მესამე ქმარმა ჩემი ორი ყოფილი ქმრისგან გაჩენილი შვილები საკუთარივით გაზარდა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.09
სულ ჩემს ბედისწერას ვემდუროდი და თურმე, ამაოდ. ორჯერ არ გამიმართლა ბედში და მეგონა, ცხოვრების ბოლომდე მარტოხელა დედად დავრჩებოდი, შვილები მხოლოდ ჩემი გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი იქნებოდნენ და რაღა დაგიმალოთ, ძალიან მეშინოდა. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა მამაკაცი, რომელიც მეც ხელისგულზე მატარებდა და ჩემს შვილებსაც საკუთარი შვილებივით გაზრდიდა. პირველად, პატარა ასაკში გავთხოვდი და შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, არც ცოლობისთვის ვიყავი მზად და არც დედობისთვის.
ბავშვი ჩემმა მშობლებმა გამიზარდეს. მე კი ორ წელში გავშორდი. სამი წელი არ იყო გასული, რომ შემთხვევით გავიცანი ბიჭი, რომელმაც ისე მომხიბლა და შემაყვარა თავი, სულ დამავიწყა პირველი ქორწინების ტრავმა და თვალდახუჭული გავეკიდე. სამწუხაროდ, მან ჩემი პირველი ქმრისგან გაჩენილი შვილი ვერ მიიღო, ვერ იტანდა. სულ უყვიროდა, ცივად ექცეოდა, ბავშვი სულ ჩემებთან მყავდა და მუდამ მონატრებული. მასთან, ბიჭის მერე, გოგო გამიჩნდა. ოთხი წელი ვებრძოდი საკუთარ თავს, ამეტანა მისი დამოკიდებულება უფროსი შვილის მიმართ და ბოლოს მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებდი, ჩემი შვილები ერთმანეთის სიყვარულს ვერ შეიგრძნობდნენ, დისტანცია ექნებოდათ და უცხოებად გაიზრდებოდნენ. ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, მეორე ქმარსაც გავშორებოდი. რასაკვირველია, ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. მეუბნებოდნენ: ბოლოს და ბოლოს სირცხვილია, შენ თუ არა, ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა, წლების განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. რამდენი ქმარი უნდა მიატოვო და გამოიქცე, მოგვჭერი თავიო. მიხარია, რომ მათ არ დავუჯერე. ერთი პერიოდი კი ვიფიქრე, იქნებ მათი აზრი გავითვალისწინო-მეთქი, მაგრამ არა. არ შევცვალე გადაწყვეტილება და დავისახე მიზნად, ვყოფილიყავი ძლიერი მარტოხელა დედა, გამეზარდა ჩემი შვილები სითბოში, ერთმანეთის სიყვარულში და არასოდეს მომეცილებინა გვერდიდან. ახალგაზრდა გოგოს ნამდვილად მიჭირდა ორი შვილის გაზრდა, თან მუშაობა და სახლის საქმეების კეთებაც, მაგრამ არ დავნებდი ბედს. ხშირად ღამეები ტირილში გამიტარებია, დაღლილს ვერ გამომიძინია, მაგრამ დილით მაინც კარგი განწყობით დავხვედრივარ ახალგაღვიძებულ შვილებს საწოლთან. ვინმეს რომ ეთქვა, კიდევ გათხოვდიო, ალბათ, ჩემი ხელით მოვკლავდი. მაგრამ, თურმე, სასწაულებიც ხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში მოხდა – ამდენი ტანჯვისა და განცდის შემდეგ, შევხვდი მამაკაცს, რომელიც ჩემი ერთგულიცაა, გვერდში მდგომიც და ჩემი შვილებისთვის თავგადაკლული. ადრე ჰყავდა ცოლი, თუმცა შვილი არ შეეძინათ და რადგან ამის ბრალი იყო, ცოლმა უღალატა, სხვა კაცი გაიჩინა საყვარლად, მისგან დარჩა ორსულად და ეს მიატოვა. მაგრამ იმ კაცმა ცოლად არ მოიყვანა და თურმე, მერე ეხვეწებოდა, შემირიგდიო, მაგრამ ამას უარი უთქვამს. ღალატი ვერ აპატია, თორემ დარწმუნებული ვარ, მის შვილსაც ჩემი შვილებივით გაზრდიდა. ერთი სიტყვით, მესამედ გავთხოვდი და გამიმართლა. არ ყოფილა ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ბედნიერი ცოლი და დედა ვარ. ვიცი, არასოდეს არაფერი გამიჭირდება ამ ადამიანის გვერდით და ჩემს შვილებსაც მფარველი ანგელოზივით ჰყავთ, უყვართ, აფასებენ და ყველა ნაბიჯს უთანხმებენ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, არ გაიწამოთ ცხოვრება უვარგისი ადამიანის გვერდით ყოფნით, ყოველთვის უნდა იყოთ ძლიერი და ბევრი იოცნებოთ. დამიჯერეთ, ოცნებებიც ხდება და სასწაულებიც, თუ ამის გულით გვჯერა.
ნინი, 35 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან