გულახდილი საუბრები

ქმარს დედაჩემის შეურაცხყოფა არ ვაპატიე და სახლიდან გავაგდე

№48

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.12

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

სულ პატარა ვიყავი – ოთხი წლის, როცა მამამ მე და დედა საყვარლის გამო მიგვატოვა. არ დამავიწყდება დედის ცრემლიანი თვალები. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მახსოვს, როგორ ტიროდა დედა ჩუმად, ეგონა, არ მესმოდა. რასაკვირველია, მამამ იმ ქალთან მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრა. მერე მამას ფული რომ შემოაკლდა, იმ ქალს მობეზრდა და ხელი ჰკრა. დედამ მამა აღარ მიიღო. არც ის უსიამოვნო საუბარი მავიწყდება, რაც მამამ წასვლის წინ აკადრა დედას და მერე უკან რომ უნდოდა მობრუნება, როგორი დამთბარი და მოკუზული მოვიდა. 

დედა ამაყია და არც ის შეურაცხყოფა აპატია, არც ბოდიშები მიიღო და გვერდით აღარ გაიკარა. რასაკვირველია, მეც მამის წინააღმდეგი ვიყავი. ბევრჯერ სცადა ჩემთან შემორიგება, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომ მიხვდა, ჩვენამდე არ მოესვლებოდა, სხვა ცოლი მოიყვანა და როგორც გავიგე, შვილებიც ჰყავს. მოკლედ, დედა მუშაობდა და საღამოობით სახლის დალაგებებზეც დადიოდა. მატყუებდა: დედიკო, მე წავალ დაქალთან და მალე მოვალ. შენ უჩემოდ ჭამე საჭმელი, იმეცადინე და თუ დამაგვიანდა დაიძინე. ჭკვიანი გოგო მყავხარ და ხომ იცი, შენი იმედი მაქვსო. მე, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ დაქალთან კი არა, ისევ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი. არ დამავიწყდება, მეზობლის ბავშვს, ველოსიპედზე დაჯდომა ვთხოვე და წამომაძახა: არ გათხოვებ! არ მინდა შენთან მეგობრობა! დედიკომ მითხრა, მაგას მამა არ ჰყავს, დედამისი სხვებს ულაგებს სახლებს და ეგეთ ბავშვთან არ იმეგობროო. გული მეტკინა, მაგრამ მეც დედას ვგავარ – ამაყი, არ შევარჩინე ეს ნათქვამი და კიკინები დავაწიწკნე. ამის გამო დედაჩემს კი ეჩხუბა იმ გოგოს ბებია, მაგრამ დედა მე არ გამბრაზებია. პირიქით, მითხრა: შვილო, ძალადობა არ ვარგა, მაგრამ შეურაცხყოფა არ უნდა აიტანო, არავიზე ნაკლები არ ხარ და თუ მე სახლებს ვალაგებ, იმიტომ რომ არაფერი მოგაკლდეს, შენი თანატოლებივით უზრუნველყოფილი იყო, ამაში დასაძრახი არაფერია, ვიცი, რომ გაიზრდები, არასოდეს შეგრცხვება ჩემი და ამაგს დამიფასებო. მართლაც, გავიზარდე და უფრო კარგად გავაანალიზე, რომ დედამ ჩემთვის შეუძლებელი შეძლო. რომ შემიყვარდა და საქმე სერიოზულად იყო, დედას გავუმხილე: მიყვარს, მაგრამ სახლში სამი ძმაა, ვიწროდ ცხოვრობენ, ჩვენ რომ დავქორწინდეთ და ცალკე ქირით გავიდეთ, ამის საშუალება არ გვექნება და ძალიან განვიცდი, იმ ბიჭის გარეშე ვერ გავძლებ-მეთქი. დედას არც კი უფიქრია, ისე მიპასუხა: შვილო, შენია, რაც გვაქვს, სახლიც და კარიც. აბა, ვისთვის მინდა? აქ იცხოვრეთ. ხომ იცი, მე ის ქალი არ ვარ, ხელი შეგიშალოთ, ჩემთვის ვიქნებიო. ჩავეხუტე მაგრად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქალმა ჩემ გამო საკუთარი ბედნიერება, ცხოვრება და სიყვარული უკანა პლანზე გადასწია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შევქმენით ოჯახი, მაგრამ რამდენიმე თვეში პრობლემები დაიწყო. აღმოჩნდა პათოლოგი, ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. ვცდილობდი, თვალები დამეხუჭა, დამეთმო, მაგრამ ვხვდებოდი, დიდი შეცდომა დავუშვი, რომ მას გავყევი ცოლად. ბოლოს, არც კი შერცხვა, ისე მითხრა: რომ დაორსულდე და ბავშვი გვეყოლოს, ამ ბინაში როგორ უნდა დავეტიოთ, დედაშენს რა ვუყოთო. ვერ გავიაზრე, რა მითხრა. ვიფიქრე, ხომ არ მომეჩვენა-მეთქი. გაოგნებულმა კითხვითვე ვუპასუხე: ოროთახიანი ბინაა, დედა რას გვიშლის, პირიქით, რასაც მუშაობს, ჩვენ გვახმარს და რატომ ევრ დავეტევით, ვერ მივხვდი შენს ნათქვამს და იქნებ დამიკონკრეტო-მეთქი. არ დაიხია უკან: რამე მოვიფიქროთ, მთელი ცხოვრება სიდედრის გვერდით ხომ არ ვიქნები. არ მსიამოვნებს, დედისტოლა უცხო ქალი რომ დადის ოთახში, თამამად ვერ გამივლია. ამხელა ქალი თვითონ უნდა მიხვდეს, რომ გვავიწროვებსო. აი, აქ კი ამომასხა და ზუსტად ვიცოდი, მის გვერდით ერთი წამით არ გავჩერდებოდი. ვეჩხუბე, ვუყვირე და სახლიდან გავაგდე. დედაჩემმა დღემდე არ იცის, რა მოხდა ჩვენ შორის. ხშირად მეკითხება: შვილო, რა იყო მიზეზი, რის გამო იჩხუბეთ. ვერ ვხვდები, რა ვერ გაიყავით, მე ხომ არ ვიყავი მიზეზიო. ვამშვიდებ, რომ ის არაფერ შუაშია და ასეცაა. ჩემს ყოფილ დედმათილსა და მამათილს კი მოვუყევი, რაც მოხდა და სახეზე ფერი არ ედოთ, ისეთი დარცხვენილები მისმენდნენ. არავინ ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში, რადგან ეგონათ, შევრიგდებოდით. იყო კიდეც ვაჟბატონის მხრიდან შერიგების მცდელობა, მაგრამ ახლოსაც არ გავიკარე. მთელი ცხოვრება სულ რომ მარტო დავრჩე, დედის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ.

ქეთი, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა