გულახდილი საუბრები

ქმრის უაზრო ეჭვიანობის გამო ცხოვრება გამიმწარდა

№48

ავტორი: „თბილისელები“ 16:50 30.11, 2020 წელი

გულახდილი საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია


ჩემს ქმართან არასოდეს მქონია პრობლემა ჩაცმისა და მაკიაჟის მხრივ. ყოველთვის ისე მეცვა და ისე ვიღებებოდი, როგორც მინდოდა. ბოლო ორი წელია, სამსახური შევიცვალე და გაპრანჭულს მიწევს სიარული. არც მანამდე მითქვამს უარი გაპრანჭვაზე, მაგრამ ახლა ვცდილობ, განსაკუთრებულ ფორმაში ვიყო. ამის გამო ჩემმა ქმარმა ეჭვიანობა დაიწყო. თავიდან მცირე შენიშვნებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ერთ დღესაც, კარში რომ ჩადგა და კატეგორიულად მომთხოვა: თუ ამ კაბას არ გამოიცვლი, სამსახურში ვერ წახვალო, მივხვდი, საქმე რთულად იყო. არ მუშაობს და ვიფიქრე, ალბათ, იმის გამო ეჭვიანობს, მე რომ მთელი დღე გასული ვარ და თვითონ სახლში ზის-მეთქი, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, ჰგონია, სხვა მამაკაცს ვეპრანჭები. არადა, მართლა არ არის ასე. ვერ დავმალავ, ბევრი მამაკაცის ყურადღებას ვიპყრობ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ხომ არაა? თან, არც ვულგარულად ვიცვამ და არც ისეთი მაკიაჟით დავდივარ, თვალშისაცემი რომ იყოს. უბრალოდ, თმა და ფრჩხილი სულ მოწესრიგებული მაქვს და ვცდილობ, მოდის ტენდენციების მიხედვით ჩავიცვა. მიხდება კიდეც და არც ზედმეტ წონას ვუჩივი. ჩემი დედამთილიც კი ჩავრიე ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ თავისი შვილის უაზრო ეჭვიანობას ვერაფერი მოუხერხა. გადარეულია ქალი, ჩემს მხარეს იჭერს, რაღაც პერიოდი ჩვენთანაც კი გადმოვიდა საცხოვრებლად და როცა საკუთარი თვალით ნახა სიტუაცია, მითხრა: შვილო, მეგონა აჭარბებდი, როცა მიყვებოდი, მაგრამ ჩემი შვილის ქცევები ისეთი აუტანელია, რა გითხრა, აღარ ვიცი, იქნებ მოითმინო, მიხვდება, რომ ცდება და გაუვლისო. თქმა ადვილია. ამას წინათ, ისეთ დღეში ჩამაგდო, ტირილისგან დასიებული თვალებით მივედი სამსახურში. 

ვიცი, ვუყვარვარ და მეც მიყვარს, მაგრამ ეს უაზრო ეჭვიანობა მკლავს. თავადაც განიცდის და მეც მანერვიულებს. ზაფხულში ისეთი დახურული სამოსით მატარა, ამოვიგუდე, დაზამთრდა და იმავეს იმეორებს. თუ საცობში მოვხვდი და სახლში მისვლა დავაგვიანე, სცენებს აწყობს. დაქალთან და ნათესავთან წასვლაზე, ხომ, ლაპარაკი ზედმეტია. არადა, მართლა არ იყო ასეთი ხასიათის ბიჭი. ვფიქრობ, უსამსახურობამ გახადა ასეთი ეჭვიანი. არადა, მეც რომ არ ვიმუშავო, ხომ გვინდა თავის გატანა? ჩხუბობს: მთელ შენ ხელფასს შენი თავის მოვლაში ხარჯავ, დაჯექი სახლში, მე ვიშოვი სამსახურს და გავალო. ამაზეც დავთანხმდი: კი ბატონო, იშოვე სამსახური და მე სახლში დავჯდები-მეთქი და უფრო გაღიზიანდა. ვეღარ ვხვდები, როგორ მივუდგე. ტელევიზორში ამდენი სულელური ფილმებისა და სერიალების ყურებამ გადაიყვანა ჭკუიდან. უყურებს სიუჟეტს და მერე ჩემთან აკავშირებს. მეჩხუბება: აი, ასეთები ხართ ქალები, თუ კაცმა ოდნავ ყურადღება მოადუნა, მაშინვე სხვა კაცისკენ გაგირბით თვალიო. არადა, ადრე სხვა ქალთან გააბა რომანი და მთელი ბრძოლა დამჭირდა, მას რომ დაშორებოდა. ეს ამბავი აღარ ახსოვს. არ ვარ ეჭვიანი და მისი კონტროლი გულშიც არ გამივლია. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე მის ტელეფონში მიმოწერები და დროულად ჩავერიე. ამას რომ ვუხსენებ, მაშინვე თავდაცვაზე გადადის და ყვირილს იწყებს: ჰო, ასეთები ხართ ქალები, გვიწვევთ და მერე, განზე დგებითო. ღმერთია მოწამე, არასოდეს გამივლია გულში ღალატი. მაგრამ, იმის გამო, რომ მან არ იეჭვიანოს, ჩამოძონძილი ნამდვილად ვერ ვივლი. ისიც ვიფიქრე, ცოტა ხნით ხომ არ გავშორდე და იქნებ ჭკუაზე მოვიდეს-მეთქი, მაგრამ ვიცი, უჩემობა უფრო გააგიჟებს და ამიტომ ვითმენ. ჩვენს ამბავში მთელი მისი სანათესაო ჩაერია, დედამისიც, ფაქტობრივად, ორ დღეში ერთხელ მოდის, რომ სიტუაცია გაანეიტრალოს, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებთ. გაიძახის: ყველა ქალი ერთნაირი მოღალატე და ფარისეველიაო. სულელური მაგალითები მოჰყავს და ამით ამართლებს თავის საქციელს ჩემ მიმართ. მე და ჩემმა დედამთილმა ისიც კი ვიფიქრეთ ფსიქოლოგთან წაგვეყვანა, მარგამ ეს რომ ვუთხრათ, დაგვხოცავს. იმედია, მოვა გონს და გადაუვლის, ისევ იმ ხასიათს დაიბრუნებს, როცა მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობდი.
ლიკა, 35 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი