განსხვავდება თუ არა ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ის სოციალურ ქსელში იწყება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.10, 2023 წელი

სოციალური ქსელები ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მასთან ერთად ცხოვრება ადვილიც არის და რთულიც. ვირტუალურ სამყაროში გადავიდა ურთიერთობები – ბრაზი, სიყვარული, ემოცია, პაემნებიც კი... თუმცა რეალურს ის მაინც ვერ ჩაანაცვლებს. ვერც ფიზიკური სიახლოვის ალტერნატივა იქნება, რადგან ადამიანებს ძალიან სჭირდებათ ერთმანეთი და ეს კარგად დაგვანახვა პანდემიის პერიოდმაც. რამდენად მყარია სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა და რამდენად სანდოა ის? ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან მთავარი ის კი არ არის, როგორ იწყება ურთიერთობა, არამედ როგორ ვითარდება ის.
თათუკა: არც ისე პატარა გოგო ვარ, უკვე 39 წელი შემისრულდა. დიდი ხანია, კომპიუტერთან ვმეგობრობ, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ რომელიმე სოციალური საიტის მეშვეობით ვინმე გამეცნო. თუმცა, ინტერნეტმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ დღეს „ფეისბუკში“ საკმაოდ სოლიდური ასაკისა და გარეგნობის მამაკაცი დამეკონტაქტა. რაღაც ისეთი მკითხა, რომ პასუხი გავეცი. ისევ მომწერა, ისევ ვუპასუხე და კარგა ხნის განმავლობაში ვიმესიჯეთ. ასე დაიწყო ჩვენი ხანგრძლივი მიმოწერა და ურთიერთობა. ისე შევეჩვიე, რომ მის გარეშე ვეღარ ვძლებდი.
– მანამდე არ გქონიათ შემთხვევა, ვინმეს სოციალური ქსელით დამეგობრებოდით?
– არა და სწორედ მიკვირდა საკუთარი თავისგან. შეხვედრას მთავაზობდა და არც მე ვიყავი უარზე, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ის სხვა ქალაქში ცხოვრობდა და ან მე უნდა ჩავსულიყავი მასთან, ან ის უნდა ჩამოსულიყო. ორივე ვმუშაობთ, დაკავებული ადამიანები ვართ და ვერა და ვერ ვახერხებდით, რომ ერთსა და იმავე დროს ვყოფილიყავით თავისუფალი. ერთხელ თბილისში ჩამოვიდა და დამირეკა, აქ ვარ და შენი ნახვა მინდაო, მაგრამ ვინაიდან წინასწარ არ შემითანხმდა, ძალიან გავბრაზდი და შეხვედრაზე უარი ვუთხარი. ისიც ძალიან გაბრაზდა, ამხელა გზა გამოვიარე, რომ შენთვის სიურპრიზი მომეწყო, შენ კი ასე ცუდად მექცევიო, მაგრამ პრინციპს არ ვუღალატე და არ შევხვდი.
– ურთიერთობაში პრინციპების მკაცრად დაცვა არ არის რეკომენდებული.
– ახლა ეს უკვე ვიცი და ძალიან ბევრი ვიდარდე, ასე სულელურად რომ მოვიქეცი. ცოტა ხნით ჩვენი ურთიერთობა შეწყდა, რადგან ასეთი მოქცევა ვერ მაპატია. აქა-იქ თუ მომწერდა ერთ-ორ სიტყვას და მომიკითხავდა, ეგ იყო და ეგ. ძალიან განვიცდიდი, რადგან დამაკლდა. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა და მისი მხრიდან ასეთ ცივ დამოკიდებულებას ძალიან მტკივნეულად განვიცდიდი, მაგრამ ამის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი და როგორც თვითონ იქცეოდა, მეც ისე ვპასუხობდი. ერთ დღეს მის ქალაქში ნათესავის ქორწილში დამპატიჟეს. ძალიან გამიხარდა, რადგან მიზეზი გამოჩნდა, რომ მენახა. ვუთხარი, რომ მის ქალაქში ქორწილში ვაპირებდი ჩასვლას. მითხრა, თუ სურვილი გექნება, დამირეკე და შეგხვდებიო. საგანგებოდ გამოვიპრანჭე და გავემგზავრე. გზაში დამიმესიჯა, ქალაქს რომ მოუახლოვდები, დამირეკე და დაგხვდებიო. გული გამალებით მიცემდა – იმ ადამიანს უნდა შევხვედროდი, რომელსაც მხოლოდ სურათით ვიცნობდი და მაინც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის... პირველივე წუთებიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. რესტორანში წავედით. ისე მომეწონა მის გვერდით ყოფნა, რომ ლამის ქორწილში წასვლა გადავიფიქრე. გამიჭირდა მასთან განშორება, თუმცა, თვითონ მითხრა, რამდენიმე საათით გემშვიდობები, მოგვიანებით ისევ გნახავო.
საღამოს დამირეკა და ქორწილიდან ძალით წამომიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მასთან ერთად პრესტიჟული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ამოვყავი თავი. ცოტა თავპატიჟი კი დავიდე, რადგან მიმაჩნდა, რომ პირველივე შეხვედრაზე მასთან ღამის გათევაზე დათანხმება არ ღირდა, მაგრამ იმდენი ქნა, რომ დამითანხმა. დილით რომ გავიღვიძე, ძალიან ვინანე, ასე რატომ მოვიქეცი-მეთქი, მაგრამ თვითონვე დამამშვიდა და ცოტა დავწყნარდი. მეორე დღეს შინ დავბრუნდი და გულს მიღრღნიდა ის ფაქტი, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. მის ზარს ველოდი. თუ არ დარეკავდა, გასაგები იქნებოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა იქ დასრულდა, სასტუმროს ნომერში.
– თქვენი სურვილის გარეშე ხომ არ მომხდარა ეს ურთიერთობა. ნდობა იმიტომ არ გქონდათ, რომ სოციალური ქსელით გაიცანით?
– დიახ. ვფიქრობდი, ჩემნაირად გაცნობილი კიდევ ეყოლება ქალები-მეთქი. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მასთან სიახლოვე მეც მინდოდა. საღამოს დამირეკა. მისი ნომრის დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ხელახლა დავიბადე. მითხრა, თბილისში ვარ, უშენოდ ვერ გავძელი და გამოდი, უნდა გნახოო. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტია გასული. ჩვენი სიყვარული კი დღითი დღე ძლიერდება და ურთიერთობაც უფრო მყარდება. მართალია, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და ჩვენ შორის მანძილი 200 კილომეტრია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენს ურთიერთობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ახლავე ვნერვიულობ იმის გამო, რომ ოდესღაც ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდება.
– რატომ ცოლ-შვილი ჰყავს?
– არავინ მყავს შენს მეტიო, მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არ მთავაზობს ურთიერთობის გაოფიციალურებას, რას ელოდება? ამაზე სიტყვაც არასდროს დასცდენია. გვერდით ჰყავთ პარტნიორები და ისინი ახერხებენ „გაძვრომას“, ასე, დისტანციაზე სიყვარული კი მყარი რამდენ ხანს იქნება და რამდენად სანდოა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან