გულახდილი საუბრები

მამაჩემმა ცოლად ჩემი დაქალის დედა მოიყვანა

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.04, 2022 წელი

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

დედა რომ გარდაიცვალა, ექვსი წლის ვიყავი. იმდენად დიდი სტრესი იყო დედის იმქვეყნად წასვლა, წლების განმავლობაში, სახლში სრული სიჩუმე იდგა. მამა სულ თავდახრილი დადიოდა, ბებიას და ბაბუას ცრემლი არ უშრებოდათ თვალზე.

მე კი, მათი შემხედველი, ვცდილობდი, ჩემს ოთახში ჩავკეტილიყავი და მათთან კონტაქტი არ მქონოდა. ისინი ხელისგულზე მატარებდნენ. მამა სულ ცდილობდა, საუკეთესო ჩასაცმელი და სათამაშო ეყიდა, ყველგან წავეყვანე და ლაღი და ბედნიერი ვყოფილიყავი. წლები რომ გავიდა და გავიზარდე, მამამ მანქანა მიყიდა. განებივრებული კი ვიყავი, მაგრამ არასოდეს მიგრძნობინებია ჩემი დაქალებისთვის, რომ მე მათზე მეტი მქონდა. ერთი დაქალი განსაკუთრებულად მიყვარდა. თაკო საკმაოდ შეჭირვებული ოჯახიდან იყო. მშობლები გაშორებულები იყვნენ და დედამისი დღე და ღამე მუშაობდა, რომ შვილისთვის არაფერი მოეკლო, თაკო ხშირად მოდიოდა ჩემთან და რჩებოდა კიდეც. ოჯახის წევრებს ვუყვებოდი, რომ მათ ძალიან უჭირდათ, მაგრამ თაკო ძალიან პატიოსანი, ერთგული და სანდო ადამიანი იყო და რაც მთავარია, საკმაოდ კარგად სწავლობდა და დედასაც ეხმარებოდა. მამა რომ გაიგებდა, თაკო ჩემთან დარჩენას აპირებდა ნამცხვრები, შოკოლადები მოჰქონდა და აუცილებლად ყიდულობდა საჩუქრებს. მოკლედ, ერთ დღეს თაკოთან ვიყავი, ზაფხული იყო და დედამისმა შემომთავაზა: მე და თაკო ორი კვირით სოფელში ვაპირებთ დასასვენებლად წასვლას და გაგვიხარდება შენც თუ წამოხვალ. ჰკითხე შენს ოჯახს და თუ გამოგიშვებენ, ხვალვე წავიდეთ, თან გაერთობით, თან სუფთა ჰაერზე იქნებით, პაპანაქება მზეს გაერიდებით, ერთად იქნებით და ბევრი დრო გექნებათ საჭორაოდო. მამას ვთხოვე, გავეშვი. ცოტა კი იყოყმანა: ჩემ გარეშე არსად წასულხარ და შორს რომ იქნები, ვინერვიულებო, მაგრამ მაინც დავიყოლიე. თაკოს დედას არ იცნობდა, დაურეკა და გამოჰკითხა სად იყო სოფელი, რით უნდა წავსულიყავით და ხომ არაფერი სჭირდებოდათ. მოკლედ, დილითვე გავარდა მაღაზიაში და უამრავი საჭმელ-სასმელი მოიტანა, დაახარისხა, ჩამილაგა და გამატანა. გურიაში ჩასულს მართლაც საოცარი სოფელი დამხვდა. თაკო და დედამისი თან მყვებოდნენ. მეზობლებიც გავიცანი და ხან ტყეში დავდიოდით, ხან მდინარეზე და ხან ბირჟაზე ვიკრიბებოდით სოფლის ცენტრში და გვიან ღამემდე ვერთობოდით. მამას დღეში ორჯერ ველაპარაკებოდი. პარასკევ საღამოს რომ დამირეკა, მითხრა, ძალიან მენატრები და თუ უხერხული არ იქნება შაბათ-კვირას ჩამოვალ ჩემი მანქანით. მანდვე მეორე სოფელში ჩემი ბავშვობის მეგობარი ისვენებს და ღამე იმასთან დავრჩებიო. გამიხარდა და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. მამა, ისევ დატვირთული ჩამოვიდა. რასაკვირველია, თაკოს დედამ ღამის გასათევად სხვაგან არ გაუშვა. მთელი საღამო მე და თაკო ბირჟაზე ვიყავით, მშობლები კი ეზოში ისხდნენ და საუბრობდნენ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ, იმ დღეს გაიბა მათ შორის სასიყვარულო ძაფები. თბილისში რომ დავბრუნდი, მამამ ბებიას სუფრა გააწყობინა და ჩემი მეგობარი და დედამისი სადილად დაპატიჟა. მაშინ მივხვდი, რომ მამა თაკოს დედას სულ სხვანაირად უყურებდა და ესაუბრებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ მალე დაიწყეს შეხვედრები. ერთი პერიოდი საყვარლები იყვნენ, ისე, რომ მე და ჩემს დაქალს არაფერი გვითხრეს და საბოლოოდ დაოჯახება გადაწყვიტეს. მე, რა თქმა უნდა, გავაპროტესტე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მოკლედ, დღეს ჩემი საუკეთესო დაქალის დედა, ჩემი დედინაცვალია, მამასთან ურთიერთობა გამიცივდა და თაკოსაც თავს ვარიდებ. არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, მაგრამ ასე მგონია, მამამ დედას უღალატა, მისი ხსოვნა შეურაცხყო და მეც არაფრად ჩამაგდო. რაც გამიკეთა, სულ წყალში ჩაყარა. შეიძლება, ვინმემ თქვას, ეს გოგო ეგოისტიაო, მაგრამ არ მსიამოვნებს, მამის გვერდით სხვა ქალს რომ ვხედავ, თან, ჩემი დაქალის დედას. მისი მოსვლის მერე სახლში ურთიერთობები გაცივდა. ოჯახის წევრები, თითქოს, დავშორდით ერთმანეთს. თაკომ მარტო ყოფნა ამჯობინა და საცხოვრებლად ჩვენთან არ გადმოვიდა. მეც თავს ვარიდებ და აღარ ვეკონტაქტები, გამოდის, მეგობარიც დავკარგე.

ლიკა, 21 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი