გულახდილი საუბრები

მეგობარს შეყვარებული წავართვი და ამის გამო დავისაჯე

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.03, 2022 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

მეგობრობისა და ერთგულების ფასი ბავშვობიდან ვიცოდი, თუმცა, დიდობაში მაინც შევცდი. ეს ყველაფერი გაუცნობიერებლად მოხდა და ახლა ძალიან ვნანობ. ამის გამო დავისაჯე კიდეც. მოკლედ, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გოგომ მთხოვა, შეყვარებულს უნდა შევხვდე და იქნებ წამომყვე, ძმაკაცთან ერთად იქნება და მარტო არ მინდა, მივიდეო. 

იმ დღეს არაფერს ვაკეთებდი, ვიფიქრე, ცოტას გავისეირნებ, გავერთობი-მეთქი და დაქალს პაემანზე გავყევი. მართალია, ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებული არ ჰქონდათ, მაგრამ უკვე შეყვარებულები იყვნენ, მომავალს გეგმავდნენ და მათი ამბავი ძალიან მიხაროდა. პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ დაქალის მონაყოლიდან ვიცოდი, რომ ძალიან კარგი ბიჭი იყო. ისე მოხდა, რომ იმ შეხვედრამ და ჩვენმა გაცნობამ ჩემს დაქალს დიდი ტკივილი მიაყენა. იმ დღის მერე დაქალი ხშირად მეუბნებოდა: რაღაცნაირად გაცივდა ჩემ მიმართ, არ ვიცი რა სჭირს, სულ თავს მარიდებს, ათას რამეს იმიზეზებს, რომ არ შემხვდესო. ვეუბნებოდი: გეჩვენება, ცოტა დრო მიეცი, იქნებ რამე პრობლემა აქვს, შენ არ მეუბნებოდი, რომ უყვარხარ და არსად წავა-მეთქი. სინამდვილეში კი, ვატყუებდი. იმ შეხვედრის დროს მისგან დიდი ყურადღება ვიგრძენი და უხერხულ გამოხედვებშიც გამოვიჭირე, იქიდან დაბრუნებულს კი, სოციალურ ქსელში, ჩემს მესინჯერში, მისი უამრავი წერილი დამხვდა. კი მეუცნაურა სიტუაცია, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ, ეს ყველაფერი დაქალისთვის მეთქვა. რამდენიმე დღე სასწაულად თბილ შეტყობინებებს მიტოვებდა, მერე ტელეფონის ნომერიც გაიგო და დამირეკა. შეხვედრას მთხოვდა. ვიფიქრე, შევხვდები, ავუხსნი ყველაფერს, აქ დასრულდება ეს გაუგებრობა და ისევ ჩემს დაქალს დაუბრუნდება-მეთქი, მაგრამ საპირისპირო მოხდა. რომ შევხვდი, მითხრა: არ ვიცი, რა დამემართა, შენი დაქალი მართლა მომწონდა და თითქოს მიყვარდა კიდეც, მაგრამ შენ რომ დაგინახე, გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა, მივხვდი, შენ ის გოგო ხარ, ვინც მე მჭირდება და ვიცი, ძალიან ბედნიერი ვიქნები შენ გვერდითო. ამ სიტყვებს კოცნაც მოაყოლა და ფაქტობრივად, ისე „მომაჯადოვა“, არც სიტყვა მითქვამს და არც შევწინააღმდეგებივარ. სახლში გაოგნებული დავბრუნდი. ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, რა უნდა მეთქვა უახლოესი, ბავშვობის მეგობრისთვის ან რას ნიშნავდა ჩემი მხრიდან მის შეყვარებულთან შეხვედრა და კოცნა. თავში ათასი სისულელე მიტრიალებდა. ბევრი ვიფიქრე და გამოსავალი ვიპოვე. გადავწყვიტე: ვეტყვი ჩემს დაქალს, ვითომ მათ შორის სიტუაციის მოგვარება მინდა, შუამავლობას დავიწყებ, მერე კი, დრო რომ გავა, ნელ-ნელა დაშორდებიან ერთმანეთს და საბოლოოდ წერტილს დაუსვამენ ურთიერთობას, გამოვუტყდები და ვეტყვი, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩემთან დაიწყო მიმოწერა, რეკვები და ერთმანეთს შევეჩვიეთ-მეთქი. ასეც მოვიქეცი. ჩემი დაქალი მეორე დღესვე დავიბარე ჩემთან, შეყვარებულზე ყველაფერი გამოვკითხე და შევთავაზე: თუ წინააღმდეგი არ ხარ, მე დავურეკავ, შევხვდები და შევეცდები გავარკვიო, რატომ გაცივდა შენ მიმართ, რა პრობლემა აქვს-მეთქი. გაუხარდა, მკოცნა, მიხუტებდა, მადლობებს მიხდიდა, მე კი გულში ცეცხლი მეკიდა და მრცხვენოდა, რომ ასე უტიფრად ვატყუებდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავიდა დრო და ყველაფერი გამოაშკარავდა, ჩემმა დაქალმა გაიგო, რომ მისმა შეყვარებულმა მე ამირჩია, არც მე დავიხიე უკან და ვუთხარი, რომ ხელის მოწერის დღეც დაგეგმილი გვქონდა. წინა დღეს დამირეკა და მითხრა: არ დაგწყევლი, არც ცუდს გისურვებ, უბრალოდ, გეტყვი, რომ თუ მე ასე მომექცა, შენც იგივეს გაგიკეთებს, უბრალოდ, დროა საჭირო და გისურვებ, ღმერთმა გადაგიხადოს სამაგიეროო. პასუხი არ გამიცია ან რა უნდა მეთქვა. გავიდა დრო და ზუსტად იგივე დამემართა: მიმატოვა, გაუგებრობაში დამტოვა და ჩემთან დაშორების მერე, რამდენიმე დღეში, სხვა გოგოზე იქორწინა. ფაქტობრივად, გამოდის, ჩემთან რომ დადიოდა, სხვა გოგოსაც ხვდებოდა. ახლა დავრწმუნდი, სამყაროში უბრალოდ არცერთი სიტყვა, ქცევა და მოქმედება არ იკარგება, ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. ჩემი უნებისყოფობისა და ვნებაზე აყოლის გამო მწარედ დავისაჯე – ბავშვობის მეგობარიც დავკარგე, მოღალატე მეგობრის სახელიც დავირქვი და მაინც მარტო დავრჩი.

ქეთი, 25 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი