყვი, რომ უსიყვარულოდ არ გათხოვდნენ, მე კი არა, მამაზეციერიც რომ ეხვეწოთ. ნამდვილად ჯობდა, გაუთხოვარი ვყოფილიყავი და არა, უბრალოდ, ცოლის მოვალეობის შემსრულებელი ქალი. მთელი ჩემი პირადი ცხოვრება ახლა ჩემი შვილებია და ვეცდები, მათ გრძნობებში არასოდეს ჩავერიო, ვინც ეყვარებათ, მას გაჰყვნენ და უბრალოდ, საკუთარ ბედნიერებაზე წინ არავინ და არაფერი დააყენონ.

მაკა, 33 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი