გულახდილი საუბრები

„ხალხი რას იტყვის“ გამო ჩემს გემოზე ვერ მიცხოვრია

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.09, 2023 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ქმარს წლების წინ გავშორდი, განათხოვარი ქალი მქვია. შვილები მყავს, რომლებიც რაიონში, ჩემს მშობლებთან იზრდებიან. მე ქმართან გაშორების მერე დედაქალაქში ვარჩიე წამოსვლა, რომ მემუშავა და შვილები მერჩინა. რაიონში ისედაც არ მედგომებოდა. ხომ იცით, როგორც ხდება?

დაიწყეს ჭორაობა, ათასი მითქმა-მოთქმა, ყველა კაცი სხვანაირად მიყურებდა და მოკლედ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, იქაურობას გამოვშორებოდი. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვიქირავე პატარა ბინა და იქ ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი, სილამაზით ვბრწყინავ-მეთქი, თუმცა ვცდილობ, სულ მოვლილი ვიყო. არაერთი თაყვანისმცემელიც გამომიჩნდა, მაგრამ ურთიერთობა ვერა და ვერ ავაწყვე. ზოგი ჩემს გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდა, ზოგს ცუდი ხასიათი ჰქონდა, ზოგიც აკრძალვებს მიწესებდა და ასე გავიდა მთელი ექვსი წელი. შემიძლია, დავიფიცო, არავისთან ვყოფილვარ. თუმცა, ამას რაიონში ვერავის დააჯერებ. ამ ზაფხულს შვებულება მქონდა. ისე მოხდა, რომ თანამშრომელი ბიჭიც ჩემი რაიონის ერთ-ერთ სოფელში მიდიოდა და მითხრა: „მარშუტკით“ რატომ უნდა იწვალო და იჩაქჩაქო, მე გამომყევი და სახლამდე ჩაგიყვან, თან, მარტო მივდივარ და გზაშიც გავერთობითო. სახლში რომ ჩამიყვანა და მანქანიდან გადმოვედი, უნდა გენახათ მეზობლების სახეები. თან, საღამო იყო და ყველა გარეთ, „ბირჟაზე“ იჯდა. რასაკვირველია, წავიდა ჭორები. არც მიცდია, უბრალოდ, ჩემებს ვუთხარი ვინც იყო და მთავარია, მათ დაიჯერეს. წინა წელს ერთ ბიჭს მოვწონდი, მაკითხავდა ხოლმე სამსახურთან და სახლამდე მაცილებდა. უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა. დაურეკეს „ხაზეიკას“, მოვარდა და მეჩხუბა. მასაც ავუხსენი, რომ მხოლოდ ერთი ბიჭი მაკითხავდა საღამოს, რომელიც ღამე არასდროს დარჩენილა, უბრალოდ, ცოტა ხანს ვსაუბრობდით და სულ ეს იყო. მოკლედ, მეზობლების და იმის გამო, რომ რას იტყვიან, ცხოვრება ვერა და ვერ ავაწყვე. იქნებ მინდა, საყვარელი მყავდეს, მეზობლებს უნდა დავეკითხო? მყავდა ბატონო ქმარი, ხელიც მოწერილი მქონდა და ქორწინებაც – ოფიციალურად გაფორმებული, მაგრამ რა ხეირი? არც დაინტერესებულა, რა სჭირდებათ მის შვილებს. სხვათა შორის, მასთანაც ჩაიტანეს ჭორი და დამირეკა, მლანძღა და მაგინა: მაგისთვის წახვედი ჩემგან, რომ ათასი კაცი გამოგეცვალა, შე ასეთო და შე ისეთოო. რადგან განათხოვარი ვარ, არ შემიძლია, კაცთან სერიოზული ურთიერთობა მქონდეს? მხოლოდ სექსი ხომ არ არის? მინდა, უბრალოდ, ვინმეს გვერდით თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნო, სამსახურიდან დაღლილი მოსული მასთან საუბრით და თუნდაც, ჩახუტებით განვიტვირთო. ჩემს გემოზე ვერ მიცხოვრია იმის შიშით, რას იტყვის მეზობელი, ნათესავი, გამვლელი, ნაცნობი თუ უცნობი.

ნატა: 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა