გულახდილი საუბრები

ყოფილი ქმარი მავიწროებს და ახალი ცხოვრების დაწყების უფლებას არ მაძლევს

№32

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.08

ახალგაზრდა ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ექვსი წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მამა ცდილობდა, ისე გავეზარდე, არაფერი მომკლებოდა, ყველა სურვილს და ოცნებას მისრულებდა.

ჩემდამი ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა, მაინც ვერ ვეუბნებოდი იმას, რაც დედისთვის შემეძლო მეთქვა. ასე მეგონა, ვერ გამიგებდა. ყველა ჩემი დაქალის მშურდა, ვისაც დედა ურეკავდა, თან დაჰყვებოდა, გვერდით ედგა. მეგონა, თუ გავთხოვდებოდი, ჩემი ქმრის დედა გამიწევდა დედობას და ამ უდიდეს დანაკლისს შემივსებდა. ამიტომაც, ადრეულ ასაკში, თექვსმეტი წლისა გავთხოვდი. თუმცა, ქმრის დედამ დედამთილის პოზიცია დაიჭირა და მისგან ვერანაირი მხარდაჭერა და სიყვარული ვერ ვიგრძენი, დედობრივ სითბოზე რომ აღარაფერი ვთქვა. ახლა ვხვდები, რომ ამ დაუფიქრებელი ნაბიჯით ძალიან დავაშავე და მამასაც ძალიან ვატკინე გული. ვერ ვიტყვი, ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა ის ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი-მეთქი, უბრალოდ, მისგან ყურადღება ვიგრძენი, მივეჩვიე და ცოლად ისე გავყევი, არავისთვის გამიმხელია მასთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მალევე წამოვედი უკან. მივხვდი, იმ სახლში ჩემი ადგილი არ იყო. მამა, როგორც ყოველთვის, გვერდით დამიდგა. ცდილობდა, მაქსიმალურად ჩემთან ერთად გადაეტანა ის ტკივილი, რასაც განვიცდიდი. არ იყო მარტივი ოჯახის დანგრევა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკის ვიყავი. რაღაც პერიოდის მერე მივხვდი, აუცილებლად უნდა მემოქმედა ისე, რომ ჩემთვის და მამაჩემისთვის სასარგებლო ყოფილიყო. დავიწყე სწავლა, პარალელურად მუშაობა და ძირითად დროს ჩემს განვითარებას ვანდომებდი. თუმცა, ჩემი ყოფილი ქმარი ისე მავიწროებდა, გასაქანს არ მაძლევდა. უნდოდა, შევრიგებოდი. არ უარვყოფ, ვუყვარდი და სურდა ჩემთან დაბრუნება, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ისევ იგივე განმეორდებოდა და თავს ვარიდებდი. ყველგან მაკონტროლებდა, ჩუმად დამყვებოდა უკან, მხვდებოდა. ერთი პერიოდი ძალიან დავიძაბე, მაგრამ მერე ვიფიქრე: მდიოს უკან, არ მივაქცევ ყურადღებას, მიხვდება, რომ ჩემთან აღარაფერი გამოუვა და თავს დამანებებს-მეთქი. მართლაც, რაღაც პერიოდი სადღაც გაქრა. სწორედ იმ დროს გამოჩნდა ერთი ბიჭი, მოგვეწონა ერთმანეთი და შეხვედრებიც დავიწყეთ. ეს ის ადამიანი იყო, ვისაც ვუგებდი და მიგებდა. არასოდეს მზღუდავდა, პირიქით, თავისუფლებას მაძლევდა და თუ რამე დამჭირდებოდა, ყოველთვის გვერდით მედგა. მთელი ექვსი თვე გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები და მიუხედავად იმისა, იცოდა, განათხოვარი ვიყავი, ინტიმური ურთიერთობა არასოდეს უთხოვია. სიმართლე გითხრათ, თავიდან როგორც კარგი მეგობარი, ისე მივიღე და დროთა განმავლობაში ისე გადაიზარდა ეს ყოველივე დიდ სიყვარულში, თავად ვერ მივხვდი. როცა მომავლის დაგეგმვა დავიწყე, მამასაც გავუმხილე ჩემი პირადი ამბები და გადავწყვიტე, ურთიერთობა გამესაჯაროებინა, სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა ჩემი ყოფილი ქმარი. როგორც მითხრა, უცხოეთში ყოფილა სამუშაოდ, ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა. ისევ დაიწყო ჩემი შევიწროება, თვალთვალი, კუდში დევნა და რასაკვირველია, გაიგო, რომ სხვა მიყვარდა. ცხოვრება გამიმწარა. შანტაჟზე და დაშინებაზე გადავიდა. თუმცა, იმდენად მშიშარაა, მხოლოდ ჩემთან ბედავს ამ ყველაფერს, ჩემს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა არც უცდია. მამაჩემთანაც მივიდა, დაელაპარაკა და მისი პოზიცია რომ გაიგო, მას მერე იმუქრება: თუ ჩემთან არ იქნები, ვერცერთი კაცის გვერდით ვერ გაიჭაჭანებ, ნახავ, რაც მოუვათო. მართლა მეშინია, ჩემს შეყვარებულს რამე არ დაუშავოს. არადა, მინდა, ცხოვრება ახლიდან დავიწყო, მის გვერდით ვიყო ბედნიერი, ვინც მართლა დიდი გრძნობით მიყვარს. ვერ ვხვდები, რა გავაკეთო. თავს არ მანებებს და არც მშვიდად ცხოვრების უფლებას მაძლევს. ვერ ხვდება, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო. ძალიან ვნანობ, თავის დროზე რომ მას გავყევი, წვრილმანებს არ მივაქციე ყურადღება და შეცდომა დავუშვი. მაგრამ, ხომ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ამას ვიწვნევდე? ვინ არ გაშორებია ქმარს, ვინ არ გათხოვილა მეორედ და ვის არ აუწყვია თავისი ცხოვრება ისე, როგორც თავად სურდა და არა როგორც ყოფილს? მართლა დავიღალე ამ ადამიანით, ვერ მოვიცილე და იძულებული ვარ, თუ ასე გააგრძელა, მოვკიდო ჩემს საყვარელ ადამიანს ხელი და მასთან ერთად უცხოეთში წავიდე ცხოვრების მშვიდად გასაგრძელებლად.

ნინიკო, 23 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...