გულახდილი საუბრები

მამამთილმა იმდენი მეძახა: განათხოვარი რძალი რად მინდიხარო, სანამ ჩემი თავი ქმარს არ შეაძულა

№7

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.02, 2023 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

არ მომწონდა და ვაკრიტიკებდი კიდეც ყველას, ვინც პირად ცხოვრებას საქვეყნოდ გამოფენდა ხოლმე, მაგრამ ისე ვარ გამწარებული, ახლა მე მინდა, სხვებს მოვუყვე ჩემი ამბავი, იმედი მაქვს, ბევრი გაითვალისწინებს და არ დაუშვებს იმ შეცდომას, რაც მე დამემართა. პირველად რომ გავთხოვდი, ცხრამეტი წლის ვიყავი. არ მიყვარდა, უბრალოდ, ვნებას ავყევი, კარგი ბიჭი იყო და ბრმად გავყევი ცოლად. 

ორი წელი ერთად ვიყავით, მაგრამ შვილი არ გვეყოლა. დედამთილმა თუ სადმე ექიმი იცოდა, ყველა მომატარა და ყველა ერთსა და იმავეს ეუბნებოდა: ეს გოგო უშვილო არ არის, ნამდვილად არ გაქვთ საგანგაშოდ საქმეო. დამტანჯა ნემსების კეთებითა და ათასგვარი ექიმბაშის მიცემული სისულელეების სმით. დედაჩემს ვუმალავდი ამ ამბავს, არ მინდოდა, ენერვიულა. თუმცა, მაინც გაიგო. დამისვა და დამელაპარაკა: რას უსმენ შენს დედამთილს, შენი ქმარიც მის ჭკუაზე დადის, თუ გინდა აჰყევი, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ვხედავ, არ გიყვარს შენი ქმარი და თუ გინდა, წამოდი, მიგიღებთ, მამაშენიც ხვდება, რომ არ გაქვთ მოსიყვარულე და თბილი ოჯახი და ამაზე უფრო ნერვიულობსო. ტირილით გამოვუტყდი, რომ არ მიყვარდა და დედამთილის ხუშტურებმაც დამტანჯა. იმწუთას მომკიდა ხელი და იმ ოჯახიდან წამომიყვანა. სიმართლე გითხრათ, არც ქმარი გამომკიდებია და არც დედამთილი. კარგა ხანი არავის არ ვიკარებდი, თუმცა ბევრი მეხვეწებოდა შეხვედრას. დათრგუნული ვიყავი. დაახლოებით შვიდი წლის მერე, შემთხვევით გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან მომეწონა, დავახლოვდით და იმდენად კარგი ურთიერთობა გვქონდა, ასე მეგონა, ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ყველა საიდუმლოს ვუყვებოდი, ისიც მისმენდა და მარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავი. რამდენიმე თვეში ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და მივხვდი, ამ ადამიანის გარეშე ვერ ვძლებდი. იგივე გამიმხილა თავადაც და გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა. ვთხოვე, მისი მშობლებისთვის ყველაფერი ეთქვა ჩემ შესახებ და არც ის დაემალა, რომ განათხოვარი ვიყავი. ასეც მოიქცა. მართალია, სადედამთილოს ეს ამბავი არ მოეწონა, მაგრამ შვილის სიყვარულის გამო თვალი დახუჭა, სამამამთილომ კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: განათხოვარი რძალი არ მჭირდებაო. ეს არ დამიმალა და თავად ჩემმა შეყვარებულმა მომიყვა. მითხრა: მამაჩემს ვიცნობ, ასე იცის, თავიდან გადაირევა და მერე შეეგუება, მთავარია, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და დედაჩემიც ჩემ მხარესააო. ორივე ვმუშაობდით, საკმაოდ კარგი შემოსავალი გვქონდა და შევთავაზე: სჯობს, ბინა ვიქირაოთ, ცალკე ვიცხოვროთ, არ მინდა მამაშენს ყოველ წუთას თვალში ვეჩხირებოდე – არ ვუნდივარ კაცს და მასთან როგორ ვიცხოვრო-მეთქი. თავიდან დამთანხმდა, თუმცა დედამისი იყო წინააღმდეგი: რატომ უნდა ყაროთ ფული, სახლიც გაქვთ და კარიც, მოდით და იცხოვრეთ, ჩემს ქმარს მე დაველაპარაკებიო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვიდნენ ჩემთან სახლში, დამნიშნეს და ქორწილის დღეც დათქვეს. სამამათილო არ მოსულა, თუმცა, ამაზე არც დამწყვეტია გული. ერთ კვირაში გადავედი მათთან საცხოვრებლად და დაიწყო ჯოჯოხეთი: თუ ჩემი ქმარი და დედამთილი სახლში იყვნენ, მამამთილი ჩუმად იყო, მაგრამ როგორც კი თვალს მიეფარებოდნენ, ეგრევე იწყებდა: ამისთვის ვიწვალე, რომ განათხოვარი შემომვარდნოდა სახლში? დაილია ქალიშვილი გოგოებიო? მოკლედ, მესმოდა ათასგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვები და ხმას ვერ ვიღებდი. ერთ საღამოს კი ჩემს ქმარს ვუთხარი: ხომ გთხოვე, ცალკე გვეცხოვრა, მამაშენი ყოველ წამს ჩემს არა ქალიშვილობას უსვამს ხაზს, ბოლოს და ბოლოს დავიღალე, მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს-მეთქი. და... იქ მოგვივიდა პირველი კამათი. ამას მოჰყვა მეორე, მესამე და მამამთილმა იმდენი ქნა, სანამ საყვარელ ადამიანთან სიტუაცია ისე არ დამეძაბა, რომ გათხოვებიდან სამი თვის მერე მასზე უარი ვთქვი. ისე, რომ ქორწილიც ვერ მოვასწარი. ისევ დედაჩემთან წავედი და ატირებულმა მოვუყევი ჩემი ამბავი. დედაჩემმა მითხრა: შვილო, როგორც შენ გადაწყვეტ, ისე მოიქეციო და დღეს ისევ მარტო ვარ, ისევ მშობლებთან და ნამდვილად აღარ ვაპირებ გათხოვებას. ორჯერ ვიწვნიე სიმწარე და მეტს ვეღარ გავუძლებ.

ნიაკო, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი