გულახდილი საუბრები

მეგობარმა ისე წამართვა შეყვარებული, ჩემს განცდებზე არც უფიქრია

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.08

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

დედა სულ მეუბნებოდა, მეგობრების ან არჩევა არ იცი, ან ურთიერთობებში არ გიმართლებსო. მეცინებოდა ხოლმე ამ ნათქვამზე, მაგრამ ფაქტია, არც არჩევა ვიცი და არც ენაზე კბილის დაჭერა. გულახდილად მიყვარს საუბარი ადამიანთან, რომელსაც მეგობარს ვუწოდებ. ოჯახში ხშირად მაფრთხილებდნენ: ძალიან მიამიტი ხარ და არავინ მოგატყუოსო. 

მართლებიც იყვნენ. ერთი სიტყვით, რაიონში ვცხოვრობ და სკოლა რომ დავამთავრე და სასწავლებლად დედაქალაქში ჩამოვედი, ერთი ბიჭი გავიცანი. საკმაოდ სიმპათიური, დახვეწილი და მშრომელი. მისი მხრიდან დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობდი და მეც შემიყვარდა. რასაკვირველია, ჯერ გათხოვებას არ ვგეგმავდი და ამიტომ ერთმანეთს ვხვდებოდით, დროს კარგად ვატარებდით, სამომავლო გეგმებს ვსახავდით და მისი იმედი სულ მქონდა. სხვათა შორის, არაერთხელ დამიდგა გვერდით და ამ სიკეთეს არ ვივიწყებ. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ჩემი მეგობარი გოგონა გავაცანი. იმ დღიდან აირია ყველაფერი. არც კი ვიცი, ასეთ გოგოსთან როგორ ვმეგობრობდი. თურმე, ჩემს ზურგს უკან იმ ბიჭს ჩემზე ეჭორავებოდა, ისეთ ამბებს უყვებოდა, რაც არ ყოფილა. ეუბნებოდა, რომ მყავდა შეყვარებული, საჩუქრებს ვთხოვდი, უამრავი ფული დავახარჯინე, მერე კი, როცა მის ოჯახს გაუჭირდა, ისე მივატოვე, უკან არ მომიხედავს. რომ ჩემი მშობლები და ჩემი ძმა უვარგისები და ფუქსავატები არიან. მეც მოთამაშე ტიპი ვარ, არ ვამჟღავნებ, თორემ უჟმური და შურიანი გოგო ვარ და ასე შემდეგ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაქალმა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, ისე ჩამარტყა ზურგში დანა, რომ მთელი ცხოვრება დაღი დამასვა. კი მიკვირდა, ჩემი შეყვარებული ასე რატომ შეიცვალა-მეთქი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ თურმე, ათასი სისაზიზღრე მოუყვა ჩემზე. ბოლოს, როცა წავკამათდით, ჩემმა შეყვარებულმა ყველაფერი პირდაპირ მომახალა და გეფიცებით, თმა ყალყზე დამიდგა. აზრი არ ჰქონდა რამის ახსნას. დღეები ტირილში გავატარე და ის ჩემი ვითომ დაქალი გვერდიდან არ მომცილებია. თითქოს გული შესტკიოდა და თანამიგრძნობდა. თან, მეუბნებოდა: კარგი რა, არ ღირს შენს ცრემლებად, ხომ ხედავ, ერთი უპერსპექტივო ბიჭია, ფიზიკურად მუშაობს, შენ უკეთეესს იმსახურებო. მეც მჯეროდა, რომ არ სიტყვებს დასამშვიდებლად მეუბნებოდა და ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი შეემსუბუქებინა, სანამ ტეელფონში მათი მიმოწერა ჩემი თვალით არ ვნახე. მოკლედ, ვთხოვე, თავი არ მაქვს, მაღაზიაში ჩამეგზავნე-მეთქი და ტელეფონი დარჩა. მესიჯი რომ მოვიდა, უნებურად გამექცა თვალი. თითქოს გულმა მიგრძნო, რაც არასდროს მიკადრებია, ვიკადრე – გავხსენი მესიჯი და ვაჟბატონის მონაწერი წავიკითხე. ავყევი და სხვა მიმოწერებიც ვნახე. თვალებს არ დავუჯერე, თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, გონზე მოვედი. აღმოჩნდა, ერთმანეთს ხვდებოდნენ და ჩემზეც ჭორაობდნენ. ვაჟბატონი წერდა: შეეშვი მაგ ბანძ გოგოს, რამდენჯერ გითხარი, რომ არ მსიამოვნებს, რომ ედაქალებიო. ეს კი პასუხობდა: მოიცადე, ცოტა დრო გავიდეს, არ მიხვდეს და მერე ნელ-ნელა ჩამოვშორდები და დავიკიდებთო. რომ მოვიდა, ვერ მოვითმინე და ისე ვეჩხუბე, ისე ვუყვირე და ვლანძღე, გული ცუდად გამიხდა. თავიც არ უმართლებია. ხომ ნახე შენი თვალით, რომ არ უყვარხარ, ბანძად გთვლის, სოფლელ გოგოდ, მე კი გვერდით დაგიდექი, უმადური ხარო, მომაძახა, ადგა და კარი გაიჯახუნა. მისმა ასეთმა სიტყვებმა და საქციელმა, კიდევ უფრო გამომიყვანა წყობიდან. განერვიულებული, გაგიჟებული და წყობიდან გამოსული დამტოვა, ვაჟბატონთან გაიქცა და არც კი უფიქრია იმაზე, რა მომივიდოდა, რას განვიცდიდი და როგორ მტკიოდა გული. ღმერთი მაღლიდან იყურება. არავის შერჩება ასეთი საქციელი.

მირანდა, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა