გულახდილი საუბრები

გამოსწორდება თუ არა მოღალატე ქმარი და რა ფორმით არსებობს ოჯახი ღალატის შემდეგ

№34

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.09

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არსებობს ოჯახი ღალატის შემდეგ? როგორც უნდა შევხედოთ, ასეთი საქციელის პატიება ძალიან ძნელია. ერთეული შემთხვევებია, როცა მოღალატე ხვდება თავის დანაშაულს, აწუხებს სინდისი, ინანიებს და აღარასდროს იყურება სხვისკენ. უფრო ხშირად კი ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება. ოჯახში, სადაც საყვარელმა ადამიანმა მეორე მოატყუა და უღალატა, ნდობა ქრება. ოდესღაც ახლობელი ადამიანები, დროთა განმავლობაში, ერთმანეთს სულ უფრო შორდებიან. ვიღაც კი ქორწინებას ბავშვების გამო ინარჩუნებს. რამდენად სწორია ასე მოქცევა, როცა იგებ, რომ ქმარმა გიღალატა, რთული სათქმელია. უფრო ხშირად შვილების სიყვარული ოჯახის მთლიანობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე.

თიკუნა (38 წლის): 12 წელია, გათხოვილი ვარ. ორი შვილი გვყავს. რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ქმარი უკვე 3 წელია, მღალატობს. რა თქმა უნდა, საშინელი რეაქცია მქონდა. შემეშინდა, რომ მიმატოვებდა და მასთან წავიდოდა. ვიტირე. ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ მითხრა, რომ ჩემთან რჩებოდა, რომ მე ვუყვარდი და მასთან არაფერი აკავშირებდა... და მეც ვაპატიე. სამი კვირის წინ კი, სრულიად მოულოდნელად, როცა უკვე ვცდილობდი, მომხდარი დამევიწყებინა, მითხრა, რომ დაშორება უნდა. აუცილებელი ნივთები ჩაალაგა და თქვა, რომ დანარჩენს მერე წაიღებდა.

– დაშორდით?

– რეალურად ასე უნდა იყოს, ის ხომ საყვარელთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ რაღაც არანორმალური ურთიერთობა გამოგვდის. დროდადრო, ვითომ, ნივთების წასაღებად მოდის და, როცა მოდის, სექსი გვაქვს. ვიცი, რომ ეს არასწორია და მიუხედავად იმისა, რომ ის სხვასთან წავიდა, მაინც მიყვარს.

– ალბათ, ფიქრობთ, რა მოხდა, თუ ის ჯერ მაინც თქვენი ქმარია?

– დიახ. რაღაც ასეთი ფიქრები მაქვს. სხვათა შორის, განქორწინება არ უთხოვია, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, მისი გაშვება არ მინდა.

– მზად ხართ ასეთი ცხოვრებისთვის? მზად ხართ, ხან მასთან იყოს, ხან თქვენთან?

– საქმე ისაა, რომ მე ძალიან ვარ შეჩვეული ქმართან ერთად ცხოვრებას და მის სულ წასვლას ასე მირჩევნია, ნაკლებად ვნერვიულობ და იმედი მაქვს – იქნებ, თავის გრძნობებში ვერ გაერკვია და ფიქრობს, რომ ორივე ვუყვარვართ? იქნებ არჩევანი ისევ ჩემზე გააკეთოს?

– არ ფიქრობთ, რომ ეს დამოკიდებულებას ჰგავს?

– შეიძლება. მე ქმარს ვაპატიე, როცა იგი ღალატში გამოტყდა. მაგრამ არ მინდა, რეალობა ისეთად მივიღო. როგორიც არის. მგონია, რომ მე უფრო მეტად ვუყვარვარ. დიახ, ღალატი არის ტრავმა, რომელიც ქმარმა მომაყენა. სულელი არ ვარ, ვხვდები იმასაც, რომ ბავშვური მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელთანაც ამდენი წელი ვიცხოვრე, ხელს მიშლის სიტუაციის რეალურად შეფასებაში. ალბათ, ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ.

– გამოსავალი არსებობს – განქორწინება. ქმრის ნივთები ერთ დიდ ჩემოდანში უნდა ჩაალაგოთ და კართან დადოთ.

– დიახ. ბევრი მეუბნება, რომ ეს ტოქსიკური ურთიერთობაა და რომ ერთ-ერთმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, თორემ სიტუაცია ძალიან ცუდად შემომიბრუნდება და თავს გაცილებით ცუდად ვიგრძნობ. რა ვქნა, არ შემიძლია. ეს მაინც ჩემი ოჯახია და უნდა გადავარჩინო. გაუვლის და ისევ დაბრუნდება. აბა, რატომ მოდის, თუკი აღარ ვუყვარვარ.

– იქნებ, ფსიქოთერაპევტის ჩარევაა საჭირო და ამ სიტუაციის ერთად განხილვა.

– ფსიქოლოგი მეტყვის, რომ უნდა დავფიქრდე იმაზე, რომ ჩემი ვნებიანი ქმარი არის გარყვნილი, რომელსაც ერთი ქალი არ ჰყოფნის, არ ზრუნავს თავის შვილებზე და, დიდი ალბათობით, ისინიც ისევე არ ადარდებს, როგორც ცოლი. ანუ მე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ განვქორწინდებით მაშინ ბავშვებზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო.

– იქნებ მიხვდეთ, რომ ამ ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე სხვა გზა არსებობს. გაწყვეტთ ტოქსიკურ ურთიერთობას.

– არ შემიძლია. ეს გამოჯანმრთელების რთული და ხანგრძლივი პროცესია. მყავს მეგობრები, რომლებმაც ვერ მოითმინეს და დაანგრიეს ოჯახი. არ არიან ბედნიერები და ნანობენ. ეტყობა, ოპტიმისტი ვარ. და მოთმინებით ველოდები ჩემი ქმრის აზრზე მოსვლას და ამ კოშმარის დასრულებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...