გულახდილი საუბრები

იმის გამო, რომ საყვარელი მყავს, ყოფილმა ქმარმა ბავშვის წართმევა მოინდომა

№46

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.11, 2021 წელი

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

ქმარს რომ გავშორდი, ჩვენი შვილი ორი წლისაც არ იყო. მთელი ხუთი წელი ისე ვცხოვრობდი ჩემს მშობლებთან და ვზრდიდი ბავშვს, მამამისს არც კი უფიქრია რა პირობებში მყავდა, სად დამყავდა, რას ვაჭმევდი, რას განიცდიდა მის გარეშე... 

მოკლედ, მისი მამობრივი პასუხისმგებლობა და მოვალეობა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ კვირაში ერთხელ სასეირნოდ დაჰყავდა. ვცდილობდი, ყოფილ მეუღლესთან მშვიდი ურთიერთობა შემენარჩუნებინა, ისიც ბავშვის გამო, თორემ თავად მე, ის არაფერში მჭირდებოდა და ისე ვიყავი მისი ღალატის გამო გაბრაზებული, გული არასოდეს მომილბებოდა, შერიგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მაქსიმალურად ვიყავი ორიენტირებული, რომ ბავშვი კარგ ადამიანად გამეზარდა, მთელ ჩემს დროს მას ვუთმობდი. სკოლაში რომ შევიდა, ცოტა თავისუფალი დრო მეც გამომიჩნდა და ნახევარ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში გავიცანი ზურა. საკმაოდ გაწონასწორებული, განათლებული და შემდგარი ადამიანი. პირველი ოჯახი მასაც დანგრეული ჰქონდა, თუმცა რაც შეეძლო, შვილებს ყურადღებას აქცევდა. იმდენად დავუახლოვდით ერთმანეთს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვხვდებოდით. ბოლოს კი ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ვიმეორებ, ერთად ცხოვრება და არა ქორწინება. ვთქვით, რომ თუ ერთად თავს კომფორტულად ვიგრძნობდით, ჩვენს თანაცხოვრებას პრობლემები და გაუგებრობები არ მოჰყვებოდა, ურთიერთობას მერე დავაკანონებდით. პირველ ქმართან თუ ხელი მქონდა მოწერილი და კანონიერი მეუღლე ვიყავი, ღალატისა და დამცირების მეტი რა მივიღე,? მოკლედ, ჩემი მშობლებიც არ იყვნენ წინააღმდეგი და საცხოვრებლად ზურასთან გადავედი. ბავშვს დიდად არ მოსწონდა ახალი გარემო და მისივე თხოვნით, ბებია-ბაბუასთან დარჩა. თუმცა, ყოველ დილით მე მიმყავდა სკოლაში, მერე მივდიოდი სამსახურში, სკოლიდანაც მე გამომყავდა და ჩემთან მიმყავდა. ვამეცადინებდი, ვაჭმევდი, ვასმევდი და საღამოს მიმყავდა ჩემს მშობლებთან, ფაქტობრივად, მხოლოდ დასაძინებლად. ჩემმა ყოფილმა ქმარმა რომ გაიგო, საყვარელ მამაკაცთან დავიწყე ცხოვრება, გადაირია. მე ვერაფერი მითხრა და ბავშვით დაიწყო მანიპულირება. თავი ათასი სისულელით გამოუტენა, ჩემ მიმართ აგრესიულად განაწყო, სიზაზღრობებს ეუბნება და აჯერებს, თითქოს, მე ის არ მინდა, სხვა კაცში გავცვალე და საბოლოოდ კი საერთოდ მივატოვებ. დავურეკე და გავლანძღე, თუმცა, იქით მივიღე სალანძღავი სიტყვები. მითხრა: შენ რა დედა ხარ, ბავშვი მიაგდე, დატოვე და კაცთან კოტრიალობ, როგორ გძინავს ღამეო. ნეტავ, თვითონ როგორ ეძინა ღამე, როცა მე და ჩემი შვილი სახლიდან წამოვედით? ნეტავ ფიქრობდა ჩვენზე, სხვა ქალთან რომ გორაობდა ლოგინში და მერე სახლში ისე მოდიოდა, ვითომც არაფერი? ამას წინათ დამემუქრა: სასამართლოში გიჩივლებ, რომ ამორალური ქალი ხარ, ბავშვს საზიზღრობას ანახვებ და წაგართმევო. გამეცინა: ამ მართლა ამორალურმა კაცმა, მე როგორ უნდა წამართვას შვილი? უთავმოყვარეოა, შეუმდგარი, ცხოვრება თავზე ჩამოიმხო, ვერც სიყვარული იპოვა და ახლა იმაზეა გადასული, მე როგორ გამამწაროს. არ დავუშვებ, ჩემმა შვილმა მამამისს დაუჯეროს, მისი მხარე დაიჭიროს და ჩემ მიმართ ზიზღის გრძნობა გაუჩნდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მამამისის რეალური სახე დავანახვო, რაც ადრე ნამდვილად არ მინდოდა. ცუდად შემეხო და მეც ცუდად დავუბრუნებ. მართალია, არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში ბავშვი გავრიო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებს. ზურა მეხვეწება, ხელი მოვაწეროთ, დავაკანონოთ ჩვენი ურთიერთობა, იქნებ შეგეშვასო. მაგრამ ეს რას შეცვლის? ბავშვს ისევ გამოიყენებს ჩემ წინააღმდეგ. გამწარდა, მე რომ ცხოვრების ხალისი დავიბრუნე, სიყვარულიც ვიპოვე და მის გარეშე ახალი ცხოვრება დავიწყე. ეგონა, მთელი ცხოვრება მას დაველოდებოდი. რამდენჯერმე სახლშიც წაიყვანა ბავშვი, მაგრამ არ გაუჩერდა. გადაჩვეულია მამის სითბოს და დიდად არც გულზე ეხატება. უბრალოდ, მე ვქმნიდი ისეთ სიტუაციას, რომ მამა-შვილს შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილიყო. ახლა კი, რადგან დამიპირისპირდა და შვილის წართმევა და გადაბირება მოინდომა, აღარ დავინდობ.

ნუცა, 31 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი