გულახდილი საუბრები

სიყვარულის გამო ყველას წინააღმდეგ წავედი და დღეს მის გვერდით ბედნიერი ვარ

№16

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.04, 2023 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

ბავშვობიდან მე და ჩემს ძმას მშობლები სულ იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ბიჭებს კდემამოსილი, ნაზი, კარგ ოჯახში ტრადიციულად აღზრდილი გოგოები უნდა მოგვეყვანა ცოლად, აი, ისეთი, ლამაზიც რომ არის, განათლებულიც და თან, კარგი მშობლების შვილი. არასოდეს უსვამდნენ ხაზს, ვინც შეგიყვარდებათ, ის მოიყვანეთ ცოლადო. ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსია და მართლა ლამაზი, კარგი ოჯახის შვილი, ნაზი და დახვეწილი მეუღლე ჰყავს. მაგრამ იმიტომ კი არ მოიყვანა, რომ ასე მშობლებს უნდოდათ, არამედ, ასეთი შეუყვარდა. მე კი, რომ გაიგეს პირსინგიანი და ტატუებიანი გოგონა მომწონდა, თავი გაიგიჟეს. ნატა ინტერნეტით გავიცანი, ფოტოებზეც მომეწონა და თან, კარგად ვუგებდით ერთმანეთს.

რაღაცნაირად, ჩემიანი იყო და ყოველდღიურად, უფრო და უფრო ვინტერესდებოდი მისით. უცხოეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა და ერთი სული მქონდა, როდის დადგებოდა ის დღე, საქართველოში რომ ჩამოვიდოდა და ვნახავდი. ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა მამასთან. მოკლედ, გასულ ზაფხულსაც ჩამოვიდა და შევხვდით ერთმანეთს. მასში სწორედ ის სითამამე, უკომპლექსობა და ბუნებრიობა მომეწონა, რაც სხვა გოგონებში ვერ დავინახე. ყოველდღიურად ვხვდებოდით ერთმანეთს და მასთან განშორება უფრო და უფრო მიჭირდა. მისი წასვლის დრო რომ მოახლოვდა, მივხვდი, იმდენად მიყვარდა და მივეჩვიე, მის გარეშე გამიჭირდებოდა. არც მომრიდებია, ეს პირდაპირ ვუთხარი. შემომთავაზა, იქნებ შენც ჩამოხვიდე გერმანიაში. იმუშავებ, ისწავლი... დედამ იცის შენ შესახებ და ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი არ არისო. ანუ, იმის სანაცვლოდ, რომ ერთად გვეცხოვრა, არც ხელის თხოვნა, არც ხელის მოწერა და არც ჯვრისწერა არ მოუთხოვია. არც ეს იყო პრობლემა, ისე მიყვარდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სანამ წავიდოდა, მოინდომა ჩემები გაეცნო და შემომთავაზა თქვენთან მოვალო. ზუსტად ვიცოდი, ოჯახში რასაც იფიქრებდნენ მასზე და არ მინდოდა, მაგრამ ამას როგორ გავამხელდი. დავთქვით, რომ მეორე დღეს მივაკითხავდი სახლში და ჩემთან ავიყვანდი. რასაკვირველია, ჩემებს ვუთხარი, მეგობარი გოგონა უნდა მოვიყვანო, უცხოეთში ცხოვრობს, უკომპლექსოა და თამამი და თქვენებურად სულელური კითხვები არ დაუსვათ და არ დააკომპლექსოთ-მეთქი. არ დამავიწყდება ბებიაჩემის სახე – კარი რომ გაგვიღო - გაშეშდა. ისევ მე გამოვასწორე სიტუაცია: ბებო, ეს არის ჩემი მეგობარი ნატა, რომ გითხარით, უცხოეთში ცხოვრობს-მეთქი. არც კი გაუღიმია, ისე გაიწია კარიდან, რომ შევსულიყავით. ბაბუაჩემმა პირსინგი და ტატუები რომ შენიშნა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უცხოპლანეტელი დაინახა. დედაჩემის და მამაჩემის გაოცებულ სახეებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. დავსხედით მისაღებში, დედამ ყავა მოგვიდუღა და სათითაოდ გაიკრიფნენ ოთახიდან. სიტუაციის განმუხტვას ვცდილობდი, მაგრამ ნატა ყველაფერს მიხვდა და მითხრა: არ ინერვიულო, ყველას ხომ არ მოსწონს ჩემნაირი გოგო, რა მოხდა, ძველი ყაიდის ხალხია და არაფერი უთხრაო. ნატა რომ გავაცილე და მოვბრუნდი, ჩემებს ერთი ამბავი დავაწიე. არც იმათ დამაკლეს. მოკლედ, აღარც მინდა იმ დღის გახსენება. ნატა რომ უცხოეთში გავაცილე, დამშვიდდნენ, ეგონათ, დავშორდებოდი. არადა, როდის იყო მანძილი გრძნობასა და სიყვარულს ანელებდა, პირიქით, უფრო მკლავდა უმისობა. ჩუმად გავაკეთე საბუთები, ჩავალაგე ბარგი და ისე გავფრინდი გერმანიაში, ჩემს საყვარელ გოგონასთან, ჩემებისთვის არ მითქვამს. უბრალოდ, წერილი დავუტოვე; არ გამტყუნებთ, რომ ვერ გამიგეთ, მე ეს გოგო მიყვარს და მის გარეშე არ მინდა ცხოვრება. გავა დრო და მიხვდებით, რომ შეცდით მასში, მე მასთან სიახლოვით ბედნიერი ვიქნები, თქვენ კი შორიდან მეყვარებით. გეფიცებით, იმის მაგივრად, რომ ეთქვათ, ამხელა გზაზე საყვარელ ადამიანთან წავიდა და ღმერთმა ხელი მოუმართოსო, სამუდამოდ მომიძულეს. კონტაქტი მხოლოდ ჩემს ძმასთან მაქვს და ისიც მოკითხვის დონეზე. ხანდახან თუ მომიკითხავს, რომ დარწმუნდეს ცოცხალი ვარ და არაფერი მიჭირს. მე კი მართლა ბედნიერი ვარ ამ ადამიანის გვერდით, მუშაობაც დავიწყე, ენის სწავლაც. ცალკეც ვიქირავეთ ბინა და ვხვდები, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. იმედია, წლების მერე მაინც მიხვდებიან ჩემები, რომ შეცდნენ, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და წინ ვერაფერი აღუდგება. ჩემს არჩევანს პატივს სცემენ და ნატასაც მიიღებენ.

გურო, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი