გულახდილი საუბრები

მაზლმა ჩემი დაქალი მოიყვანა ცოლად და ოჯახის წევრები გადაგვკიდა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.07, 2022 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ჩემი ქმრის ოჯახში პირველი რძალი ვიყავი და ყველა ხელისგულზე მატარებდა. მეც, როგორც შემეძლო, თბილად ვექცეოდი ყველას და ყურადღებას არ ვაკლებდი. განსაკუთრებით, ჩემი მაზლი მემეგობრებოდა. 

ყველა საიდუმლოს მიყვებოდა და გამოუვალ სიტუაციებში არაერთხელ დავხმარებივარ კიდეც, ისე, რომ ჩემს დედამთილ-მამამთილსა და ქმარს არც კი გაუგიათ. ჩემს მაზლსა და ქმარს ბავშვობიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რას წარმოვიდგენდი, თუ ისე გადაეკიდებოდნენ ერთმანეთს, ხმას არ გასცემდნენ და მოიძულებდნენ. მოკლედ, ჩემს მაზლს ჩემი ახალშეძენილი დაქალი მოეწონა. გამანდო: ეს გოგო ძალიან მომწონს და იქნებ უფრო დამაახლოვოო. სიმართლე გითხრათ, თიკას უნივერსიტეტიდან ვიცნობდი და დიდად არ ვდაქალობდით. თუმცა, კარგი ამხანაგები ვიყავით. ვუთხარი კიდეც ჩემს მაზლს: ბავშვობის დაქალი არ არის, არც ისე კარგად ვიცნობ, ცოტა პრეტენზიული ხასიათი კი აქვს, მაგრამ თუ ერთმანეთს გაუგებთ, ერთმანეთი შეგიყვარდებათ და თქვენ შორის სერიოზული კავშირი დამყარდება, რატომაც არა-მეთქი. ისე ვაწყობდი თიკასა და ჩემი მაზლის შეხვედრებს, თითქოს შემთხვევით, რომ თიკა ვერაფერს ხვდებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მართლაც დაუახლოვდნენ ერთმანეთს, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. აი, იმ დღიდან დაიწყო არეულობა ოჯახში. ქალბატონმა გამოაცხადა, რომ სახლში ბევრი ხალხია და აქ ვერ ვიცხოვრებო. ჩემს მამამთილს ბინა აქირავებინა და ქმართან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. იქიდან ითხოვდა: ეს მინდა, ის მინდაო. დედამთილს მელაკუდურად „უძვრებოდა“, სახლს ალაგებინებდა, საჭმელს აკეთებინებდა და საღამოს ქალი ქანცგაწყვეტილი მოდიოდა. ტკბილი სიტყვით ყველა გამოიყენა და ბოლოს, ერთმანეთს გადაგვკიდა. ისე დაატრიალა ენები, თითქოს, ოჯახის ყველა წევრი ზურგს უკან ერთმანეთზე ვჭორაობთ. ჩემთვის რომ დედამთილს გადატრიალებული სიტყვა და საყვედური არასოდეს უთქვამს, ერთ დღესაც ცრემლიანმა მითხრა: შვილო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, პირველი რძალი ხარ და ქალიშვილივით მიგიღე და რაები გილაპარაკია ჩემზე მეზობლებთანო. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. მიხვდა, ძალიან განვიცადე და ეჭვი გაუჩნდა, რომ ტყუილი უთხრეს და მე მასზე ასეთ რამეებს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი. ჩავაცივდი, ვაფიცე და ბოლოს მითხრა: არ გამთქვა შვილო, ხომ იცი, შენი მჯერა. ჩემზე ამას მართლა არ იტყოდი. თიკამ მითხრა: მეზობელი შემხვდა და მისაყვედურა – თქვენი სანაქებო რძალი ასე ლაპარაკობს შენს დედამთილზე, იმ საწყალ ქალზე, თან რომ ჰყვებაო. ისე გავმწარდი, იქ რომ ყოფილიყო, ალბათ, გავგლეჯდი ჩემს მაზლისცოლს. მოკლედ, დედამთილმა მეხვეწა-მემუდარა, არაფერი უთხრაო და ჩავყლაპე. თუმცა, ბოღმა მახრჩობდა. გავიდა რამდენიმე კვირა და ჩემი ქმარი მოვიდა გადარეული. ჩემს ძმას შევუარე და ისე დაუქოქია ცოლს, ისეთები ილაპარაკა ლამის შემომაკვდა. თურმე უთქვამს: შენ და შენი ცოლი რომ გაიჭიმეთ დედაჩემისა და მამაჩემის ბინაში და მე და ჩემი ცოლი ქირით გამოგვყარეთ, რა წესია? ბოლოს და ბოლოს, ნაშვილები ხომ არ ვარ. არ მინდა სახლის გაყოფა, ჩემი წილის ფული მომეციო. აშკარად ცოლის გავლენა იყო, თორემ ჩემი მაზლი ნამდვილად არ აკადრებდა ამ სიტყვებს თავის ძმას. ისე იკამათეს, დღემდე არ ელაპარაკებიან ერთმანეთს. იმას აღარ მოვყვები, კიდევ რაები დამაბრალა მეც, ჩემს დედამთილს, მამათილსა და მთელ სანათესავოს. მის მაგივრად მე მრცხვენია. ჩემი დაქალი მაინც არ ყოფილიყო, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, თითქოს ამ ოჯახის უბედურების მიზეზი მე გავხდი, ის რომ შემოვათრიე ამ სახლში. არადა, რომ შეხედოთ, ბატკანივით გამომეტყველება აქვს, ბუზს რომ არ ააფრენს, ისეთი. ფაქტია, ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაგვკიდა. ჩემს დედამთილს გამუდმებით ეჭორავება ჩემზე და ვხვდები, ქალი ისე აღარ მენდობა, როგორც ადრე, მამამთილი ჩემს ქმარს დაატაკა, ძმებს შორის ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. თავად კი შორიდან უყურებს სეირს. არ მცოდნია, ვისთან ვდაქალობდი, ან ასე როგორ ინიღბებოდა, ან რა შეშურდა? არ ვიცი, ასეთი როგორ უნდა დაიბადო, რომ მოსიყვარულე ოჯახის წევრებს შორის უნდობლობა და შური დათესო.

ნინაკა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი